ქუთაისის თვითმმართველობა მის საკუთრებაში არსებული 46 კვ.მეტრი ტერიტორიის თაობაზე დავას 2 წელზე მეტია ვერ აგვარებს. დავის საგანი ნოდარ დუმბაძის (ყოფილი ნინოშვლის) ქუჩაზე მდებარე მცირე სკვერი და მისი მიმდებარე ტერიტორიაა. მოდავე მხარეები კი ამავე ტერიტორიაზე მცხოვრები მეზობლები არიან.
სკვერი, რომელსაც სახელწოდება არ აქვს, ამჟამად ადგილობრივი თვითმმართველობის მფლობელობაშია. მოქალაქე ალერა ინჯიას მტკიცებით სკვერის მითვისება მის მეზობელს - ელენე ფერაძეს სურს.
სკვერისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის (ჩიხი) თაობაზე დავა მხარებს შორის რამდენიმე წელია გრძელდება. ინჯია და ფერაძე 2008 წლამდე საერთო საცხოვრებელ ეზოში ცხოვრობდნენ, თუმცა სასამართლოს ბრძანების თანახმად, ეზო გაიყო და ტერიტორიის 172 კვ.მეტრი ფართი ჩიხისთვის გამოიყო. ხოლო 45 კვ.მეტრი ფართი (სკვერი) გაყოფის შედეგად ელენე ფერაძის საცხოვრებელი სახლის წინ მოექცა. სამაგიეროდ, ინიჯიასა და ფერაძის საცხოვრებელი ფართები ერთიდაიგივე მისამართზე დარჩა რეგისტრირებული (დუმბაძის №21).
2011 წლის 27 ივლისის ქუთაისის საკრებულოს №182-ე განკარგულებით, ინჯიას სახლს და ჩიხს (ინჯიას განცხადების საფუძველზე) ნუმერაცია შეეცვალა. განკარგულების თანახმად, ალერა ინჯიას დუმბაძის 1 ჩიხის N3 მიანიჭეს, ხოლო ფერაძეს ძველი მისამართი - დუმბაძის №21 დარჩა. ალერა ინჯია ითხოვს, რომ ფერაძის სახლსაც ახალი ნუმერაცია მიენიჭოს. „მის საცხოვრებელ ტერიტორიას აქვს მხოლოდ ერთი შესასვლელი ჩიხიდან, წინ კი სკვერია განთავსებული. შესაბამისად, მისი სახლიც ჩიხს ეკუთვნის. ამიტომ, ვითხოვ მიენიჭოს ფერაძის სახლს – დუმბაძის პირველი ჩიხის №1. ფერაძეს არსებული მდგომარეობა აწყობს, რადგან მარტივად შეუძლია მიითვისოს სკვერის ტერიტორია. ჩემი ინტერესი არ არის მეზობელი, ჩემი ინტერესია სკვერი, რომ ის შენარჩუნდეს,“ – ამბობს ალერა ინჯია.
ელენე ფერაძის მტკიცებით, უკვე რამდენიმე წელია სკვერი ხელუხლებელია და არანაირი მითვისების მცდელობა მას არ ქონია. „ეს მისი ფანტაზიის ნაყოფია. არც ვაპირებ სკვერის მითვისებას. მასთან დავაში უკვე დავიღალე. მისამართს არ შევიცვლი ინჯიას ახირების გამო, იმიტომ რომ ამ მისამართზე წლებია რეგისტრირებული ვარ“, – აღნიშნა ელენე ფერაძემ.
დუმბაძის ქუჩის მცხოვრებთა თქმით, ვითარების გასარკვევად ადგილზე არაერთხელ იმყოფობოდნენ ქუთაისის ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები, მაგრამ დავა წლებია მოუგვარებელი რჩება. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაცი აქვთ, თუმცა: „ჩვენ არ გავქვს უფლება ნუმერაცია შევუცვალოთ მოსახლის საცხოვრებელ ფართს, თუ ამის შესახებ განცხადება მან თავად არ დაწერა. ამ ეტაპზე მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს დამისამართების პროექტი. სკვერი კი ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაა, შესაბამისად, მას კანონი იცავს. ჩემი აზრით, ეს დავა სამეზობლოა,“ – აღნიშნა ქუთაისის საკრებულოს საქალაქო მურნეობის კომისის თავმჯდომარემ მერაბ მეშველიანმა.
თეო ხარაბაძე
No comments:
Post a Comment