ქუთაისის კონტროლის პალატიდან დაკითხვის შემდეგ გამოსული „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები ფსიქოლოგიურ ტერორზე საუბრობენ. პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა ეკა კაშიამ კონტროლის პალატა ცოტა ხნის წინ დატოვა. კაშია აცხადებს, რომ დაკითხვის დროს მას აიძულებდნენ ეთქვა ის, რაც რეალურად არ ხდებოდა.
„კონტროლის პალატაში შესვლის წინ გამჩხრიკეს. შემდეგ ამიხსნეს ჩემი უფლებები და დაკითხვა დაიწყეს. მეკითხებოდნენ პარტიიდან ფული ხომ არ ამიღია და ასევე, ხომ არ გადამირიცხია. ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის საქმეში ხელმოწერებს ხომ არ ვაგროვებდი, ისიც მკითხეს, ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე შენთან ვინმე ხომ არ იყო სახლში მოსულიო. მაიძულებდნენ იმის თქმას, რაც არ იყო რეალურად. მე ყველაფერზე უარს ვამბობდი. მაგრამ, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდნენ ჩემზე. მითხრეს, ოქმი რომელსაც ხელს მოაწერ, პროკურატურაში გადაიგზავნება და იქ გაირკვევა შენი საქმეო,“ - აცხადებს ეკა კაშია. კაშიას გარდა, დღეს უკვე ქუთაისის კონტროლის პალატაში უკვე დაიკითხა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრი.
ამ წუთებში კი კონტროლის პალატაში „რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელს კითხავენ, რომელიც შენობაში ადვოკატთან ერთად იმყოფება. მისი დაკითხვა 2 საათზე მეტია გრძელდება. რომლის შემდეგ, კონტროლის პალატაში „რესპუბლიკური პარტიის“ კიდევ ორ წევრს დაკითხავენ.
„ეს კონტროლის პალატა კი არა პროკურატურაა. ამდენ ხანს დაკითხვა პროკურატურაში არ გძელდება,“ - აცხადებს „რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნატო ქათამაძე.
ქუთაისის კონტროლის პალატაში „რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრთა დაკითხვა დღეს 10:00 საათიდან განახლდა. დღეს კონტროლის პალატაში პარტიის 5 წევრი იყო დაბარებული.
ქუთაისში, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრთა დაკითხვა გუშინ დაიწყო. 13 მარტს კონტროლის პალატის შენობაში 12 ადამიანი დაკითხეს.
„ახალი გაზეთი“
No comments:
Post a Comment