Friday, March 30, 2012

სავალდებულო 50-ლარიანი გადასახადი სასაფლაოების პროექტისათვის


ქუთაისში, სასაფლაოების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, სპეციალური პროექტის შედგენა, ნებართვის გაცემა და 50 ლარის გადახდა სავალდებულო გახდა. ცვლილება ქუთაისის საკრებულოს ინიცირებულია, თუმცა დელეგირებული უფლებამოსილება მან მერიას გადასცა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ადგილობრივ თვითმმართველობაში საკითხის ოპერატიულად გადაწყვეტის აუცილებლობით ხსნიან.

,,50-ლარიანი პაკეტი გულისხმობს პროექტის შედგენას, იმისათვის რომ სასაფლაოების მოწყობა არ იყოს ქაოსური, ექვემდებარებოდეს რაღაც წესს. ამ მიმართულებით სასაფლაოს ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს. ამითა არის ეს ცვლილება განპირობებული. ყველასთვის უნდა არსებობდეს ერთი განსაზღვრული ფორმა. ეს თანხა გადასახდელია იმისთვის, რომ მხოლოდ პროექტი გაიცეს, ხოლო დარჩენილი სამუშაოების შესრულებაში შეზღუდვედი არ წესდება. ვინ განახორციელებს მოსაპირკეთებელ სამუშაოებს, ვინ ბეტონს ჩაასხამს და ასე შემდეგ, ამაზე გადაწყვეტილებას, ცხადია, ჩვენ ვერ მივიღებთ. ამით ხელს ვუშლით კერძო ბიზნესს. იმ ფირმებს, რომლებიც ამ ბიზნესში არიან, არანაირი შეზღუდვები არ ექნებათ,“ - აღნიშნა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა მერაბ მეშველიანმა.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მამუკა მღვდელაძე მიიჩნევს, რომ ცვლილება არაეთიკურია და იგი ხალხისგან ფულის გამოძალვის კიდევ ერთი მცდელობაა.

,,ამ ხელისუფლებას ნებისმიერი დაგეგმარება ისე აქვს, რომ ხალხისგან რაც შეიძლება მეტი თანხა ამოიღოს. მხოლოდ ამაზე არინ ორიენტირებულნი. თუმცა, ეს სასპეკულაციო თემა ნამდვილად არ არის. გათვლები სწორი გაკეთებულია, რადგან, ეს ისეთი თემაა, რომელიც ყველა ოჯახს ეხება. არ შეიძლება, ყველაფერი ფულის ამოღებაზე იყოს ორიენტირებული. ეს გადაწყვეტილება, ვფიქრობ, არაეთიკურია,“ - ამბობს მამუკა მღვდელაძე.

ადგილობრივი მოსახლეობა მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და ფიქრობს, რომ ხელისუფლება მათ აზრს არ ითვალისწინებს: ,,ქვეყანაში მოსახლეობას არავიან ეკითხება, რა უნდა. ეს გადაწყვეტილება მოქალაქეების დაუკითხავად მიიღეს, რაც ძალიან ცუდი ფაქტია. ვფიქრობ, ძალიან სულელური გადაწყვეტილებაა. ჯერ სასაფლაოებს მიხედონ, გაწმინდონ, მოუარონ და შემდეგ გადაწყვიტონ დანარჩენი საკითხები. 50 ლარი ცოტა თანხა ნამდვილად არ არის. უბრალო, მიუსაფარ ადამიანებს ამის საშუალება ნამდვილად არ აქვს. ეს საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ყელში ხელის წაჭერაა,“ - ამბობს ქუთაისში მცხოვრები ლილი ქათამაძე.

,,ყველაფერი ძვირდება ამ ქვეყანაში. გამიგია პროდუქტის გაძვირება, ბევრი რამე შეიძლება გაძვირდეს, მაგრამ, მკვდრის დასაფლავების გაძვირება რაღა უბედურებაა?. ჯერ, ცალკე მიწა რამდენი ჯდება, მერე დამატებული კიდე 50 ლარი, გაჭირვებულმა ადამიანმა როგორ უნდა გადაიხადოს?“- აღნიშნა ქუთაისში მცხოვრებმა ანა თოთაძემ.

ხათუნა მაისურაძე

No comments:

Post a Comment