Sunday, December 27, 2009

ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დეტალები


"ახალი გაზეთი" მთელი გასული კვირის მანძილზე იკვლევდა, თუ რა მოხდა 19 დეკემბერს ქუთაისში? რატომ დასრულდა მსხვერპლით ქუთაისში "დიდების მემორიალის" დემონტაჟი? ვინ იყო პასუხიმგებელი უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე? რატომ და ვისი ბრძანებით დაჩქარდა ძეგლის აფეთქება? რა რეაგირება მოჰყვა ხელისუფლებისა და გამოძიების მხრიდან მომხდარ ფაქტს? ამ საკითხებზე პასუხები ნახეთ ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების პირველ ნაწილში:

19 დეკემბერი თვითმხილველების მონათხრობში
სოსო ჯინჭარაძე ირაკლი აბაშიძის გამზირზე, "დიდების მემორიალის" მოპირდაპირე მხარეს მდებარე რვასართულიანი კორპუსის მე-6 სართულზე ცხოვრობს. იმ დღეს, 19 დეკემბერს, სოსო სამუშაოდ წავიდა. შინ მეუღლე - ეკა ცუცხვაშვილი და ორი მცირეწლოვანი (11 წლის და 8 წლის) შვილი დატოვა. ეკა სამზარეულოში სადილს ამზადებდა, როდესაც ქუჩაში საყვირებით დაიძახეს, რომ მოსალოდნელი აფეთქების გამო მოსახლეობას საცხოვრებელი სახლები დაეცალა. ეკამ სადილის მომზადება მიატოვა და შვილებთან ერთად კორპუსის ეზოში ჩავიდა და ერთ-ერთ ავტოფარეხთან დადგა, შვილებთან და მეზობლებთან ერთად. რამდენიმე წუთში (16:00 საათზე) აფეთქების ხმა გაისმა. აფეთქებისთანავე მემორიალის ბეტონის თაღის ნასხვრევები მოპირდაპირე მხარეს, კორპუსების მიმართულებით გადმოიყარა. იმავდროულად, იმ ავტოფარეხთან, სადაც ეკა და მისი 11 წლის შვილი - ნინო ჯინჭარაძე იმყოფებოდა, სისხლის გუბე დადგა. დედა-შვილს ბეტონის ნამსხვრევები თავის არეში მოხვდა. ნინო შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ეკა კი - საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ.
"ეს ჩემი რძალი და ძმის შვილი ხომ დაუტნიეს "სურამის ციხეს"?! ააშენოს ახლა და გაიხაროს! ვინც უნდათ, ის დასაჯონ, მე რაღა მეშველება?" - ამბობს ეკა ცუცხვაშვილის მული - ნინო ჯინჭარაძე. იგი იმავე კორპუსში, ოღონდ მე-8 სართულზე ცხოვრობს. 19-ში მომხდარ ტრაგედიას ნინო ასე იხსენებს: "აივანზე რომ გავიხედე, ჩამოდი, ქალბატონო, რას ელოდებიო? ეზოში არ გაგვაჩერეს, თორემ აგერ ხომ ვიქნებოდი, იქით რატომ წავიდოდი? წავედით იქით, ბაღისკენ და წამოვიდა ქვების წვიმა. სხვებსაც მოხვდა ეს ქვები, მაგრამ ჩემებს საფეთქლებში მოხვდა და ასეთი უბედურება დამემართა."
ძეგლის აფეთქების დღეს იხსენებს ჯინჭარაძეების მეზობელი მალვინა თედიაშვილიც: "ჩვენ მანამდე გაგვაფრთხილეს, რომ 21-ში უნდა მომხდარიყო აფეთქება, მაგრამ ასე უცებ, 19-ში რატომ გადაწყვიტეს აფეთქება, არ ვიცი: მოვიდა პოლიცია, დაცალეთ სახლებიო, აფეთქება იქნებაო, პრობლემა არ იქნებაო, ოღონდ, გარეთ გამოდით და ფანჯრები ღია დატოვეთო. მართლაც გამოვედით გარეთ და სულ ნახევარ საათში ატყდა წივილ-კივილი იქით, ეზოში. ვინ როგორ გარბოდა და რა პანიკა იყო, ენით ვერ აღვწერ."
19 დეკემბერს, მემორიალის აფეთქების თვითმხილველები ჩვენთან საუბარში აცხადებდნენ, რომ მოსახლეობის გაფრთხილება მუნიციპალიტეტის და პოლიციის თანამშრომლებმა აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყეს. მოსახლეობას უთხრეს, რომ კორპუსები დაეცალათ და კურპუსის უკან, ეზოებისკენ შეეფარებინათ თავი. თუმცა, მეორე დღეს, როდესაც ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ მსხვერპლი მოსახლეობის ცნობისმოყვარეობამ გამოიწვია (რომლებიც, თურმე, არ დაემორჩილნენ გაფრთხილებას და კორპუსების სახურავებზეც კი აძვრნენ, რომ ძეგლის აფეთქება მობილური ტელეფონებით გადაეღოთ), ნაციონალურ სატელევიზიო არხებზე ორი ქალბატონი (ოპოზიციის ინფორმაციით, ისინი "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები არიან) გამოჩნდა, რომლებიც გულზე მუშტებს იბრახუნებდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ პოლიციამ და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა ისინი 10 დღით ადრე გააფრთხილეს მოსალოდნელი აფეთქების თაობაზე. მაგრამ არ გაითვალისწინეს ეს გაფრთხილება და ამან - მოსახლეობის მხრიდან გაუფრთხილებლობამ და ურჩობამ - გამოიწვია 2 უდანაშაულო ადამიანის დაღუპვა. იგივე ქალბატონები იხილა ტელეეკრანებიდან სრულიად საქართველომ 21 დეკემბერსაც, ოპოზიციის წარმომადგენლებთან "შერკინების" პროცესში. ისინი იგივეს გაჰკიოდნენ - რომ "პოლიციამ და მუნიციპალიტეტმა ხუთიანზე იმუშავა" და მოსახლეობა მოსალოდნელი აფეთქების თაობაზე 10 დღით ადრე გააფრთხილა. ანუ თუ ამ ადამიანების სიტყვებს დავუჯერებთ, გაფრთხილება მოსახლეობას 9 დეკემბერს უნდა მიეღო მაშინ, როცა ძეგლის დემონტაჟზე მუშაობა 12 დეკემბერს დაიწყო ქუთაისში და იმავე დღეს იქ დასაქმებულმა მუშებმა ჩვენთან საუბარში განაცხადეს, რომ ძეგლის აფეთქება 21 დეკემბერს, პრეზიდენტის დაბადების დღეს შედგებოდა. ასეთი დირექტივა ჰქონდათ მათ მიღებული დამქირავებლების მიერ.

19 დეკემბერი - გამოძიების ვერსიაში
მემორიალის აფეთქების შედეგად დედა-შვილის დაღუპვის გამომწვევ მიზეზებს საქართველოს მთავარი პროკურატურა იკვლევს. პირველი განცხადება 19 დეკემბერსვე მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ გააკეთა: "2009 წლის 19 დეკემბერს ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, კერძო კომპანია სს "საქფეთქმრეწვმა" ჩაატარა სადემონტაჟო სამუშაო, რასაც მოჰყვა მსხვერპლი, გარდაიცვალა 2 ადამიანი. წინასწარი მონაცემებით, ტრაგედიის მიზეზი გახდა უსაფრთხოების წესების დარღვევა. ამ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. გამოძიებას აწარმოებს მთავარი პროკურატურის სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი. ყველა პირი, რომელსაც ბრალი მიუძღვის აღნიშნულ ქმედებაში, მიეცემა პასუხისგებაში," - განაცხადა მან. მეორე დღეს პროკურატურამ პირველი ეჭვმიტანილის დაკავების თაობაზე გამოაცხადა. პროკურატურის ინფორმაციით, სს "საქფეთქმრეწვის" ტექნიკური დირექტორი ავთანდილ დარსაველიძე უშუალოდ იყო პასუხისმგებელი სადემონტაჟო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დაცვაზე, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული. კერძოდ, უხეშად დაირღვა კანონით დადგენილი ნორმატივები, რომლითაც რეგულირდება ასეთი ტიპის სამუშაოებისას უსაფრთხოების წესები. იმავე დღეს დაინიშნა ტექნიკური ექსპერტიზა, რასაც 22 დეკემბერს პროკურატურის მორიგი განცხადება მოჰყვა: მთავარი პროკურატურის სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა კიდევ ორი პიროვნება მისცა პასუხისგებაში - "საქფეთქმრეწვის" ქუთაისის უბნის უფროსი ელგუჯა გაბადაძე და "საქფეთქმრეწვის" თბილისის უბნის უფროსი თენგიზ დარახველიძე. სამივე დაკავებულს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონიძიების სახით უკვე შეეფარდათ პატიმრობა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წაეყენათ.
"მათ არ განსაზღვრეს უსაფრთხოების ზონა, რის გამოც მოსახლეობის ევაკუირება განხორციელდა 211 მეტრიან რადიუსზე, ნორმატივებით განსაზღვრული მინიმუმ 300 მეტრიანი რადიუსის ნაცვლად. ტრაგიკული შემთხვევა კი სწორედ ასაფეთქებელი ობიექტიდან 273,5 მეტრში დაფიქსირდა. გარდა ამისა, სამუშაოთა მწარმოებლები ვალდებული იყვნენ ასაფეთქებელი მოედანი შემოეფარგლათ სპეციალურად მომზადებული საფარი ნაგებობებით, ე.წ. მიწაყრილებით. ეს მოთხოვნაც, მხოლოდ ნაწილობრივ იქნა დაცული. კერძოდ, 9-10 მეტრის სიმაღლის მიწაყრილის ნაცვლად, გაკეთდა მხოლოდ 4 მეტრის სიმაღლის საფარი, რაც არ იყო საკმარისი აფეთქების შედეგად გამოტყორცნილი ქანების შესაკავებლად. საგამოძიებო ჯგუფის წინასწარი დასკვნით, სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები გახდა ტრაგედიის ძირითადი მიზეზი," - ასეთი გახლავთ მთავარი პროკურატურის აქამდე არსებული განმარტება ქუთაისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.

