ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ, მერიის თეთრ დარბაზში წყალბურთელების ნაკრებს უმასპინძლა. შეხვედრაზე მერმა ახალი ინციატივა გააჟღერა და ნაკრებს შეჯიბრებებზე ქუთაისის დროშით ასპარეზობა შესთავაზა. ნაკრებმა მიიღო დაპირება, რომ მოწესრიგდება სპორტული ინფრასტრუქტურა და მე-15 სკოლის ბაზაზე მათთვის ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი მოეწყობა: ,,ქუთაისში საჯილდაო ქვად იყო ქცეული სპორტული საცურაო აუზის არარსებობის თემა. ჩვენ დავპირდით მათ, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით, ეს იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ქუთაისის თვითმმართველობისთვის. სულ ცოტა ხანში, ჩვენ გვექნება ახალი ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი ქუთაისში,“ - განაცხადა ქალაქის მერმა გიორგი თევდორაძემ.
ქუთაისის წყალბურთელთა უმცროსი ასაკის ნაკრებმა, რამდენიმე დღის წინ, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. გუნდმა, საქართველოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ,,თბილისის გუნდებს შევხვდით ფინალურ ტურში. მოვიგეთ სერიოზულ გუნდებთან და მესამე ადგილი დავიკავეთ. ძალიან დიდი წარმატებაა იმ ფონზე, რომ ეს გუნდი დაახლოებით 8 თვეა რაც შეიქმნა. ქუთაისში, 20 წელია საცურაო აუზები არ ფუნქციონირებდა და ,,ლაგუნას” გახსნის შემდეგ, იქ დავიწყეთ ვარჯიში. საკუთარი აუზი არ გვაქვს, თუმცა მერი დაგვპირდა პრობლემის გადაწყვეტას“, - აღნიშნა წყალბურთში საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა გიორგი ქუთათელაძემ.
,,რამდენიმე თვეა, რაც წყალბურთის ნაკრებში ვარჯიშობ და შეჯიბრებებში ვმონაწილეობ. მართალია, ვარჯიშისთვის საკმარისი დრო და პირობები ჯერ არ გვაქვს, თუმცა, საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებებს მაინც მივაღწიეთ,“ - ამბობს ქუთაისის წყალბურთელთა გუნდის კაპიტანი გიორგი ცხაკაია.
ქუთაისში წყალბურთელთა ნაკრები წელიწადნახევარია, რაც არსებობს და მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს. უმცროსი ასაკის ნაკრებში 1998-2000 წლიანი ბავშვები ირიცხებიან, უფროსი ასაკის ნაკრებში კი, 1996-1997 წლიანი ახალგაზრდები.
ქალაქის მერი, დღესვე, სტრონგმენ კოტე ჯანაშიასაც შეხვდა და საჩუქრად მობილური ტელეფონი გადასცა. სტრონგმენმა, 20 ქვეყანას შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, მეხუთე ადგილი დაიკავა, მსოფლიო რეიტინგით კი ის პირველ ადგილზეა.
ხათუნა მაისურაძე
No comments:
Post a Comment