ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა, განათლების სისტემის დაფინანსების ზრდა და აღნიშნულ სისტემაში არსებული ხარვეზები - ეს ის თემებია, რომელთა შესახებ ქუთაისელ ახალგაზრდებს „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ დღეს, ქუთაისში ყოფნისას ესაუბრა.
ოპოზიციური პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ განათლების სისტემაში გატარებული რეფორმები მიმოიხილა. სკოლებში მანდატურთა ინსტიტუტის დანერგვის დადებითი შედეგი აღნიშნა და განაცხადა, რომ მოსწავლე სკოლას დაუბრუნდა, თუმცა თავად სკოლა ხარისხიანი განათლების მიცემას ვერ უზრუნველყოფს. გამყრელიძის თქმით, მოსწავლეებს რეპეტიტორებთან უწევთ სიარული არა მხოლოდ საატესტატო და ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად, არამედ სასკოლო მასალის ასათვისებლად. დავით გამყრელიძე სკოლებში პედაგოგთა რაოდენობის შემცირების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, ცოტა ხანში პედაგოგის პროფესია დეფიციტური გახდება, რადგან ახალგაზრდებს სკოლაში მასწავლებლად მუშაობის არც სურვილი აქვთ და არც მოტივაცია.
„დღეს ძალიან პრესტიჟულია პოლიციაში მუშაობა, რადგან კარგი პირობები და მაღალი ხელფასია. თუ არ მოვახდინეთ პედაგოგების წახალისება, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდებით. სკოლებში შემცირდა პედაგოგთა და კლასების რაოდენობა. როცა კლასში 40-45 მოსწავლე ზის, ორმხრივი კომუნიკაციის დამყარება შუძლებელი ხდება, რაც განათლების ხარისხს ადაბლებს,“ - ამბობს გამყრელიძე.
„ახალი მემარჯვენეენის“ ლიდერის თქმით, საჯარო სკოლებში განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით, 9 კლასის ჩათვლით სახელმძღვანელოები უფასო უნდა იყოს. გამყრელიძემ განათლების სფეროში არსებული რთული ვითარების გამოსწორების გზად, სისტემის დაფინანსების ზრდა დაასახელა. ის უმაღლესი და პროფესიული განათლების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში არსებული სწავლის მაღალი საფასურის გამო, ეროვნული გამოცდების გადალახვის შემდეგ, ბევრი ახალგაზრდა უარს ამბობს უმაღლეს განათლებაზე.
„არსებობს სტუდენტური სესხი, რომელიც ბლეფია და ვერ გაარჩევ კომერციული სესხებისაგან. რაც შეეხება პროფესიულ სასწავლებლებს, საქართველოში არსებული სასწავლებლების 95% გაუქმებულია. „ახალ მემარჯვენეებს“ თუ მოგვეცა ამის საშუალება, მომავალი მოწვევის პარლამენტში განათლების სისტემის დაფინასების ზრდას მოვითხოვთ,“ - განაცხადა დავით გამყრელიძემ
გამოსვლის დასრულების შემდეგ მემარჯვენეების ლიდერმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა.
„ჩემი აზრით საინტერესო შეხვედრა იყო. მომეწონა ის ხედვებიც, რაც სტუმარმა წარმოადგინა. სხვა საქმეა, რამდენად მოხდება მათი განხორციელება,“ -ამბობს შეხვედრის მონაწილე ირაკლი გურგენიძე.
ქრისტინა ქარჩხაძე
No comments:
Post a Comment