ქუთაისის მერიის საბინაო სამსახური 2011 წლის შეუსრულებელი ვალდებულებების განხორციელებას იწყებს. საბინაო სამსახურმა გასულ წელს მრავალსართულიანი ბინებისთვის გადასახური მასალების მიწოდება ვერ შეძლო, რაც გეგმით იყო გათვალისწინებული.
საუბარი ეხება 130 კორპუსის გადახურვას. აღნიშნული დავალიანების „გასასტუმრებლად“ მერია ტენდერის გამოცხადებას 10 დღეში გეგმას. სამუშაოებისთვის 511 400 ლარია გათვალისწინებული. (აღსანიშნავია, რომ 511 400 ლარიდან - 120 400 ლარი მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესული ცვლილებების შედეგად გამოიყო).
2011 წლის გეგმის მიხედვით ქალაქის მასშტაბით გადასახური მასალის მიწოდება სულ 168 მრავალსართულიანი ბინისთვის იყო დაგეგმილი. თუმცა, აქედან, მასალის მიწოდების უზრუნვეყოფა მხოლოდ 38 ბინისთვის მოხდა.
„საცხოვრებელი სახლებისთვის გადასახური მასალების მიმწოდებელი ფირმის გამოსავლენად ტენდერი გამოვაცხდეთ. გამარჯვებულმა ფირმამ კი (შპს „საბა 2010“) ვერ შეძლო აღებული ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება. ამიტომაც გვაქვს 2011 წლის დავალიანება“, - განმარტავს საბინაო სამსახურის უფროსი კახა ხვარეშია.
ქუთაისში, მრავალსართულიანი ბინების სახურავების გადახურვა ბიუჯეტში არსებული პროგრამა „კორპუსის“ ფარგლებში ხორციელდება. გასული წლის დავალიანების გარდა, მიმდინარე წელს 145 ბინის სახურავის მოწესრიგება უნდა მოხდეს, რისთვისაც 150 000 ლარი არის გამოყოფილი. სულ პროგრამა „კორპუსის“ 2012 წლის ბიუჯეტი 2 მლნ 445 668 ლარს შეადგენს.
თეკლა მორგოშია
No comments:
Post a Comment