ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩის №97-ში მცხოვრები სანიკიძეების ოჯახი მატერიალურ დახმარებას უკვე ერთი თვეა, ელოდება. სანიკიძეებმა ქალაქის მერიას დახმარების მისაღებად მიმდინარე წლის თებერვალში მიმართეს.
„ჩემმა მეუღლემ მერიაში განცხადება შეიტანა. იქედან ჯამრთელობის დაცვის სამსახურში გადაგვამისამართეს. იქ კი განგვიმარტეს, რომ დახმარება აღდგომამდე არ გაიცემოდა. მანამდე ხომ გვინდა არსებობა? ძალიან ცუდ დღეში ვართ", - ამბობს 61 წლის ინეზა სანიკიძე, რომელიც მძიმე ავადმყოფია.
სანიკიძეების ხუთსულიანი ოჯახი უკვე 7 წელია, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. როგორც ინეზა სანიკიძე ამბობს, საკუთარი, სამოთახიანი საკუთარი ბინა შვილის ოპერაციის გამო გაყიდა. „თან ვალებიც გვქონდა და იძულებულები ვიყავით გაგვეყიდა. დავიღალე ამდენი მომთაბარე ცხოვრებით. სანამდე უნდა ვიცხოვროთ ასე?", - ამბობს ინეზა სანიკიძე. როგორც სანიკიძეების ოჯახის დიასახლისი აღნიშნავს, ოჯახის შემოსავალი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის ყოვეთვიური დახმარება (70 ლარი) და მისთვის განკუთვნილი პენსიაა (65 ლარი). მას ინეზა სანიკიძის კუთვნილი პენსიაც ემატება (110 ლარი). „ფეხზე ვერ ვდგები, უკვე რამდენიმე თვეა. ყავარჯნების გარეშე გადაადგილება არ შემიძლია", - აღნიშნავს ინეზა სანიკიძე.
„ვიცით ამ ოჯხის მდგომარეობა. ჩვენ მას ბევრჯერ დავხმარებივართ", - ამბობს ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახურის უფროსი კახა ქორიძე. მისივე თქმით, აღნიშნული ოჯახი კუთვნილ ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მიიღებს. თუმცა, როდის ან რა თანხის მიღებას შეძლებს ოჯახი, ამას ვერ აკონკრეტებენ. „მატერიალური დახმარების პროგრამის გაცემას აქვს თავისი წესი. მოქალაქის დაკმაყოფილება განცხადების შემოტანიდან დაახლოებით ერთ თვეში ხდება. ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობს ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესწავლა. ამიტომაც შეუძლებელია ათასობით შემოტანილი განცხადების განხილვა ერთდროულად და ერთ კვირაში მოხდეს. რაც შეეხება სანიკიძეებს, ისინი დახმარებას დაახლოებით ერთ თვეში მიიღებენ, თუმცა რა თანხით დავეხმრებით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი", - განმარტავს კახა ქორიძე.
მატერიალური დახმარების პროგრამა ადგილობრივ ბიუჯეტში უკვე წლებია ხორცილედება, რომელიც ერთჯერადად, ფულად დახმარებას ითვალისწინებს. პროგრამით სარგებლობა მხოლოდ იმ ადგილობრივ მცხოვრებლებს შეუძლიათ, რომელთა სოციალური ფონია დაბალია. პროგრამა ფულადი დახმარების გაცემას 100 ლარიდან 300 ლარის ოდენობით ითვალისწინებს. მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახურში განმარტავენ, რომ მიუღებელია მხოლოდ ერთ მოქალაქეზე გაიცეს დიდი ოდენობის თანხა და სხვა ისე დარჩეს. „ჩვენ ვცდილობთ თანხა ყველას გავუნაწილოთ", - ამბობს კახა ქორიძე.
მიმდინარე წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამისთვის 150 000 ლარია გამოყოფილი, რაც გასული წელთან შედარებით 6 500 ლარით არის გაზრდილი. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ პროგრამის ზრდა თვითმმართველობაში არსებულ მზარდ რესურსებს უკავშირდება. „პროგრამის ზრდა განპირობებულია არა ბენეფიციარის ზრდით, არამედ თვითმმართველობას აქვს იმის რესურსი, რომ თავად ფულადი დახმარება გაზარდოს", - ირწმუნება კახა ქორიძე.
პროგრამის გაზრდაში საკუთარი პარტიის წვლილს ხედავს „ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაცია. თავმჯდომარე და ასევე, საკრებულოს თავმჯდომარის მეორე მოადგილე დავით დვალი.
„სწორედ ჩვენ დავაყენეთ ოფიციალურად საკითხი, რომ ერთჯერადი სოციალური დახმარებები გაზრდილიყო და ეს მოთხოვნა დაგვიკმაყოფილეს კიდევაც", - ამბობს „ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელიც ამავე დროს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.
კოლეგისგან განსხვავებული პოზიცია აქვს საკრებულოს კიდევ ერთ ოპოზიციონერ წევრს, „ახალი მემარჯვენეების" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს მამუკა მღვდელაძეს. მისი განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლება სოციალურ პროგრამებს წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებს. „სოციალურ პროგრამებს მოქალაქეების გულის მოსაგებად იყენებენ", - ამბობს მღვდელაძე.
„ეს არის არაკომპეტენტური განცხადება, რადგან ჩვენ სოციალურ პროგრამებს ყოველწლიურად ვზრდით. შესაბამისად, წელსაც არის გაზრდილი. აქ საარჩევნო წელი არაფერ შუაში არ არის", - ამბობს კახა ქორიძე.
აღსანიშნავია რომ, 2011 წელს მატარიალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 143 500 ლარს შეადგენდა. სამაგიეროდ, 2010 წელს (რომელიც ასევე არჩევნების წელი იყო) პროგრამის ბიუჯეტი 180 000 ლარით განისაზღვრა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით დვალი თვლის, რომ ხელისუფლება შეეცდება სოციალური პროგრამები თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ.
„საარჩევნოდ პოლიტიკურ პარტიებს შეზღუდვები გვაქვს. ერთადერთი ვისაც შეუძლია დახმარების გაცემა - მმართველი გუნდია", - ამბობს დვალი.
„თანხებს სააღდგომოდ და შემოდგომისთვის ინახავენ", - აღნიშნავს მამუკა მღვდელაძე.
მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახურში ირწმუნებიან, რომ პროგრამა მიმდინარე წლის 3 იანვრიდან ხორციელდება და ბენეფიციარების დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
„თანხები აპრილშიც გაიცემა, მაისშიც და შემოდგომაზეც", - აღნიშნავს ქორიძე. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე 67 000 ლარია ათვისებული. აღნიშნული თანხა 377 ადამიანზე გადანაწილდა. მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე დახმარების მისაღებად განცხადება სულ 800-მდე ადამიანმა დაწერა.
თეკლა მორგოშია
No comments:
Post a Comment