19 დეკემბერი - პოლიტიკური პასუხისმგებლობის ჭრილში
19 დეკემბერს, ტრაგედიიდან 6 საათში, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქუთაისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით იმერეთის გუბერნატორს მიხეილ ჩოგოვაძეს დაეკისრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ პირდაპირ სატელევიზიო ეთერში აუწყა მოსახლეობას, რომ მიხეილ სააკაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მიხეილ ჩოგოვაძე. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის კანცელარიაში ჯერ-ჯერობით არ გააჩნიათ ოფიციალური დოკუმენტი (ბრძანება) ჩოგოვაძის გათავისუფლების თაობაზე. გუბერნატორის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზეინაბ ხაჩიძის ინფორმაციით, მიხეილ ჩოგოვაძემ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. თუმცა, რატომ დადგა მიხეილ ჩოგოვაძის პასუხისმგებლობის საკითხი მაშინ, როცა პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, შემსრულებელი ფირმა ქუთაისის მერიამ დაიქირავა, ამაზე პრეზიდენტმა განმარტება 25 დეკემბერს ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში გააკეთა: "რწმუნებული არის თვალი და ყური პრეზიდენტის, ყველა შემთხვევაში, ის არის პასუხიმგებელი, არის თუ არა პირადად მისი უშუალო მონაწილეობა. იმიტომ, რომ ის არის იქ, ადგილზე, ნეტავ, მე ვყოფილიყავი იქ, მე უფრო დავინახავდი რაღაცას," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ქუთაისის მერიის საქმიანობაზე კონტროლი საკრებულოს უშუალო პრეროგატივაა, თუმცა რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, საკრებულოს ამის თაობაზე არც სხდომა მოუწვევია და არც აღმასრულებელი ხელისუფლებისგან მოუთხოვია ოფიციალური განმარტება.
"ვერავითარ ანგარიშზე ვერავითარ პასუხს ვერ გაგცემთ, ეს არის ტკივილი ქალაქის, პირველ რიგში, ოჯახის. ასეთ შემთხვევაში, პასუხისმგებლობის საკითხს წყვეტს შესაბამისი ორგანოები," - განაცხადა ჩვენთან საუბარში ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა.
გასულ კვირას საკრებულო მხოლოდ ერთი მოტივით შეიკრიბა, რომ ქალაქის ახალი მერი დაემტკიცებინა. ჩვენ ახლადარჩეულ მერსაც მივმართეთ იგივე შეკითხვით, დაინტერესდებოდა თუ არა მერიის თანამშრომლების როლის გამორკვევით 19 დეკემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რაზეც გია თევდორაძისგან ასეთი პასუხი მივიღეთ: "ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, მე ვიცი, რომ კონკრეტული სტრუქტურები, უფრო კომპეტენტური ხალხი არის დაინტერესებული ამ საკითხით და ისინი გაარკვევენ, ვისი ბრალეულობაა, ვინ არის დამნაშავე და ვინ უნდა დაისაჯოს."

19 დეკემბერი - სამთავრობო დოკუმენტაციის ჭრილში
12 დეკემბერს, როდესაც ქუთაისში მემორიალის დემონტაჟი დაიწყო, ჩვენ, პირველ რიგში, ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებს დავუკავშირდით: მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა გიზო თავაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ მარგველაშვილმა, საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა კახა ნემსიწვერიძემ ჩვენთან საუბარში არ დამალეს, რომ ამის თაობაზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობდნენ და აცხადებდნენ, რომ ძეგლის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მიმღების თაობაზე არაფერი იცოდნენ. ამის შემდეგ ჩვენ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს ზაზა ნუცუბიძეს მივაკითხეთ, რომელმაც 18 დეკემბერს, ჩვენთან საუბარში განაცხადა: "ძეგლის დემონტაჟს მოითხოვს პარლამენტის მშენებლობა. მთავრობის განკარგულებით, ქუთაისისთვის გამოყოფილია თანხა, რომელიც უშუალოდ ამ პარლამენტის შენობის აშენების, დაპროექტების, დემონტაჟის და სხვა მოსამზადებელი სამუშაოებისთვის საჭიროა. ეს მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია შესაბამისი აქტებით და შესაბამისი ხელშეკრულებებით. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რათა განხორციელდეს ის, რასაც ჰქვია ქუთაისში საპარლამენტო სხდომების ჩატარება." მეტი განმარტების მოცემა ზაზა ნუცუბიძე აღარ ისურვა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გვირჩია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად გვემოქმედა. 18 დეკემბერს ჩვენ ქუთაისის მერიას მივმართეთ ოფიციალური წერილით, თუ ვისი ბრძანებით ხორციელდებოდა ძეგლის დემონტაჟი და ვინ დაიქირავა აღნიშნული სამუშაოების შემსრულებელი ფირმები? საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა გვითხრა, რომ ამ ინფორმაციას, ორშაბათს, 21 დეკემბერს მივიღებდით, თუმცა 19-ში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა და ამ ინფორმაციის მიღება უკვე შეუძლებელი აღმოჩნდა. 22 დეკემბერს ქუთაისის მერიამ წერილობით განგვიმარტა, თუ რის გამო გახდა შეუძლებელი ჩვენთვის ინფორმაციის მოწოდება: "დემონტაჟის დროს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ქ. ქუთაისის მერიაში არსებული დემონტაჟთან დაკავშირებული, ყველა დოკუმენტაცია (ბრძანება, ხელშეკრულება) კანონით დადგენილი წესით ამოღებულია საქართველოს პროკურატურის მიერ," - ნათქვამია წერილში. ქუთაისის მერიის აპარატში გავარკვიეთ, რომ პროკურატურამ ყველა დოკუმენტი (რასაც ჩვენ ვითხოვდით) 19 დეკემბერს ამოიღო მერიიდან.ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც მოვახერხეთ აღნიშნული დოკუმენტაციის მოპოვება და აი, რა გავარკვიეთ:
ქუთაისში მემორიალის დემონტაჟი საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის #915 განკარგულების საფუძველზე დაიწყო, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აწერს.
"ქ. ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის დაპროექტების, სამშენებლო მოედანზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის, სეისმური და გეოლოგიური კვლევების ჩატარების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის მერიას გამოუყოს 5 მილიონი ლარი," - ნათქვამია აღნიშნულ განკარგულებაში. იმავე განკარგულებაში მითითებულია, რომ სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, ხოლო განკარგულების შესრულებაზე კონტროლი დაევალათ სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორ მიხეილ ჩოგოვაძეს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
5 მილიონი ლარი ქუთაისის ბიუჯეტის ანგარიშზე 11 დეკემბერს ჩაირიცხა. 12 დეკემბერს დაიწყო ძეგლის დემონტაჟი ქუთაისში, რომელსაც აწარმოებდა თბილისური ფირმა "საქფეთქმრეწვი" და ქუთაისური "ლიტოკონსტრუქცია". თუმცა, როგორც ირკვევა, სამუშაოების შესრულება ისე დაიწყო, რომ შესაბამისი ხელშეკრულებები იმ დროისთვის არ იყო გაფორმებული. ხელშეკრულებები ქუთაისის მერიის სახელით ზაზა ნუცუბიძემ 16 დეკემბერს გააფორმა, თუმცა არა "საქფეთქმრეწვთან" (ეს ფირმა რეგისტრირებული ქ. თბილისში 1996 წლის 4 მარტიდან და მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკაში და მის საზღვარგარეთ ნებისმიერი ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები) და "ლიტოკონსტრუქციასთან", არამედ - შპს "საქმილსადენმშენთან" (ეს ფირმა რეგისტრირებულია ქ. წყალტუბოში). ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა შემდეგი: "ქ. ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე დიდების მემორიალის დემონტაჟის, შესაბამისი სამუშოებისა და მიღებული ნარჩენების გატანის უზრუნველყოფის (50კმ-ს ფარგლებში) განხორციელება". ამ სამუშაოსთვის შპს "საქმილსადენმშენს" 600 ათასი ლარი უნდა მიეღო ბიუჯეტიდან. ხელშეკრულების თანახმად, "საქმილსადენმშენი" იძლევა გარანტიას, რომ შეასრულებს სამუშაოს მაღალ ეფექტურად და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დადგენილი ნორმების დაცვით. ხოლო ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი ევალება ქ. ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს.

