ქუჩას, სადაც ქუთაისში ამჟამად ახალი პარლამენტი შენდება სახელს უცვლიან. ირაკლი აბაშიძის ქუჩის ნაცვლად, ის რუსთაველის გამზირად გადაკეთდება. შედეგად, ქუთაისში პარლამენტი თბილისის მსგავსად, რუსთაველის გამზირზე განთავსდება.
ქუთაისში რუსთაველის გამზირი ქალაქის ცენტრალური ტერიტორიიდან (მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია) იწყება და ის ამჟამად კიკვიძის ძეგლთან სრუდება („პოპულის“ მიმდებარე ტერიტორია). აღნიშნული ადგილიდან, ქუჩა ორად იყოფა: მარცხენა მხარეს გამსახურდიას ქუჩა გრძელდება, მარჯვენა მხარეს კი ქუჩა ამ დროდმე ი. აბაშიძის სახელს ატარებს (მშენებარე პარლამენტის ტერიტორია). ქუჩის სახელცვლილების შემდეგ, სავარაუდოდ, რუსთაველის გამზირი პარლამენტამდე გაგრძელდება (ე.წ. ავტოქარხნის ხიდამდე). ხიდის იქეთ კი ქუჩა ძველ სახელს შეინარჩუნებს.
ქუთაისის თვითმმართველობაში ქუჩის სახელწოდების შეცვლის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა მეტი კონკრეტიკისაგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ: ,,ქუჩა, სადაც პარლამენტის მშენებლობა მიმდინარეობს, ავტომშენებლის ტერიტორიას ეკუთვნის. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ქუჩის დასახელება შეიცვლება, თუმცა ჯერ არც ვადებია დადგენილი და არც ზუსტი სახელწოდება,“ - ამბობს საკრებულოს უმრავლესობის წევრი მერაბ მეშველიანი.
ანა ჯანაშია
No comments:
Post a Comment