ხვალ, 14 მარტს ქუთაისში, კონტროლის პალატაში დაკითხვაზე „რესპუბლიკური პარტიის“ კიდევ 5 წევრს ელოდებიან. როგორც მოქალაქეები ამბობენ, ამ ეტაპზე უცნობია, საქმე მხოლოდ კონტროლის პალატაში ვიზიტითა და დაკითხვით შემოიფარგლება, თუ მას მსვლელობა კიდევ მიეცემა.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრთა დაკითხვა ქუთაისის კონტროლის პალატაში დღეს დაიწყო. 13 მარტს, უწყებაში 12 ადამიანი სხვადასხვა დროს დაიბარეს. როგორც პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნატო ქათამაძე ამბობს, თითოეული მათგანის დაკითხვა 3–4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი თქმთ, კონტროლის პალატაში იმყოფებოდნენ დაცვის პოლიციის საქალაქო სამსახურისა და ამავე სამსახურის სამხარეო სამმართველოს წარმომადგენლები. ასევე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
„19 წლის გოგონას თეონა ფხაკაძეს 3 საათის განმავლობაში კითხავდნენ. პარტიის წევრებს ეკითხებიან, როდის, რა ვითარებაში გაიცნეს ნატო ქათამაძე. გარდა ამისა, ეუბნებიან, რომ თუ ნატოში ინტეგრაცია, ნორმალური ქვეყანა სურთ და არა პუტინის ქვეყანა, „რესპუბლიკური პარტიიდან“ უნდა წამოვიდნენ. ამ ადამიანებს აიძულენებენ მათთან თანამშრომლობას, თან ეუბნებიან, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ. უნდათ, ის ათქმევინონ, რაც მათ აწყობთ. ერთ–ერთ მათგანს თანამშრომლობის სანაცვლოდ დასუფთავების სამსახურში შესთავაზეს სამსახური,“ – ამბობს ნატო ქათამაძე.
კონტროლის პალატიდან უწყება „რესპუბლიკური პარტიის“ 14–მა წევრმა 11 მარტს მიიღო. აქედან 2 – პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას წარმოადგენს. როგორც ქათამაძე ამბობს, დღეს ბრალდებული რესპუბლიკელების რიცხვი კიდევ 5 ადამიანით გაიზარდა. მათი ნაწილი დღეს კონტროლის პალატაში ადვოკატის თანხლებით მივიდა. ერთ–ერთი მათგანის ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის იურისტიც იცავს. პარტიის ერთმა წევრმა თბილისში, კონტროლის პალატის სათაო ოფისში გააგზავნა წერილი და ვითარების ახსნა ითხოვა.
„ მე წაკითხული მაქვს 1937 წლის ისტორია და მე მგონი ასეთი რამ, რომ ადამიანს გამოხატვისა და არჩევანის თავისუფლება ეზღუდებოდეს, იმ დროს არ ყოფილა. არც ერთ მათგანს არავითარი დანაშაული ჩაუდენია, მითუმეტეს ფინანსური მაქინაცია," – ამბობს ნატო ქათამაძე.
ქრისტინა ქარჩხაძე
No comments:
Post a Comment