რა კავშირი აქვს "საქმილსადენმშენს" "საქფეთქმრეწვთან"?
ამ საკითხის გასარკვევად ჩვენ "საქმილსადენმშენის" დირექტორს ავთანდილ ლომთაძეს დავუკავშირდით და მისგან ეს ინტერვიუ ჩავწერეთ ტელეფონით:
- ჩვენ ხელშეკრულება გავუფორმეთ, როგორც ქვეკონტრაქტორ ფირმებს, "საფეთქმრეწვს" და "ლიტოკონსტრუქციას". ხელშეკრულება "საქფეთქმრეწვთან" გაფორმდა 91 700 ლარზე - ძეგლის აფეთქებისთვის, ხოლო "ლიტოკონსტრუქციასთან" - 2000 ლარზე, რადგან მათ უბრალოდ მუშები გამოყვეს, რომ ჩამოეხსნათ ლითონის კონსტრუქცია ძეგლიდან.
- რა ურთიერთობა გქონდათ ამ ფირმებთან მანამდე, როგორ შეარჩიეთ ისინი?
- ჩვენ არ შეგვირჩევია არავინ. მე რომ მივედი მერიაში ხელშეკრულების გასაფორმებლად, ეს ფირმები უკვე შერჩეული იყო.
- აბა, რატომ გაფორმდა თქვენთან ხელშეკრულება?
- გვთხოვა მერიამ, რომ ჩვენთან გაფორმებულიყო ხელშეკრულება, რადგან ეს "საქფეთქმრეწვი" თბილისური ფირმა იყო და ჩვენ - ადგილობრივი, ამიტომ გადაწყვიტეს ჩვენთან ხელშეკრულების გაფორმება.
- ვინ გთხოვათ კონკრეტულად, მერიის რომელმა თანამშრომელმა?
- გუბერნატორი ხელმძღვანელობდა ყველაფერს.
- მიხეილ ჩოგოვაძე?
- დიახ, ჩოგოვაძე.
- თქვენ რა ინფორმაცია გქონდათ, როდის უნდა აეფეთქებინა თქვენს ქვეკონტრაქტორ ფირმას ძეგლი?
- 21 დეკემბერს.
- და მაშინ რატომ მოხდა ძეგლის აფეთქება 19-ში? ვინ გასცა ეს ბრძანება?
- არ ვიცი, ეს ძალიან მოულოდნელად მოხდა, მე თბილისში ვიყავი და რომ ჩამოვედი, უკვე აფეთქებული იყო ძეგლი.
- თქვენთან ხელშეკრულება გაფორმდა 600 ათას ლარზე, მაგრამ როგორც თქვით, "საქფეთქმრეწვს" თქვენ ხელშეკრულება გაუფორმეთ 91 700 ლარზე, "ლიტოკონსტრუქციას" კი - 2000 ლარზე, დანარჩენი თანხა რას უნდა მოხმარებოდა?
- ბილბორდი იყო კიდევ გასაკეთებელი, რისთვისაც დაიხარჯა 19 ათას ლარზე მეტი, 8500 ლარი დაიხარჯა სეისმოლოგიურ სამუშაოებზე და ა.შ.
- თქვენს ფირმას რაიმე თანხა რჩებოდა ამ ფულიდან? რაიმე სამუშაო უნდა განგეხორციელებინათ თქვენ?
- ჩვენი სამუშაო იყო მიწის ბალიშის მოწყობა და გატანა.
- თქვენ ფირმას აქვს რაიმე გამოცდილება აფეთქებითი სამუშაობის წარმოების კუთხით?
- არა, არანაირი.
- თქვენ დაგკითხათ პროკურატურამ?
- დიახ.
- რა შეკითხვები ჰქონდათ თქვენთან პროკურატურის თანამშრომლებს?
- აინტერესებდათ, თუ ვინ იყო ტერიტორიიდან ხალხის გაყვანაზე პასუხისმგებელი.
- და ვინ იყო ამაზე პასუხისმგებელი? შემსრულებელი ფირმა?
- არა, მუნიციპალიტეტს უნდა გაეფრთხილებინა ხალხი.

19 დეკემბრის შემდეგ
ქუთაისის ბიუჯეტში მთავრობის განკარგულებით ჩარიცხული 5 მილიონი ლარიდან ჯერ მხოლოდ 200 ათასი ლარია დახარჯული. ეს თანხა "საქმილსადენმშენს" ავანსის სახით გადაერიცხა, საბანკო გარანტიის თანახმად. ქუთაისის მერიას კიდევ ერთი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული აღნიშნული 5 მილიონი ლარის გასახარჯად. მერიამ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ბათუმური ფირმა შპს "ტუოვი" შეარჩია ქ. ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობის მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორიის (ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე დიდების მემორიალის მიმდებარე ტერიტორია) საინჟინრო გეოლოგიური კვლევების განსახორციელებლად. აღნიშნულ ფირმას ხელშეკრულება 171 907.12 ლარზე აქვს გაფორმებული, თუმცა თანხა ფირმის ანგარიშზე გადარიცხული არ არის, ისე როგორც არ მიუღია ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა "საქმილსადენმშენს" (600 ათასიდან ამ ფირმას მხოლოდ 200 ათასი გადაერიცხა).
როგორც უკვე აღვნიშნეთ, შემსრულებელ ფირმებთან ხელშეკრულებებს მერიის სახელით ხელს აწერს მერის პირველი მოადგილე ზაზა ნუცუბიძე (იმ დროისთვის მერის მოვალეობის შემსრულებელი), რომელიც 24 დეკემბერს თანამდებობას გამოეთხოვა - ოფიციალური ინფორმაციით, საკუთარი განცხადების საფუძველზე.
მემორიალის აფეთქების შედეგად დაღუპული დედა-შვილი 24 დეკემბერს დაკრძალეს. "რატომ გაგვიყვანეს სახლიდან გარეთ? როცა მიწისძვრა იყო, მაშინ არ შემშინებია და არ გავსულვარ გარეთ, ამ მემორიალს თუ არ დაანგრევდნენ, კი იქნებოდნენ ისე. მეხი მაგენს! რისთვის? მიღირდა ეს ყველაფერი მაგის ფასად?" - ამბობს ნინო ჯინჭარაძე. გარდაცვლილთა ოჯახს ქუთაისის მერიის სარეზერვო ფონდიდან 12 500 ლარი გამოეყო დახმარების სახით.
საქართველოს პრეზიდენტი გარდაცვლილთა ოჯახში არც პანაშვიდების და არც დაკრძალვის დღეს გამოჩენილა. ის, რომ მიხეილ სააკშვილი "შეძრწუნებულია" ქუთაისში მომხდარი ტრაგედიით, მოსახლეობამ მისი ადმინისტრაციის პრეს-სპიკერის გადმოცემით შეიტყო, თუმცა "შეძრწუნებული" პრეზიდენტი ტრაგედიიდან მეორე დღეს ბათუმში გაემგზავრა, სადაც ის საღამოს 7 საათზე "გაზეთ ბათუმელების" ჟურნალისტებმა აღბეჭდეს ფოტოზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ერას მოედანზე ერთ-ერთი მომღერლის გამოსვლას ადევნებდა თვალს. თუმცა, როგორც "ბათუმელები" იუწყება, პრეზიდენტის დაცვის წევრებმა მათ ეს კადრი წააშლევინეს ფოტოაპარატიდან. პრეზიდენტი პირადად ქუთაისში მომხდარ ფაქტს 25 დეკემბერს გამოეხმაურა: "ქუთაისში რომ ვიყავი, ძალიან ბევრი რაღაც არ მომეწონა და მერი გამოიცვალა, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა ზომებიც უნდა მიმეღო, მაგრამ ეს არის ბევრი რაღაცის შედეგი. ეს არის იმის შედეგი, რომ ვიღაცა ამფეთქებელი, გპი-ში რომ სწავლობდა, 50 მანეთს რომ დებდა ჩათვლის წიგნაკში, აი, ეს არის შედეგი კორუფციის, განუკითხაობის, მამიკოს შვილების, რომ ელემენტარული ცოდნა არა აქვთ და ბოდიში და, ფეხებზე ჰკიდიათ ყველაფერი! იმედია, გამოძიება დაადგენს ყველაფერს და სანამ პრეზიდენტი ვარ, მე მაგათ არ შევიწყალებ იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი," - განცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამ განცხადებამდე კი, ტრაგედიის მეორე დღეს, 20 დეკემბერს ქუთაისელებმა "პრეზიდენტის საჩუქრის" ფოტოილუსტრაცია მიიღეს. ბანერზე გაკრული ფოტოილუსტრაცია იუწყება, რომ 2012 წელს ქუთაისში პარლამენტის შენობა გაიხსნება.
"ადამიანების სისხლზე და ძვლებზე პარლამენტის შენობების აგება არ შეიძლება და ქუთაისს პარლამენტის შენობა კი არა, სამუშაო ადგილები, ქარხანა და ფაბრიკა ჭირდება," - ამბობს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კობა დავითაშვილი. იგივე პათოსს იზიარებენ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც. ზურაბ ნოღაიდელმა პირობა დადო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოგების შემთხვევაში, მემორიალსაც აღადგენს და იქვე, წმ. ნიკოლოზის სახელობის (ვინაიდან აფეთქება ნიკოლოზობა დღეს მოხდა) ტაძარსაც ააშენებს აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა საპატივსაცემოდ.
19 და 20 დეკემბერს ქუთაისელები ჩვენთან საუბარში ღიად აპროტესტებდნენ ხელისუფლების დაუდევრობას და მთელ პასუხისმგებლობას მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სწორედ ქვეყნის პრეზიდენტს აკისრებდნენ. თუმცა მთელი კვირის მანძილზე შემთხვევის ადგილსა და მიმდებარე ტერიტორიას გაძლიერებული ძალებით აკონტროლობდნენ კუდ-ის თანამშრომლები და მმართველი პარტიის წარმომადგენლები. უფრო მეტიც, აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახის წევრების, თვითმხილველების კომენტარები არც ერთი ნაციონალური სატელევიზიო არხის ეთერში არ გადაცემულა. "პირველი არხის", "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" ოპერატორების მიერ 19 დეკემბერს გადაღებული ვიდეო მასალა სამართალდამცავებმა "ამოიღეს". ინფორმაციულმა ვაკუუმმა და გაძლიერებულმა კონტროლმა შედეგი გამოიღო და 24 დეკემბერს, გარდაცვლილი დედა-შვილის დაკრძალვის ცერემონიამ ყოველგვარი "ზედმეტი" ხმაურისა და პროტესტის გარეშე ჩაიარა.
მაია მეცხვარიშვილი

