საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ქუთაისში ღია კარის დღეების გამართვა დაიწყო. ნებისმიერ მოქალაქესა და დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება წყალმომარაგებისა, თუ ელექტრო ენერგიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბროს, დასვას კითხვები და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია.
გარდა ზემოთაღნიშნულისა, სემეკი ,,სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში, უფროსკლასელებს ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას გააცნობს.
გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარესთან - გურამ ჩალაგაშვილთან.
- კონკრეტულად, რა ფუნქციებს ითავსებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომპანია?
ჩვენი კომისიის ფუნქცია გახლავთ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირება. რეგულირება კი მოიცავს ყველა იმ დეტალის მოწესრიგებას, რაც გულისხმობს ენერგეტიკასა და წყალმომარაგებაში არსებული პრობლემების მოგვარებას, დაწყებული ტარიფიდან, ხარისხიდან და მომსახურებიდან. ასევე, კომპანიებსა და მოქალაქეებს შორის არსებული ურთიერთობის დარეგულირებას.
- რა სახის პრობლემები ფიქსირდება?
ჯერჯერობით ისევ ფიქსირდება გარკვეული სახის პრობლემები, ძირითადად საზოგადოებასა და კომპანიებს შორის. გამომდინარე იქედან, რომ მოქალაქეებს აქვთ პრეტენზიები. შესაბამისად, კომისიის უმთავრესი ფუნქციაც სწორედ ის გახლავთ,რომ თითოეულ მათგანს მოუსმინოს, თუ რა სახის კონკრეტული პრობლემა აქვს და კომპანიასთან მიმართებაში და ხელი შეუწყოს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრას.
-რა პრინციპით ხდება კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტა?
კომისია ცდილობს, რომ ნებისმიერი პრობლემა შეხვედრებით, საუბრითა და მიმოწერით გადაწყვიტოს. თუმცა, როდესაც კომპანიასა და აბონენტთან მიმართებაში ვერ ვპოულობთ კომპრომისს, კომისია უკვე იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, რომელიც დამყარებულია მოქმედ კანონმდებლობასა და შიდა ნორმატიულ აქტებზე.
-ძირითადად რა პრეტენზიებით მოგმართავთ მოქალაქეები?
პრობლემებია გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით. მართალია მოსახლეობა ხედავს, რომ დაჩქარებულ ვადებში მიმდინარეობს გამრიცხველიანება, მაგრამ ვთქვათ, როცა ერთი სოფლის მაცხოვრებელი ხედავს, რომ მეორე სოფელში უკვე დასრულდა გამრიცხველიანება, უკვე უჩნდება კითხვები, თუ როდის დასრულდება მათ სოფელში აღნიშნული პროცესი. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა კომპანიის წარმომადგენელს უჩნდება ეჭვი გაზთან, თუ წყალთან მიმართებაში მრიცხველის გამართულობასთან დაკავშირებით. რის შემდეგ მიმართავენ სახვადასხვა ლაბორატორიებს. ხდება მრიცხველის შემოწმება და დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეს უწევს დამატებითი თანხის გადახდა. მოქალაქეებისათვის ეს რთულად გასაგები ფაქტია და ამიტომ, მოდიან ჩვენთან და ახსნა-განმარტებას ითხოვენ. მაგალითს გეტყვით: ვთქვათ, აბონენტს უწევდა 20 ლარის გადახდა და დაერიცხა ორი ლარით მეტი, რა თქმა უნდა, აინტერესებთ მოქალაქეებს ამის შესახებ ინფორმაცია და ჩვენ მოგვმართავს. ჩვენი რეაგირება გულისხმობს ამ საკითხის შესწავლას. ხოლო თუ სწორად არის თანხა დარიცხული, სხვადასხვა პრობლემებიდან გამომდინარე, ამ ადამიანებს ადამიანურ ენაზე ვუხსნით არსებულ შემთხვევას. ასევე, ძირითადი პრეტენზიები მომსახურების საკითხებთან დაკავშირებით აღინიშნება. მოსახლეობა ამბობს, რომ ხშირად ხდება გაზის უხარისხოდ მიწოდება, დაზიანება ან სულაც გათიშვა. ასევე, პრობლემებია საერთო მრიცხველზე დაერთებული მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო და ასე შემდეგ.
- რამ განაპირობა სემეკის მიერ ღია კარის დღეების დაარსება?
