რეგიონებში კონტროლის პალატის მიერ მოქალაქეთა დაკითხვის ფაქტებს კამპანიის „ეს შენ გეხება“ წევრებმა სამართლებრივი შეფასება მისცეს.
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კამპანიის წევრი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები პრესკონფერენციას მართავენ. კამპანიის მონაწილეები კონტროლის პალატის მიერ 12 მარტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დაწყებულ ახსნა-განმარტებების მასობრივი ჩამორთმევის შემთხვევებს ეხმაურებიან და ამ პროცესის პირველად სამართლებრივ შეფასებას აკეთებენ.
კამპანიის ფარგლებში გაერთიანებული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები თვლიან, რომ კონტროლის პალატის მიერ მოქალაქეებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, დაშინებისა და მუქარის ფაქტები განხორციელდა. მათი შეფასებით, მაკონტროლებელმა უწყებამ უფლებამოსილებას გადააჭარბა, რადგან მათ მიერ დასმულ შეკითხვებს არავითარი კავშირი ჰქონდა მოქალაქის ფინანსურ საქმიანობასა და ფინანსურ საკითხებთან.
„ადამიანებს მიაყენეს პირდაპირი შეურაცხყოფა. ვფიქრობთ, რომ კონტროლის პალატის ქმედებები, რეალურად შეიცავდა მოქალაქეთა დაშინების, დევნისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს. დასმული შეკითხვები შეეხებოდა მოქალაქეთა პოლიტიკური აქტივობის, მათ მიერ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობის დეტალებსა და მიზეზებს. მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ ადვოკატის დაშვებასთან დაკავშირებით. ხოლო ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის განხორციელების კუთხით. მოქალაქეების მიმართ ხორციელდებოდა ღირსების შემლახავი ქმედებები. კონტროლის პალატის თანამშრომლები არ აწვდიდნენ მოქალაქეებს სრულყოფილ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი მუხლით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება,“ – მიაჩნიათ კამპანიის ფარგლებში გაერთიანებულ ორგანიზაციებს.
„ეს შენ გეხება“ კამპანიის მონაწილეთა აზრით, მიუღებელი იყო დაკითხვის ფორმები და ხანგრძლივობა, რაც მათი თქმით, ხშირ შემთხვევაში 6 საათსაც აღწევდა. ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ქმედებები მოქალაქეებში შიშის დანერგვასა და სამოქალაქო აქტივობის შეზღუდვას გამოიწვევს.
„აღნიშნული ქმედება დაამძიმებს ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ადამიანების სახელები და ვიმედოვნებთ, თითოეული ის ადამიანი, ვინც გადააჭარბა უფლებამოსილებას, იქნება დასჯილი,“ – აცხადებენ კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები.
ქრისტინა ქარჩხაძე
No comments:
Post a Comment