Thursday, December 24, 2009

ვინ გასცა მემორიალის აფეთქების ბრძანება?

ვინ გასცა "გამარჯვების მემორიალის" დემონტაჟისა და აფეთქების ბრძანება? ამ კითხვაზე ოფიციალური პირებისგან პასუხის მიღება ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. ქუთაისის მერიიდან "ახალმა გაზეთმა" გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია ამის თაობაზე, რაზეც ასეთი პასუხი მივიღეთ: "ქ. ქუთაისის მერიაში არსებული დემონტაჟთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია /ბრძანება, ხელშეკრულება/ კანონით დადგენილი წესით ამოღებულია საქართველოს პროკურატურის მიერ. აქედან გამომდინარე, თქვენს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების ასლებს ამ ეტაპზე ვერ გაწვდით".

"ახალმა გაზეთმა" ამ ეტაპზე იმის გარკვევა მაინც მოახერხა, რომ ბრძანებასა და შესაბამის ხელშეკრულებებს ძეგლის დემონტაჟის თაობაზე ქუთაისის მერის პირველმა მოადგილემ ზაზა ნუცუბიძემ მოაწერა ხელი, რომელიც იმ პერიოდში ქუთაისის მერის მოვალეობას ასრულებდა. დღეს "ახალი გაზეთის", სტუდია "GNS"-ისა და ჟურნალ "ლიბერალის" ჟურნალისტები შეეცადნენ საქმის დეტალების გარკვევას პირადად ზაზა ნუცუბიძისგან, რომელიც ყველანაირად ცდილობდა ჟურნალისტებთან შეხვედრისგან თავის არიდებას, თუმცა საბოლოოდ აღნიშნული მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მაინც მოახერხეს მასთან შეხვედრა. თუ რა პასუხი აქვს ნუცუბიძეს ქუთაისში 19 დეკემბერს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ნახეთ ეს ვიდეო: video

Tuesday, December 22, 2009

ვეტერანების პროტესტი

21 დეკემბერს, დანგრეული მემორიალის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე თავდაპირველად II მსოფლიო ომის ვეტერანები შეიკრიბნენ

video

Saturday, December 19, 2009

მემორიალის აფეთქების შედეგად დედა-შვილი დაიღუპა

video video

აფეთქების შედეგად შემთხვევის ადგილზე დაიღუპა 11 წლის ნინო ჯინჭარაძე, მოგვიანებით კი გარდაიცვალა დედამისიც - 42 წლის ეკა ცუცხვაშვილი-ჯინჭარაძისა. იგი ჯერ ავტოქარხნის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი - როდესაც ის რეანიმობილით დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაჰყავთ, ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა. მას თავის ტვინის მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული.

video video

ძეგლის აფეთქებას ბავშვი ემსხვერპლა


19 დეკემბერს, 16:00 საათზე, ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში საშინელი აფეთქების ხმა გაისმა. იმავდროულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა: თავის ქალის მრავლობითი დაზიანებების შედეგად ადგილზე დაიღუპა 11 წლის ნინო ჯინჭარაძე. ამას გარდა, მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს დედამისი - ეკა ცუცხვაშვილი-ჯინჭარაძისა და მათ მეზობლად მცხოვრები ირაკლი ჯინჭარაძე. სხეულის დაზიანებები მიიღო კიდევ რამდენიმე ადამიანმა, რომლებსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება. 

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე მდებარე "გამარჯვების მემორიალის" დემონტაჟი მოულოდნელად 12 დეკემბერს დაიწყო. მაშინვე დემონტაჟზე დასაქმებულმა მუშებმა ჩვენთან საუბარში განაცხადეს, რომ საბოლოოდ მემორიალი 21 დეკემბერს, პრეზიდენტის დაბადების დღეზე აფეთქდებოდა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქუთაისში 21 დეკემბრისთვის ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია დაიგეგმა, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს, შემოქმედებით კავშირებს და საზოგადოების სხვა ფენებს. ამის თაობაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა 18 დეკემბერს გამოაცხადეს მერიის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე. როგორც ჩანს, საპროტესტო აქციის თავიდან აცილების მცდელობას უნდა მიეწეროს ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ ძეგლის აფეთქების პროცედურა დააჩქარა და განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ნიკოლოზობის დღესასწაული აარჩია (სხვათაშორის ამ დღეს პრეზიდენტის უმცროსი ვაჟის დაბადების დღეა).

ავტოქარხნის დასახლებაში სამართალდამცავები 19 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე გამოჩნდნენ. ისინი აფრთხილებდნენ მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, რომ მათ სასწრაფოდ დაეცალათ საცხოვრებელი სახლები. 16:00 საათზე შპს "საქფეთქმრეწვმა" 27 მეტრიანი ბეტონის კონსტრუქცია (რაც "გამარჯვების მემორიალის" ერთკვირიანი დემონტაჟის შედეგად დარჩა) ააფეთქა. აფეთქებისას ბეტონის ნამსხვრევები რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით, საცხოვრებელი სახლების მიმართულებით გადაცვივდა. სწორედ ამან გამოიწვია იქ მცხოვრები მოსახლეობის დაშავება და მსხვერპლი.

"ევაკუაცია რომ დაიწყეს, გამოგვიყვანეს ბინიდან, აფეთქება მოხდებაო და გამოვედით გარეთ - ქუჩაში, მოგვაშორეს ბინას და გავრბოდით "ბარაკებისკენ". ამ დროს მოხდა აფეთქება. ეს საწყლები, ეზოში ყოფილან, სახლთან და ბავშვს ქვა მოხვედრია თავში და დაიღუპა. კმაყოფილია ახლა ჩვენი მთავრობა? რა ენაღვლებათ მაგათ? მაგათი შვილები არ მომკვდარან და! ეს არის მავნებლობა, რას აშავებდა ის ძეგლი იქ?" - აცხადებენ თვითმხილველები.

"მე ქალაქიდან მოვედი იმ წუთში და პოლიცია არ მიშვებდა სახლში, ვიფიქრე რაღაც ნივთებს მაინც გამოვიტან-მეთქი სახლიდან. ამ დროს მოხდა აფეთქება და რომ მივედი ადგილზე, დასისხლიანებული ხალხი ეყარა ძირს, თურმე ჩემი მეუღლეც იქ ყოფილა," - ამბობს დაშავებული ირაკლი ჯინჭარაძის მეუღლე.

"შვილი მომიკლეს, ხალხო, ვაიმე, რა მეშველება?" - შველას ითხოვდა გარდაცვლილის მამა სოსო ჯინჭარაძე, რომელიც შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა თავდაპირველად ავტოქარხნის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მოგვიანებით - დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში. ნინო ჯინჭარაძე კი ბავშვთა საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ვინ გასცა 19 დეკემბერს ძეგლის აფეთქების ბრძანება? - ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ არსებობს. ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა (საკრებულოს წევრებმა და მერიის თანამშრომლებმა) ჩვენთან საუბარში განაცხადეს, რომ მათ ამის თაობაზე არაფერი იცოდნენ და ინფორმაციის მისაღებად სამხარეო ადმინისტრაციისკენ გადაგვამისამართეს. ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ ტელეფონით დაკავშირება იმერეთის გუბერნატორთან მიხეილ ჩოგოვაძესთან, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ამის შემდეგ დავუკავშირდით გუბერნატორის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს ზეინაბ ხაჩიძეს, რომელმაც განგვიცხადა, რომ დედაქალაქში იმყოფებოდა და მომხდარის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობდა. დედაქალაქში იმყოფებოდა გუბერნატორის პირველი მოადგილე ლაშა კილაძეც. შესაბამისად, უცნობია, თუ ვინ დაიქირავა ძეგლის ასაფეთქებლად თბილისური კომპანია "საქფეთქმრეწვი". საქართველოს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ იმავე დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აღნიშნული ფირმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ასრულებდა აფეთქებით სამუშაოს. მისივე განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი სამუშაოებისას დაშვებული იქნა შეცდომა, რამაც გამოიწვია მსხვერპლი.