ძალიან ბევრია ისეთი შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს გარკვეული სახის შეკითხვები უჩნდებათ. მოგეხსენებათ, რომ სატელეფონო საუბრის შემთხვევაში, სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება ვერ ხერხდება. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ კვირაში ერთი დღე ამ ხალხის მოსმენას დავუთმოთ. ეს იქნება არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ ნებისმიერი მოქალაქე, არა აქვს მნიშვნელობა. რომელსაც ექნება კონკრეტული კითხვა, თუ პრობლემა ან სულაც ექნებათ სურვილი ზოგადი ინფორმაციის მიღების. ჩვენ მზად ვართ გვაცნოთ ინფორმაცია, მოვუსმინოთ და შესაბამისი პასუხები გავცეთ. თუკი ისეთი ტიპის პრობლემა იქნება, სადაც მხოლოდ პასუხის გაცემა არ იქნება საკმარისი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, თუ ჩვენი იურისტების დახმარებით აუცილებლად გაეწევათ რეკომენდაციები. ასევე, ადგილზევე მოხდება განცხადების დაწერა და მათი პრეტენზიის ფურცელზე გადატანა. შესაბამისად კომისია იმ დღესვე დაიწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილებას.
ნებისმიერი კონკრეტული პრობლემის მოგვარებისაკენ მიმართვა გულისხმობს არამხოლოდ მოქალაქეების დახმარებას, არამედ ითვალისწინებს, ასევე კომპანიების მომსახურებასაც. რადგან ჩვენი ვალდებულება როგორც მოქალაქეების, ასევე კომპანიების უფლებების დაცვა და მათთვის სტაბილური გარემოს შექმნაა.
- სად, რა სიხშირით და ხანგრძლივობით ჩატარდება ღია კარის დღეები?
ღია კარის დღეები ჩატარდება ყოველ სამშაათს 13:00 საათზე, რომელიც სავარაუდოდ საათს ან საათნახევარს მოიცავს. იმისათვის, რომ ნებისმიერ მოქალაქეს მოვუსმინოთ და ნებისმიერ შეკითხვაზე მიიღონ ამომწურავი პასუხები.
ჯერჯერობით, ღია კარის დღეები ადგილზე, კომისიის შენობაში გაიმართება. ამ ეტაპზე ვმუშაობთ პროექტზე და შემოდგომისთვის ვგეგმავთ, რომ ღია კარის დღე ყოველ სამშაბათს ინტერნეტის საშუალებით, ონლაინ რეჟიმში გავიდეს, რათა ხელმისაწდომი იყოს ყველასთვის.
- ანუ ღია კარის დღე ყველა დაინტერესებული ადამიანისათვის ღია და საჯარო იქნება?
ღია კარის დღე უზრუნველყოფს საჯარო დასწრებას და ღიაა ნებისმიერი ტიპის მსმენელისათვის.
- მომხმარებელთა უფლებების შესახებ რას იტყვით?
მომხმარებელებს აქვს უფლება მიიღონ ხარისხიანი მომსახურება, ხარისხიანი ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი და სასმელი წყალი უწყვეტად.
- რატომ გადაწყვიტეთ სკოლის მოსწავლეებისათვის სემეკის საქმიანობის შესახებ მოსმენები განგეხორციელებინათ? რამდენად პრიორიტეტული იქნება სამომავლოდ ეს მოსწავლეებისათვის?
- ჩვენ ყოველ ოთხშაბათს ვხვდებით მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს. ეს არის დასაწყისი და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ინფორმირებულები არიან ჩვენი კომპანიის ფუნქციების შესახებ. გაოცებული ვარ მათი დიდი დაინტერესებით. ვესაუბრებით იმ საკითხებზე, თუ რა არის მარეგურილებელი კომისია და რა უფლება-ვალდებულებები აკისრია კომპანიას. ჩვენ ვცდილობთ, რომ კიდევ უფრო დავაინტერესოთ ისინი, რადგან სამომავლოდ საქართველოში კარგი ენერგეტიკოსები გვყავდეს. თუ ისინი ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტები იქნებიან სამომავლოდ, შესაბამისად უკვე ჩვენც შეგვეძლება დეპარტამენტში გავატაროთ სტაჟირება და ისწავლონ ყველაფერი, რაც მათ პირველ ეტაპზე დასჭირდებათ. შემდეგ, თუ კარგი სპეციალისტები იქნებიან, ასევე ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა გამოცხადებულ კონკურსებში, რა თქმა უნდა, ჩვენთან სტაჟირებაგავლილ ადამიანებს გარკვეული პრივილეგია ექნებათ.
ეს შესაძლებლობა ვრცელდება არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეებზე, არამედ ყველა იმ ადამიანზე, ვინც აღნიშნულ პროგრამაში ჩართვის სურვილს გამოხატავს. შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და მობრძანდნენ.
No comments:
Post a Comment