წყალტუბოს აღორძინების წლად გამოცხადებული 2011 წელი პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეების, რესტორან ,,სტალაქტიდას“, სასტუმრო ,,სპა რეზორტის“, ახალი პოლიციის შენობისა და სპორტის სასახლის გახსნით შემოიფარგლა. ასაღორძინებელმა ინფრასტრუქტურამ, დარჩენილი ტურისტული ობიექტების გახსნამ და სხვა მნიშვნელოვანმა პროექტებმა კი 2012-ში გადმოინაცვლა.
,,ყველაზე დიდი კურორტი იქნება წყალტუბო და მისი განვითარება იწყება წელს,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის 13 მარტს, საერთაშორისო ტურიზმის სასწავლო ცენტრში გააკეთა. თუმცა, ჯერ კიდევ გასულ წელს წყალტუბოში მყოფი პრეზიდენტი აცხადებდა, რომ: ,,დღეს ჩვენ ვაცხადებთ წყალტუბოს აღორძინების პირველი ეტაპის დასაწყისს, რომლის დასასრული მომავალ წელს დადგება“.
პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ ვადებში დაუსრულებელ და ისევ აყვავების მოლოდინში მყოფ ქალაქში ჯერ კიდევ უძრაობა შეინიშნება. კურორტი ტურისტულ ზონად გადაქცევისთვის ახლა უკვე 2013-ს ელოდება.
წყალტუბოში ამჟამად დევნილებისგან დაცლილ სანატორიუმ ,,შახტიორში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მისი სახით წყალტუბოს კიდევ ერთი სასტუმრო უნდა შეემატოს: ,,მიმდინარეობს დასუფთავებითი სამუშაოები. შემდეგი ეტაპი იქნება სახურავის შეკეთება, მერე დემონტაჟი ძველი საკანალიზაციო სისტემის და ა.შ. გარე ფასადი რესტავრირდება, თუმცა ძველი იერსახე შენარჩუნებული იქნება“, - აღნიშნავს სამუშაოთა მწარმოებელი ზვიად დევიძე.
სანატორიუმ „შახტიორის“ სარეაბილტაციო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია ,,ქროს ვეისი“ აწარმოებს. აღნიშნული ობიექტის გრადა, რეაბილიტირების პროცესშია ასევე, მეექვსე აბაზანა, რომელიც ხუთვარსკვლავიანი უნდა იყოს. აგრეთვე დაგეგმილია მეორე აბაზანის გარემონტება. ასევე უნდა გაკეთდეს ახალი აბაზანა - ე.წ. თვალის წყალი. წყალტუბოში დაწყებულია პარლამენტართა საცხოვრებელი სამი კორპუსის მშენებლობაც, რომელიც, დაუდასტურებელი ინფორმაციით, უამინდობის გამო გარკვეული დროით შეჩერებული იყო. ადგილობრივ თვითმმართველობაში ფიქრობენ, რომ პარლამენტართა წყალტუბოში ცხოვრება მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ინვესტორების მოზიდვისათვის.
დამატებითი სამუშაოები მიმდინარეობს პრომეთეს მღვიმეშიც, სადაც კეთდება საწყალოსნო გამოსასვლელი და დამთვალიერებელს მეტი ექსტრემისთვის მღვიმიდან გამოსვლა ნავებით შეეძლება. უნდა შეიცვალოს შიდა განათებები, რომლის შედეგადაც მღვიმის მთელი ტერიტორია ფერადად განათდება.
ქალაქში დაწყებული სამუშაოების მიუხედავად, ადგილობრივი მოსახლეობა მაინც უძრაობასა და იმედგაცრუებაზე საუბრობს. ადგილობრივი მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ გარკვეული ძვრები შეინიშნება, თუმცა მნიშვნელოვან ცვლილებებს ჯერჯერობით ვერ ამჩნევენ.
,,მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ობიექტი უკვე გაიხსნა, აქტიური ცხოვრება ჩვენს ქალაქში ჯერ ნამდვილად არ შეინიშნება, რაც ძალიან სამწუხაროა. შეიძლება ითქვას, რომ არ ასრულდა ის დაპირება, რასაც 2011 წელში წყალტუბოს აღორძინების დაწყება ჰქვია. რადგან ახალგაზრდობას და აქ მცხოვრებლებს არ აქვთ რეალური შეგრძნება, რომ აქტიური ცხოვრება დაიწყო ჩვენს ქალაქში“-ამბობს წყალტუბოში მცხოვრები თეონა ქობულაძე.
,,მართალია, ქალაქი ლამაზდება და ახალი შენობები ემატება, თუმცა განსაკუთრებული გააქტიურება და დასაქმებული ხალხის რაოდენობის გაზრდა ჯერ აქ არ შეინიშნება. ველოდით, რომ პრეზიდენტის დაპირება ასრულდებოდა და გასულ წელს ქალაქს მნიშვნელოვანი ცვლილება დაეტყობოდა, თუმცა ასე არ მოხდა.იმედია ამ წელს მაინც გაცოცხლდება ქალაქი და გაჭირვვებული ხალხისთვისაც იქნება რამე სასიკეთო“- აღნიშნავს ადგილობრივი მცხოვრები გურამ ალანია.
წყალტუბოში მასშტაბური პროექტების დაწყება ამჯერად მიმდინარე წლის აგვისტოს შემდეგ იგეგმება. ადგილობრივ მთავრობაში განმარტავენ, რომ მთლიანად უნდა გამოიცვალოს წყალსადენის ინფრსატრუქტურა, შიდა კომუნიკაციები და სათავე ნაგებობები. 2012-ში მოსახლეობას წყლის მიწოდების 8 საათიანი გრაფიკი უნდა ქონდეს, 2013 წლის ზაფხულისათვის კი ქალაქი წყლის მიწოდების 24 საათიან რეჟიმზე უნდა გადავიდეს.
ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროეტი, რაც წყალტუბოში იგეგმება - პარკის რეაბილიტაციაა, რომელიც ასევე, აგვისტოში დაიწყება. ,,პარკის რეაბილიტაცია იგეგმება თავიდან ბოლომდე. იგი იქნება არამარტო დასასვენებელი, წყნარი ადგილი, არამედ, იქნება ტურისტული ობიექტი. იქ ისეთი ინფრასტრუქტურა შეიქმნება, რომ ამ პარკის სანახავად ტურისტები სპეციალურად ივლიან,“ - აღნიშნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა საღარეიშვილმა.
ბოლო დაპირების მიხედვით, წყალტუბოს აღორძინება 2013 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. ბალნეოლოგიური მნიშვნელობის გარდა, კურორტმა ახალ ფუნქცია და დატვირთვა უნდა შეიძინოს. იგი არამარტო საქართველოში, არამედ მთელს ევროპაში, ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ზონის სახელის მინიჭებისთვის ემზადება.
ხათუნა მაისურაძე
No comments:
Post a Comment