მაია მეცხვარიშვილი

Sunday, December 13, 2009

77 შეკითხვა პატრიარქს

4 დეკემბერს საზოგადოების ერთმა ნაწილმა საპატრიარქოს წინ აქცია გამართა. აქცია ტექსტის ხმამაღალი დეკლამირებით გამოიხატა. ტექსტის, რომელიც კითხვებს წარმოადგენდა. კითხვებს საქართველოს პატრიარქის ილია მეორის მისამართით. 27 პუნქტისა და 77 კითხვისგან შედგენილი ნუსხა, რომელსაც ხელს 235 ადამიანი, მათ შორის სასულიერო პირებიც აწერდნენ, გაეგზავნა ადრესატს და დაიდო სოციალურ ქსელში -http://www.facebook.com.

საზოგადოებას წარმოდგენა რომ შეექმნას კითხვების შინაარსსა და პათოსზე, გაგაცნობთ რამოდენიმე მათგანს:

- რა ურთიერთკავშირი არსებობდა საქართველოს საპატრიარქოსა და საბჭოთა სახელმწიფო უშიშროებას შორის? 
- პირადად თქვენ (ანუ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე - რედ.) თანამშრომლობდით თუ არა საბჭოთა სუკ-თან? 
- მართლაც ითამაშა თუ არა გადამწყვეტი როლი საბჭოთა ხელისუფლებამ თქვენს პატრიარქად არჩევაში, როგორც ეს განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ? 
- რატომ არ დაიცავით 1983 წელს ე.წ. "თვითმფრინავის საქმეზე" დახვრეტილი უდანაშაულო მღვდელი თეოდორე ჩიხლაძე? 
- რატომ მოუწოდებდით დასჯისკენ საქართველოს საბჭოთა ტელევიზიის ეთერით? 
- 1989 წლის გაზაფხულზე მაშინდელი მთავრობის სახლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართულ მიტინგზე რატომ ერთხელაც კი არ მიხვედით თქვენი ნებით, არამედ მხოლოდ 9 აპრილს ცეკა-ს ბრძანებით და მისივე ავტომობილით? 
რატომ არ დარჩით განსაცდელში მყოფ თქვენი სამწყსოს გვერდით? და ა.შ. 

ტექსტს "კითხვები მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქს" საკმაოდ მძაფრი რეაგირება მოჰყვა ყველა მხრიდან. გავრცელებული ინფორმაციით, ამ კითხვებმა საპატრიარქოდან მხოლოდ ერთადერთი პასუხი მიიღო: "შეკითხვების ავტორებს ჩვენ საზოგადოების ნაწილად არ ვთვლით და არ ვაპირებთ მათზე პასუხის გაცემას". სამაგიეროდ, მრავალნაირი გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციის და პოლიტიკოსების მხრიდან: "ესენი ერთი მუჭა მწვალებლები არიან", - აცხადებს გია ცაგარეიშვილი კითხვების ავტორებზე და ხელმომწერებზე. "ამ კითხვებით ისინი პატრიარქის მოკვლას ცდილობდნენ და ამიტომ ხალხმა უნდა იცოდეს ყოველი ხელმომწერის გვარი," - წყრება ნინო ბურჯანაძე. ნათელაშვილი ხელმომწერების სამართლებრივ დევნას მოითხოვს. "ქრისტიან-დემოკრატები" ეკლესიის მიმართ მორიგ ფართომასშტაბიან შეტევაზე საუბრობენ. კომენტარები გააკეთეს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც: "საპატრიარქო და პატრიარქი თავის საქმეს მიხედავს", - აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი, თუმცა მართლმადიდებელი ექსტრემისტების განწყობის გათვალისწინებით, ხელისუფლების წარმომადგენლის ამ განცხადებაში გარკვეულ მუქარას ხედავენ შეკითხვების ავტორები და ხელმომწერები.
კვლევების თანახმად, საზოგადოება ეკლესიას დიდ ნდობას უცხადებს. ხალხის რწმენით, ეკლესია არის ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძველი და ქვეყნის ეროვნული იდენტობის სახე, ხოლო პატრიარქი - სიწმინდის და ჭეშმარიტების სიმბოლო და ერის მორალური სახე, რომლის ყოველი ქმედება ეჭვშეუხრელად უნდა მიიღოს ქართულმა მრევლმა (რომლებიც თითქმის მთელ ქართულ მოსახლეობას შეადგენენ). საზოგადოების დიდი ნაწილის ამ განწყობას და აზრს ახმოვანებს ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის და ძეგლთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი გიზო თავაძეც: "მიმაჩნია, რომ ჩვენ გვყავს გამორჩეული პატრიარქი. ამას აღიარებენ მართლმადიდებლური სამყაროს დიდი მღვდელმთავრები, პატრიარქები, ეპისკოპოსები. ისინი თვლიან, რომ ჩვენი პატრიარქი მართლმადიდებელ წინამძღოლთაგან არის პირველი. ასე არ მოიხსენიებენ არც რუსული ეკლესიის მთავარს და არც ვინმე სხვას, არამედ - პატრიარქს. იმხელა ავტორიტეტის ადამიანია და ერის სულიერი მამა. ილია მეორე არის ჩვენი მწყემსი, ამიტომ მის მიმართ ასეთი კითხვების დასმა მკრეხელობად მიმაჩნია."
სამაგიეროდ, მკრეხელობას, უწმინდურებას და ბევრი პრობლემის სათავეს ამ აქციის ავტორები სხვა რამეში ხედავენ, კერძოდ, ჩაკეტილობაში, საეკლესიო იერარქთა სრულ ძალაუფლებაში და კრიტიკის არარსებობაში საპატრიარქოს მისამართით. "საქმე იმაში გახლავთ, რომ ამ წერილის და კითხვების შედგენა განაპირობა იმ არანორმალურმა მდგომარეობამ, რაც დღეს შეიქმნა საქართველოში. ეკლესიის და საეკლესიო პირთა ქმედებების ანალიზი და კრიტიკა აკძალულია, მხოლოდ ქება-დიდება იბეჭდება და ჟღერდება ქართულ მედიაში", - ამბობს ვასილ კობახიძე, რელიგიათმცოდნე და ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
კითხვებში, მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ, ბევრი სხვა პრობლემაც ჟღერდება, კერძოდ, ღირებულებების სხვაგვარი ხედვა, ანუ ეკლესია, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძველია, იმ კურსს არ ირჩევს, რასაც - სახელმწიფო. დასავლეთი და დასავლური ღირებულებები ქართული სახელმწიფოს მიმართულებაა (ყოველ შემთხვევაში, ფორმალურად მაინც). ქართულ ეკლესიაში კი, კითხვების ავტორების აზრით, პრორუსული განწყობები შეინიშნება (მაგალითად, კითხვა პატრიარქისადმი: რატომ არ გაემიჯნეთ რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტ იობ აქიაშვილის ლოცვა-კურთხევით გამომავალ ჟურნალ "ქვაკუთხედში" გამოქვეყნებულ სარედაქციო განაცხადებას, რომ რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში ნასროლი ბომბები ღვთის მიერ კურთხეული იყო და რომ რუსი სამხედროების ბლოკ-პოსტები საქართველოს ტერიტორიაზე ზეციდან გარდამოვლენილი მარწუხებია საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის შესაჩერებლად?) 
"საქართველოს საპატრიარქო იყენებს მართლმადიდებლურ იდეოლოგიას პრორუსული განწყობების დასამკვიდრებლად, იგი წარმოადგენს "მეხუთე კოლონას" და აქტიურად ეწევა რუსულ პროპაგანდას", - ამბობს ვასილ კობახიძე.

