კამპანიის - „ეს შენ გეხება“ მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა დღეს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში პრესკონფერენცია გამართეს. სადაც პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებას გამოეხმაურნენ. კამპანიის წევრი ორგანიზაციები არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევენ პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონთან მიმართებაში.
დავით ბაქრაძემ მიმდინარე წლის 5 მარტს, ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებების შესახებ“ კანონში სპეციალური ჩანაწერი გაკეთდება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იმ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობენ და მათ ინსტიტუციონალურ და დემოკრატიულ განვითარებაზე ზრუნავენ, აქამდეც არ იზღუდებოდა.
კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება მხოლოდ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის საქმიანობის შეზღუდვის თავიდან აცილებას არ გულისხმობს.
„უკანასკნელი დღეების განმავლობაში მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კიდევ ერთხელ გადახედავენ საარჩევნო კანონმდებლობას და არსებულ დებულებებს დააზუსტებენ. კერძოდ, მასში ნათლად ჩაიწერება, რომ კანონმდებლობა არ ზღუდავს არასამთავრობო და იმ დონორი ორგანიზაციების „ლეგიტიმურ აქტივობებს“, რომლებიც პარტიების განვითარების კუთხით მუშაობენ.
საქართველოს პარლამენტის სურვილი, რომ შეცვალოს ბუნდოვანი და პრობლემური კანონმდებლობა, კამპანიის მონაწილეებისთვის მისასალმებელია, თუმცა მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,“ - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ და კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ 2012 წლის 17 თებერვალს წარადგინა. „პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისკენ, პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბარი საარჩევნო პირობების შექმნისკენ, მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფისკენ,“ - განაცხადეს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადების ძირითადი მოთხოვნებია: გაუქმდეს ამომრჩევლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და მთელი პასუხისმგებლობა, ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევაში, დაეკისროს პარტიას ან იურიდიულ პირს; დავიწროვდეს იმ პირთა წრე, რომელიც შესაძლებელია დაექვემდებაროს პარტიისთვის დადგენილ შეზღუდვებს. „აღნიშნული შეზღუდვები კი გავრცელდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ პირებზე, რომელთაც გაცხადებული აქვთ საარჩევნო მიზნები და ამ მიზნებისთვის გაწევენ ხარჯებს,“ - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მათი მოთხოვნა, ასევე ეხება, რომ განისაზღვროს კონტროლის პალატის მოქმედების ფარგლები, რათა მას არ მიეცეს თავისუფლად მანიპულირების საშუალება: „დეტალურად გაიწეროს ყადაღის დადების წესი, რომლის უფლებაც მიენიჭა კონტროლის პალატას, განისაზღვროს როლი, იმისათვის, რომ ქონების დაყადაღება არ მოხდეს მისი მონაწილეობის გარეშე; შემცირდეს დადგენილი არაგონივრული სანქციები პარტიებისა და სხვა პირებისთვის“.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანია შეიცვალოს არაერთი სხვა დებულება,მათ შორის საარჩევნო კოდექსში არსებული რეგულაციები. ასევე, აუცილებელია საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევა, რათა პოლიტიკურ პარტიებს მიეცეთ თანაბრად კონკურენტულ გარემოში კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების საშუალება.
„ახალი გაზეთი“
No comments:
Post a Comment