2011 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშმა ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს შორის ხმაური გამოიწვია. უმცირესობის წარმომადგენლებმა ოპონენტ კოლეგებს ანგარიში დაუწუნეს და განაცხადეს, რომ ანალიტიკური ინფორმაციით გაჯერებული დოკუმენტის ნაცვლად, უმრავლესობამ ციფრების რუქა წარმოადგინა.
ბიუჯეტის შესრულების ანგარიში საკრებულოს სხდომაზე მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა თემურ ცაგარეიშვილმა წარმოადგინა. 2011 წლის ფინანსური დოკუმენტი თავდაპირველად 35 556 000 ლარით განისაზღვრა. გასული წლის განმავლობაში მასში შესული ცვლილებების შედეგად, ბიუჯეტის მოცულობამ 57 000 000 ლარამდე შეადგინა. ბიუჯეტის შემოსულობების 68% (30 456 600 ლარი) გრანტებზე მოდის, 11% (5 041 900 ლარი ) გადასახადებს უკავია, ხოლო ქალაქის შემოსულობების კუთხით სხვა შემოსავლების წილი 21%-ით (9 332 100 ლარი) განისაზღვრა.
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ქალაქის 2011 წლის ფინანსური რესურსიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ხარჯების დაფინანსებას 5 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა. საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისათვის გათვალისწინებული ხარჯებიდან 1 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა საგანგებო სიტუაციებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ორგანოებისათვის განკუთვნილი შემოწირულობის ოდენობა 681 300 ლარით განისაზღვრა.
რაც შეეხება, 2011 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ სხვა პროგრამებს, ისინი შემდეგნაირად გამოიყურება: ტურიზმის განვითარების პროგრამის ფარგლებში გასულ წელს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი შეიქმნა, სადაც ანგარიშის მიხედვით 3 სპეციალისტი დასაქმდა. გარდა ამისა, გამოიცა ქუთაისისა და იმერეთის გზამკვლევი რუქები და მოეწყო გამოფენა-ბაზრობები.
2011 წლის ბიუჯეტის რესურსიდან, გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯებმა 2 784 900 ლარი შეადგინა. ხოლო წლის განმავლობაში დახარჯული 2 545 700 ლარით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 21 ქუჩას, 40 ქუჩაზე კი მიმდინარე შეკეთებითი სამუშაოები განხორციელდა. „წლის მანძილზე შეძენილ იქნა 7 ერთეული ნაგავშემკრები სატრანსპორტო საშუალება, 2011 წელს გაიზარდა დაგვა-დასუფთავების ფართი. 148 200 ლარის ფარგლებში ქალაქის 5 ქუჩაზე მოეწყო საკანალიზაციო ქსელი. ღვარსადენების ექსპლუატაციისა და რეაბილიტაციის პროგრამის გეგმიდან (200 000 ლარი) 9 ქუჩაზე აღდგა და მოეწყო ახალი ღვარსადენი ქსელი. პროგრამა „კორპუსის“ ფარგლებში აღდგენილია 156 სამგზავრო ლიფტი, ქალაქის მასშტაბით შეკეთდა 8 მაღლივი საცხოვრებელი ბინის დაზიანებული ზედა ნაწილები, შეკეთდა 10 ბინის ფასადი და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს გადაეცათ 165 876 ლარის ღირებულების გადასახური მასალა,“ - განაცხადა თემურ ცაგარეიშვილმა ანგარიშის პრეზენტაციისას.
გასული წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან განხორციელებულ პროექტებს შორის თემურ ცაგარეიშვილმა დავით აღმაშენებლის გამზირზე გამყოფი ზოლის გამწვანებისა და კეთილმოწყობის ღონისძიებებიც აღნიშნა. კერძოდ, 300 ერთეული პალმის შეძენა, სარწყავი სისტემის დამონტაჟება, სანათი წერტილებისა და ველობილიკის მოწყობა. პრეზენტაციის დასრულებისას დეპუტატებმა ანგარიში შეაფასეს.
„მოცემული ანგარიში მათემატიკურ ვარჯიშს წარმოადგენს. ეს არის ციფრების რუქა და მე ვერ ვხედავ ვერავითარ ანალიტიკას. არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა, როგორ გაკეთდა და რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა ამით. გარდა ამისა, საკმაოდ აქტუალურია შესრულებული სამუშაოების ხარისხი. როდესაც ვამბობთ, რომ ამდენი კილომეტრი გზის საფარი დავაგეთ, თუ ის გზა 6-7 თვეში თავიდან გასაკეთებელი გახდა, ის ფული ხომ წყალში გადაყრილი გამოდის?“ - განაცხადა „ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელმა საკრებულოში გიორგი შავგულიძემ.
ოპონენტი კოლეგის რეპლიკას საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა უპასუხა. მისი თქმით, შესრულებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებული საკითხი სერიოზული გადაწყვეტილების მიღებას საჭიროებს. „გპირდებით, უხარისხო სამუშაოებს არავინ არავის აპატიებს. პასუხისმგებლობა შემსრულებელზე იქნება,“ - განაცხადა ხვადაგიანმა.
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა დავით გოგისვანიძემ აღნიშნა, რომ შემკვეთმა სამუშაო ისე უნდა შეასრულოს, როგორც უკვეთავენ. „გზის საფარი, რომელმაც შეიძლება გაძლოს 10-15 წელიწადი, ბევრად ძვირი ჯდება. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, იმ თანხების ფარგლებში კეთდება, რაც ქალაქის ბიუჯეტს გააჩნია. ხარისხთან დაკავშირებით ეს პრობლემა გასათვალისწინებელია,“ - ამბობს დავით გოგისვანიძე.
საკრებულოს 25-წევრიანი შემადგენლობიდან სხდომას 10 დეპუტატი არ ესწრებოდა. წარმოდგენილ ანგარიშს მხარი არ დაუჭირეს გიორგი შავგულიძემ და „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელმა მაუკა მღვდელაძემ. მღვდელაძემ ანგარიში პიარ-პროგრამების პრეზენტაციად მონათლა და ბიუჯეტის პროექტის ხარვეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, პროექტორის საშუალებით გაკეთებული პრეზენტაცია, პროგრამის ხარვეზებს ვერ აკეთილშობილებს.
„წარმოდგენილი ბიუჯეტი ორიენტირებული იყო პიარზე და არა ხალხზე. მოცემულია პროგრამები, რომლებიც შესრულდა უხარისხოდ. უბრალოდ მოყვანილი იყო ციფრები, რა დაიხარჯა და რისთვის დაიხარჯა. ამან რა შედეგი გამოიღო და როგორ გაზომეს ეს შედეგი, ამაზე არავის უსაუბრია. სამაგიეროდ, საუბრობენ აღმაშენებლის გამზირის მოწყობაზე, როდესაც იქ არც ერთი სანათი წერტილი არ მუშაობს, ხოლო მუშებმა ხელფასი ვერ აიღეს. ჩავარდნილია ისეთი პროექტები, როგორიც არის გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია და მოსახლეობის წყლით მომარაგება,“ -განაცხადა მღვდელაძემ.
ქრისტინა ქარჩხაძე
No comments:
Post a Comment