"ფაქტი ისაა, რომ საპატრიარქომ ბოლო დროს მეტად მკაფიოდ გამოკვეთა თავისი, თუ ასე შეიძლება ითქვას, საგარეო პოლიტიკური კურსი - რაც გამოიხატება პატრიარქის შემდეგი ფრაზით: ,,მზის ამოსვლამდე გაიხედე მეზობლისკენ", - ამბობს თეოლოგი და ამ კითხვების ერთ-ერთი ავტორი ბექა მინდიაშვილი.
კითხვებით პატრიარქს მიმართავენ კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებითაც, რომელიც აქციის მონაწილეთა და ხელმომწერთა მტკიცებით, ეკლესიაში არის და რომელშიც შეინიშნებიან სასულიერო პირები. "შემოჰქონდათ სიგარეტი, ლუდი და სხვა პროდუქტები და ამით ვაჭრობდნენ მაღალიერარქი სასულიერო პირები", - ამბობს ვასილ კობახიძე.
კითხვებში გაცხადებული ბევრი პრობლემის მიზეზს "პროტესტანტი" ხელმომწერები ხედავენ მედიის უმოქმედობაში და კრიტიკის არარსებობაში. "ჭაობი, რაც გაჩნდა ქართულ ეკლესიაში, გამოიწვია იმანაც, რომ ჩვენი მედია არ გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ ამ საკითხებზე, რომ გახდეს საზოგადოებსიათვის ცნობილი ბევრი დაფარული ფაქტი. ეს კითხვებიც და ეს აქციაც მიმართული იყო საზოგადოების ინფორმირებისთვის. საპატრიარქო რომ ყურადღებას არ მოგვაქცევდა, ვიცოდით, ეს მათი ფაშისტური პასუხითაც დამტკიცდა", - მიიჩნევს ვასილ კობახიძე.
"საპატრიარქოს მიმართ მხოლოდ პანგირიკული დამოკიდებულებაა "დაშვებული" და ნებისმიერი სახის, თუნდაც მეტისმეტად კონსტრუქციული კრიტიკაც კი აღიქმება მის შეურაცხყოფად. ეს მანკიერი დუმილის წრე უნდა გაირღვეს. ქვეყნის მოქალაქეები ღირსნი არიან, იცოდნენ რეალურად, რა წარსულისა და აწმყოს მქონე ძალასთან აქვთ საქმე, რათა უკეთესი მომავლისკენ შევძლოთ გადავდგათ ნაბიჯი. ვფიქრობ, შეკითხვების დასმა გვარიანად დავაგვიანეთ, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე - არასდროს,"- ამბობს ბექა მინდიაშვილი.
ასეთ ჩაძიებებს ეკლესიის საქმიანობაში და პატრიარქის მიმართ კრიტიკულ შენიშვნებს მკრეხელობად მიიჩნევს ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი. ეკლესიის კონკრეტული პირების კრიტიკა იგივდება სარწმუნოების და ეკლესიის კრიტიკასთან. "ასეთი ტიპის კითხვები ეს შეურაცხყოფაა არა მხოლოდ პატრიარქის, არამედ ქართველი ერის, ეკლესიის და რწმენის შეურაცხყოფა", - მიაჩნია გიზო თავძეს. ასევე მიჩნევს საპატრიარქო, ამიტომ პასუხს არ იძლევა დასმულ კითხვებზე იმ მოტივით, რომ კითხვების ავტორები საზოგადოების ნაწილი არაა. 
"ვფიქრობ, ეს პასუხი აშიშვლებს პირადად ჩემთვის ყველაზე არსებით საკითხს, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, თუ დღეს რამდენადაა საპატრიარქო ქრისტიანული ორგანიზაცია. ჩვენთვის გაცემული ეს პასუხი, ფაქტობრივად, აცხადებს, რომ იგი არამარტო არაქრისტიანული, არამედ არაჰუმანური ორგანიზაციაც არის და ამ მხრივ საკმაოდ სახიფათოც ადამიანებისთვის," - მიაჩნია ბექა მინდიაშვილს. 
"საზოგადოების დიდ ნაწილს სურს, რომ მოიტყუოს თავი. იგი რჩება მონად გაუნათლებელი სამღვდელოებისა, რომლებიც აგრესიულს ხდიან საზოგადოებას. პატრიარქის კრიტიკა არ არის ღმერთის და ეკლესიის კრიტიკა. ეს არის თანამდებობა და არა - კუთვნილება", - მიაჩნია ვასილ კობახიძეს. 
თუმცა ცნებების გამიჯვნა ქართულ საზოგადოებაში ძნელად ხდება, ბარიერს ქმნის საბჭოთა წარსული, ნაკლები რელიგიური განათლება, ორმაგი მორალი და ორმაგი სტანდარტები, რითაც გაჟღენთილია ქართული სივრცე. ამ გარემოში თეოლოგიური განმარტება "არასაიმედოდ" მიიჩნევა. ის, რაც სტანდარტულ ჩარჩოში არ ჯდება, მტკივნეულად აღიქმება და გარკვეულ აგრესიას ბადებს საზოგადოებაში. აგრესიას, რამაც მათი სიწმინდეები უნდა დაიცვას. "ილია მეორედან დღეს ისევეა შექმნილი კერპი, როგორც თავის დროზე სტალინიდან", - ამბობს ვასილ კობახიძე. "ყველამ უნდა ამოიღოს ხმა, რომ არ შეიძლება დაკნინება ყველაფრის, რაც სულიერებას ეხება. პატრიარქის სუკ-თან თანამშრომლობა არის შეუძლებელი. პატრიარქი არაფრით შეიძლება ამას აკეთებდეს. პატრიარქი გვყავს სიბრძნით სავსე ადამიანი, რომელმაც გამოატარა საქართველოს უმძიმესი გზა, როცა "კგბ" ზეობდა. ილია მეორე მთელი ერის ცოდვას იღებს საკუთარ თავზე და თვალცრემლიანი ლოცულობს ერისთვის", - ამბობს გიზო თავაძე. 
მაგრამ ცრემლების ნაკლებად ჯერათ და კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს ითხოვენ პატრიარქის მიმართ დასმული კითხვების ავტორები. თუმცა, კითხვები და პროტესტი უჩნდება საზოგადოების მეორე მხარეს. მხარეს, რომელიც მკრეხელობად მიიჩნევს კრიტიკას იმის მიმართ, რაც ქართული სახელმწიფოებრიობის და ზნეობის საფუძველს წარმოადგენს, მათი რწმენით. "ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენგან და ამ შეკითხვებისგან იცავენ თითქოს საპატრიარქოს, იცავენ მას ერთადერთი რამისგან - სიმართლისგან," - ამბობს ბექა მინდიაშვილი. 
და სად არის სიმართლე? ეს რომ გავიგოთ, კითხვები უნდა დავსვათ. კითხვის დასმას კი დღევანდელ საქართველოში სხვა სახელი ერქმევა და მკრეხელობად კვალიფიცირდება. 
ეკა კუხალაშვილი

Saturday, December 12, 2009

პარლამენტის მშენებლობას ქუთაისში ბერძენიშვილის ძეგლი შეეწირა


ამ წუთებში ქუთაისში "გამარჯვების მემორიალის" ნგრევა და დემონტაჟი მიმდინარეობს. ავტოქარხნის დასახლებაში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, სადაც ეს მემორიალი იყო განთავსებული, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. ძეგლის დემონტაჟს კომპანია "ლიტოკონსტრუქცია" ახორციელებს. ამ დროისთვის უკვე აღებულია მემორიალის წინ მდებარე ცხენოსანი "მზეჭაბუკი", რომელსაც "ახალი გაზეთის" ინფორმაციით, ახალგაზრდობის გამზირზე, სპორტის სასახლის შენობასთან უპირებენ გადატანას. ხოლო უშუალოდ მემორიალი, ადგილზე დასაქმებული მუშების თქმით, დღის ბოლომდე დაინგრევა. გამარჯვების მემორიალი ქუთაისში 1980-ანი წლების დასაწყისში დაიდგა და იგი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დიდებას მიეძღვნა. ძეგლის ავტორი ცნობილი ქართველი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ძეგლის დემონტაჟს წინ უძღოდა მერაბ ბერძენიშვილის სატელევიზიო ინტერვიუ (რომელიც ერთი თვის წინ გადაიცა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერით) და საგაზეთო მიმართვა (რომელიც გაზეთ "ახალ გაზეთში" გამოქვეყნდა და რომლის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე:http://akhali-gazeti.blogspot.com/2009/11/blog-post_4518.html). ბერძენიშვილის ძეგლი ბოლო ხუთი წლის მანძილზე ინტენსიურად იძარცვებოდა ქუთაისში, სწორედ ამას მოჰყვა ავტორის ასეთი მიმართვა საზოგადოებისადმი: "მემორიალის რელიეფის ერთი ნაწილი გამოგლეჯილია! ის ჩემი გულის ნაწილია. ამიტომ ჩემი გულისტკივილი თუ მძაფრად გამოვხატე, მომიტევეთ. ბატონებო! მემორიალი მიეძღვნა იმ ღიმილის ბიჭების არდავიწყებას, რომლებმაც მკერდით დაგვიცვეს ჩვენ მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი ბოროტებისაგან და სიცოცხლე გაწირეს, დღეს ზნედაცემული ადამიანი, რომელსაც არ აქვს უნარი, აღიქვას მემორიალის მნიშვნელობა, ანადგურებს, ძარცვავს, ანგრევს ძეგლს, რომელიც მომავალ თაობებს ეკუთვნის. ეს უბრალოდ ავაზაკობაა, ხოლო ასეთი ქმედებისადმი გულგრილი დამოკიდებულება დანაშაულია, დიდი უპატივცემულობა იმ მამაცი ვაჟკაცების მიმართ, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ, უპატივცემულობაა იმ დედებისადმი, რომლებმაც სამშობლოს ჭეშმარიტი ვაჟკაცები აღუზარდეს. ქუთაისის მემორიალის კომპოზიციის ცენტრალურ ნაწილში სწორედ დედის სიმბოლოა გამოსახული, რომელსაც მძარცველებმა მკერდი გამოფატრეს, გამარჯვებულ მზეჭაბუკს კი ხმალი მოახერხეს, ვაი, სირცხვილო!"

ამ ტექსტის გავრცელების შემდეგ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებოდნენ, რომ ისინი ყველანაირად შეეცდებოდნენ ბერძენიშვილის ძეგლის აღდგენას, თუმცა ეს პირობა ეჭვქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც ქუთაისში პარლამენტის შენობის ადგილად სწორედ "გამარჯვების მემორიალის" ტერიტორია შეირჩა. ხელისუფლების წარმომადგენლები თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ პარლამენტის შენობა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდებოდა, თუმცა დღეს გაირკვა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ახალ საოფისე ფართს ბერძენიშვილის ძეგლი შეეწირა. ვინ მიიღო გადაწყვეტილება ძეგლის დემონტაჟის შესახებ, ამ ინფორმაციას არ ფლობენ ქუთაისის თვითმმართველობაში. უფრო მეტიც ქალაქის კულტურის სამსახურის უფროსმა გიზო თავაძემ ჩვენგან შეიტყო ეს ინფორმაცია, რომ ქალაქში ძეგლის ნგრევა მიმდინარეობს: "გაძარცვული რომ იყო, ალბათ, ამიტომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება," - განაცხადა მან ჩვენთან საუბარში. ჩვენ დავუკავშირდით ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თამაზ მარგველაშვილს, რომელმაც, ასევე, ჩვენგან შეიტყო ძეგლის დემონტაჟის შესახებ ინფორმაცია: "ეს საკითხი ჩვენთან არ ყოფილა შეთანხმებული და მითუმეტეს, ჩვენ ამ საკითხზე არავითარი დადგენილება არ მიგვიღია, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მოდის" - განაცხადა მან ჩვენთან საუბარში.
ძეგლის დემონტაჟისთვის დაქირავებულმა მუშებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, რომ ისინი პრეზიდენტის დავალების შესაბამისად მოქმედებენ. საქმე ის არის, რომ პრეზიდანტი 30 ნოემბერს იმყოფებოდა ქუთაისში, როდესაც ის ერთ-ერთ ოჯახში, სწორედ ავტოქარხნის დასახლებაში მივიდა. აღნიშნულ უბანში მდებარეობს ეს ძეგლიც.
ძეგლის დემონტაჟის თაობაზე ავტორმა - მერაბ ბერძენიშვილმა პირველად "ახალი გაზეთის" საშუალებით შეიტყო: "რას მეუბნებით? კი, მაგრამ მე არაფერს მეკითხებიან? ქუთაისში, მე მეგონა, იყო ხალხი, რომლებიც მე მიყვარდა და რომლებსაც მე ეს ძეგლი მივუძღვენი, მაგრამ, თურმე, მათთვის მთავარი კუჭი ყოფილა. არამი იყოს, ალბათ, ჩემი შრომა მაგ ქალაქისთვის, აი, ეს მათქმევინეს ბოლოს და ბოლოს," - განაცხადა მერაბ ბერძენიშვილმა ჩვენთან საუბარში.
მაია მეცხვარიშვილი

გასამდა

შამუგიასკაპიტულაცია” 10 ხელით გაფორმდა

 ორი წელი და ორი თვე - ქუთაისის მერის თანამდებობაზე მუშაობის ამ ვადით ნუგზარ შამუგიამ აშკარად მოხსნა ქუთაისის თვითმმართველობაში ბოლო 5 წლის მანძილზე არსებული რეკორდი. ციფრი - ორიანი - შამუგიას მერობის ეპოპეაში ერთგვარად საკრალურიც კი აღმოჩნდა: იმ ორშაბათ დღეს პრეზიდენტი ქუთაისში ორ ადგილას მივიდა და ორივეგან შამუგია ოროსანი ბავშვივით დატუქსა. მეორ ორშაბათს კი ქალაქის მერი საკუთარ სკამს გამოეთხოვა და წავიდა... აი, ასე, მარტივად, ორსტრიქონიანი განცხადება დაწერა და წავიდა.

8 დეკემბერს, ქუთაისის 2006 წლის მოწვევის საკრებულო კიდევ ერთხელ შეიკრიბა ქალაქის პირველი პირის ხელის აწევით გასაცილებლად. საკრებულოს უმრავლესობას, რომელიც იმ სხდომაზე არასრული (10-კაციანი) შემადგენლობით გამოცხადდა (სხდომას არ ესწრებოდნენ ანდრო ლოსაბერიძე და კახა ნურალიძე), ეს ამბავი არ გაჭირვებია. შამუგიასკაპიტულაცია” 10 ხელით უპრობლემოდ გაფორმდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ უხერხულობების გარეშე. თუმცა სანამ ამ უხერხულ მომენტებზე გადავიდოდეთ, რომელიც სხდომაზე საკრებულოს ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შექმნა, იმ ამბავზე მოგითხრობთ, რაც საკრებულოს აღნიშნული რიგგარეშე შეკრების მიზეზი გახდა: ნუგზარ შამუგიას განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

. ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარეს . . ხვადაგიანს. . ქუთაისის მერის . შამუგიას განცხადება: გთხოვთ, გამანთავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან (სტილი დაცულია) - აი, ის ტექსტი, რაც შამუგიას ერთ გვერდზე დაწერილმა განცხადებამ დაიტია. აღნიშნული განცხადება ქუთაისის მერმა 7 დეკემბერს დაწერა, რის შემდეგაც მერიის სამსახურების უფროსებთან გამოსამშვიდობებელი თათბირი გამართა, ჩაალაგაჩემოდანიდა წავიდა. როგორც თათბირის დამსწრეებმა განმარტეს, შამუგიას წასვლის მიზეზებზე არ უსაუბრია, უბრალოდ, გამოემშვიდობა ყველას და წავიდა. თუმცა წასვლის მიზეზი ისედაც ცნობილი გახლდათ: ეს მიზეზი მთელმა საქართველომ იხილა ტელეკრანებიდან 1 კვირით ადრე, 30 ნოემბერს, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნუგზარ შამუგია საჯაროდ დატუქსა. როგორც ჩანს, თანამდებობასთან განშორება გაცილებით მძიმეა, ვიდრე - მისი მიღება, რადგან როცა შამუგია ქალაქის მერად დაინიშნა, მან ხმამაღლა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად 3 უძილო ღამე დასჭირდა, თანამდებობასთან გამომშვიდობებას კი მან 1 კვირა მოანდომა.

ნუგზარ შამუგია ქუთაისის საკრებულოს ბიურომ 2007 წლის 12 ოქტომბერს 3 კანდიდატს შორის გამოარჩია. მისი სამოქმედო პროგრამა ათი პუნქტისგან შედგებოდა, მათ შორისა გახლდათ ისეთიდიადი მიზნები”, როგორიცააქუთაისი - კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი”, “ქუთაისი - მძლავრი სამედიცინო ცენტრი”, “ქუთაისი - ტურიზმის ქალაქი”, “წერტილოვანი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა ქუთაისშიდა სხვა. ამ ყველაფრის მიღწევას შამუგია ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობის საშუალებით გეგმავდა.

ერთ და ორ თვეში რაღაც სასწაულებს ვერ მოვახდენ, მე მამაზეციერი არ ვარ, მაგრამ ერთი-ორი წლის შემდეგ, ხალხი რომ შემეკითხება, რა გააკეთე ქუთაისშიო, ხომ უნდა გავცე კონკრეტული პასუხი, რომ ეს გავაკეთე?! მე აქ სანამდე მოვიდოდი, სამი დღე და ღამე არ მიძინია. ზოგი აქ შეიძლება მოვიდა სახელის და გვარის გულისთვის. მე ქუთაისში ჩემი სახელი და გვარი არ შემირცხვენია. რადგან გადავწყვიტე და ავიღე ამოდენა პასუხისმგებლობა, ეს უნდა გავაკეთო. თუ შევხედე, რომ ვერ ვაკეთებ. არავის კარნახი არ მჭირდება, მე თვითონ წავალ,” - ეს გახლდათ შამუგიას პირველი განცხადება ქალაქის მერის ამპლუაში. თუმცა, იგითვითონ წასვლასმაინც ვერ მიხვდა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მისი მერობის პერიოდში არა ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას თანამდებობას გამოათხოვებდნენ და ამიტომაც, ბოლოს ისევ პრეზიდენტმა უკარნახა ისე, როგორც ეს აქამდეც არაერთგზის მომხდარა ქუთაისში. მაგალითად, ასე მოხდა 2007 წლის თებერვალში, როდესაც ორთვიანი მერობის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა ბიქტორ ბალანჩივაძე. ბალანჩივაძის შესაბამის განცხადებას რამდენიმე დღით დაასწრო პრეზიდენტის სატელევიზიო გამოსვლამ, სადაც მიხეილ სააკაშვილმა აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ ქუთაისის მერმა ბიუჯეტიდან 48000 ლარიანი სამსახურებრივი ავტომანქანა შეიძინა. შემდეგ, ასევე, სატელევიზიო სანახაობამ დაასწრო მერის მოვალეობის შემსრულებლის ნიკო კაჭკაჭიშვილის უფლებამოსილების შეწყვეტას: 2007 წლის 2 ივლისს 27 ხელბორკილიანი თანამშრომელი გაიყვანა კუდ-მა მერიის შენობიდან ტელეკამერების თანხლებით, რასაც მოჰყვა ქუთაისის მერის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადება და ამით კაჭკაშვილის შვიდთვიანი მმართველობის დასრულება ქალაქში. არადა, მაშინ, როცა კაჭკაჭიშვილი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, “ახალმა გაზეთმამას ასეთი შეკითხვა დაუსვა: როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს გასტანს თქვენი მერობა?” რაზეც კაჭკაჭიშვილმა ასეთი პასუხი გასცა: ვფიქრობ, საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე”. საკრებულოს ვადა 2010 წლის მაისში ეწურება, კაჭკაჭიშვილი კი მერობას 2 წლის და 2 თვის წინ გამოემშვიდობა, თუმცა წინამორბედებისგან განსხვავებით, ის სახლში ან ბიზნესში არ წასულა, მან იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში - გუბერნატორის მოადგილის პოსტზე გადაინაცვლა, რაც ცალსახად მისი უახლოესი მეგობრის - აკაკი ბობოხიძის დამსახურებაა.

როგორც ვნახეთ, ქუთაისის 2006 წლის მოწვევის საკრებულომ მთელი ამ ხნის მანძილზე 2 მერის და 1 მერის მოვალეობის შემსრულებელი გაისტუმრა, თუმცა რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, საკრებულოს (მხედველობაში გვაქვს გადაწყვეტილების მიმღები უმრავლესობა) არც ერთი მათგანის მიმართ არ ჰქონია პრეტენზია. შენიშვნებს ყოველთვის ქვეყნის პირველი პირი იძლეოდა, მერე ქალაქის პირველები განცხადებებს წერდნენ. საკრებულო კი, როგორც წესი, მხოლოდ ხელის აწევით და გადაწყვეტილების რატიფიცირებით შემოიფარგლება.

ასე მოხდა 8 დეკემბერსაც. საკრებულოს სხდომა თავმჯდომარემ - ამირან ხვადაგიანმა გახსნა და ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით, ნუგზარ შამუგიასადმი სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა: ამ 2 წლის განმავლობაში, როდესაც ბატონი ნუგზარი იყო ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი, ქალაქში ბევრი რამ გააკეთა ხელისუფლებამ ყველა მიმართულებით - ინფრასტრუქტურა, ქალაქის აღმშენებლობა. ბატონი ნუგზარი იყო ის ადამიანი, რომელიც დღე და ღამე შრომობდა, რომ ქალაქში პრობლემები მოგვარებულიყო. პრობლემები ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანასა და ქალაქშია, მაგრამ მე არ შემიძლია, თქვენთან ერთად, იმ გაწეული შრომისათვის, რაც ბატონმა ნუგზარმა გასწია, მადლობა არ ვუთხრა მას, არ ვუსურვო ჯანმრთელობა, წინსვლა და გამარჯვება. ბატონი ნუგზარი შემთხვევითი კაცი არასდროს ყოფილა, ბატონ ნუგზარს ძალიან კარგად იცნობდა ქალაქის საზოგადოება და ბატონი ნუგზარი საქმის მკეთებელი კაცი იყო. მე კიდევ ერთხელ, ქალაქის თვითმმართველობის სახელით, მადლობას ვეუბნები ბატონ ნუგზარს გაწეული საქმიანობისათვის.” ამ სიტყვას, ალბათ, მქუხარე ტაში დაამშვენებდა, რომ არა საკრებულოში სუსტად, მაგრამ მაინც წარმოდგენილი 2 ოპოზიციური ხმა.

უმრავლესობას მორალი და ღირსება ჯერრესპუბლიკური პარტიისწარმომადგენელმა ვიკა ნაკაშიძემ დაუწუნა: იმ ძალისთვის, რომელსაც წარმოადგენთ თქვენ, ძალიან უცხოა ადამიანური ღირსება იმიტომ, რომ ნებისმიერი დანაშაულისთვის, ნებისმიერი გადაცდომისთვის ადამიანი შეიძლება გაათავისუფლო ღირსეულად, პირადი შეურაცხყოფის გარეშე, იმიტომ რომ ნორმალურ სახელმწიფოში აცნობიერებენ, რომ ამ ადამიანის უკან არის ღირსება, თავმოყვარეობა და ამ ადამიანის ოჯახი. ამ აქციით ადგილობრივი თვითმმართველობის წინ ხელისუფლება გვთავაზობს ახალ ფორმულას - “მეფე კეთილია”, რათა დააჯეროს მოსახლეობა, რომ ის უმსგავსოებები, რაც ხდება ადგილებზე, თითქოს არ იცის პირველმა პირმა და რომ ეს პრობლემები თითქოს მხოლოდ ადგილობრივი ჩინოვნიკების დონეზე წყდება,” - განაცხადა ნაკაშიძემ საკრებულოს სხდომაზე და იქვე დასძინა: თუკი გადასაყენებელი იყო, მე ვიქნებოდი ბედნიერი, ადგილობრივ თვითმმართველობას ჩავარდნილიკორპუსის პროგრამისგამო დაეყენებინა მერის პასუხისმგებლობის საკითხი და არა - მამა და მარჩენალის განწყობისა და პიარისთვის.”

ამის შემდეგ სიტყვალეიბორისტმასამსონ გუგავამ გადაიბარა: ქალაქის საკრებულო დღეს მესამე მერს ემშვიდობება, გამომდინარე იქიდან, რომ მათი საქმიანობა ვერ იყო ეფექტური. მინდა შეგახსენოთ, რომ თვითმმართველობის შესახებ კანონი თავმჯდომარეს ავალდებულებს არა მარტო საკრებულოს თავში ჯდომას და ბიუჯეტის დამტკიცებას, არამედ მის განხორციელებაზე კონტროლს. თუ ეს სამივე მერი ვერ ასრულებდა უფლება-მოვალეობას, სად იყო ამ დროს საკრებულოს თავმჯდომარე? მე მისგან არც ერთხელ არ გამიგონია კრიტიკა - არც პირველი, არც მეორე, არც მესამე მერის მიმართ. დღესაც, ჩვენ ვამბობთ, რომ მერი მიდის საკუთარი განცხადების საფუძველზე მაშინ, როცა ის პრეზიდენტის კრიტიკის შედეგად მიდის. ბატონო თავმჯდომარევ, ამდენად, პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროთ და უნდა გადადგეთ თქვენც!” - სამსონ გუგავას ამ განცხადებას დარბაზისადმი უხერხულად თვალის გადავლებით უპასუხა ამირან ხვადაგიანმა. ხვადაგიანსა და უმრავლესობას უხერხულობა დაეტყოთ მაშინაც, როცა ვიკა ნაკაშიძემ მათ რიტორიკული კითხვით მიმართა: ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის შეფასებას, რომვარდების რევოლუციისშემდეგ გამოყვანილი იქნა ხელისუფლების კასტა, რომელიც არ ზრუნავს მოქალაქეებზე?” უმრავლესობას ამაზე პასუხი არ აღმოაჩნდა და თავის დაძვრენის მიზნით, უბრალოდ, განაცხადეს, რომ შეკითხვა ვერ გაიგეს (?!)

უხერხულობების მიუხედავად, საკრებულოს უმრავლესობამ შამუგიას განცხადება დააკმაყოფილა. ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. იმავე დღეს, საკრებულოს ბიურომ კონკურსი გამოაცხადა მერის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსანტებს განცხადებების შესატანად ორკვირიანი ვადა აქვთ, რის შემდეგაც საკრებულოს ბიურომ მერობის ერთი კანდიდატი უნდა შეარჩიოს, რომელიც საკრებულოს სხდომაზე აირჩევა კენჭისყრის შედეგად. ქუთაისში გავრცელდა ინფორმაცია მერობის მსურველი რამდენიმე კანდიდატის შესახებ. მათ შორის დასახელდა მერიის აპარატის უფროსი თენგიზ თოფურიძე, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია უარყო. ასევე, ითქვა, რომ მერის პოსტზე გადაინაცვლებდა იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ლაშა კილაძე, რომელმაც, ასევე, არ დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია. საბოლოოდ, გაირკვა, რომ ხელისუფლების კანდიდატი გია თევდორაძე იქნება: ჯერ საბოლოოდ არაფერი გადამიწყვეტია, კონსულტაციები მაქვს ჩემს მეგობრებთან და ვნახოთ,” - განაცხადა მანახალ გაზეთთანსაუბარში. გია თევდორაძე 2005-07 წლებში იმერეთის გუბერნატორის მოადგილედ მუშაობდა. მანამდე კი - ქუთაისის მერიაში. პოლიტიკური კარიერა მან გაცილებით ადრე - “მოქალაქეთა კავშირისახალგაზრდული ორგანიზაციიდან დაიწყო, შემდეგ `გაერთიანებულ დემოკრატებში~, მოგვიანებით კინაციონალებშიგადაინაცვლა. ამჟამად თევდორაძე ოჯახური ბიზნესითაა დაკავებული.

ქუთაისის მერი საკრებულომ უახლოესი 1 თვის ვადაში უნდა აირჩიოს კონკურსის წესით. 2006 წლის მოწვევის საკრებულო მერის თანამდებობაზე კონკურსს უკვე მესამედ ატარებს. პირველად - 2006 წელს კონკურსში 6 კანდიდატი (ზურაბ მარუაშვილი, სევარიონ კინწურაშვილი, ედიშერ დეისაძე, ლაშა გაჩეჩილაძე, ლავრა ნიშნიანიძე, ბიქტორ ბალანჩივაძე) მონაწილეობდა, მეორედ კი - სამი (ლავრა ნიშნიანიძე, ჯიმშერ რუხაძე და ნუგზარ შამუგია). ხოლო მერობის რამდენი მსურველი გამოჩნდება ამჯერად, ეს 2 კვირაში გაირკვევა.

მაია მეცხვარიშვილი