ს/ს იმერეთის სამხარეო ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრს გასაყიდად ამზადებენ. არაოფიციალური ინფორმაციით სამედიცინო დაწესებულების მომავალი მფლობელი უკვე გამოვლენილია, თუმცა, მისი ვინაობა ამ დროისთვის არ სახელდება. დაწესებულების დირექტორის გელა გვეტაძის თქმით, საავადმყოფო ამ ეტაპზე სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხება, თუმცა ამბობს, რომ პრივატიზაცია მათთვის მისაღებია.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი განმარტავს, დაწესებულება ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით სარემონტო სამუშაოებსა და ტექნიკურ გადაიარაღებას საჭიროებს, რასაც ჯამში მილიონ 200 000 ლარი ესაჭიროება. დირექტორი ირწმუნება, რომ პაციენტთა მომართვიანობის მიუხედავად, საავადმყოფოს საკუთარი ფინანსური რესურსით ამის გაკეთების შესაძლებლობა არ აქვს. ამიტომ, ოპტიმიზაციის პროცესს მისაღებად მიიჩნევს.
„ჯერ არ ვიცით ვინ იქნება მფლობელი. თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ინვესტორის მიმართ არის ის, რომ მინიმუმ 7 წლის მანძილზე დაწესებულებამ იგივე სტატუსით უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება. დასავლეთ საქართველოში ანალოგიური პროფილით მომუშავე დაწესებულება არ გვაქვს, თუ არ ჩავთვლით ბათუმისა და ზუგდიდის მცირე დაწესებულებებს. საავადმყოფოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პრივატიზაციის წინააღმდეგი არ ვართ,“ - ამბობს გელა გვეტაძე.
დაწესებულების დირექტორის თქმით, საავადმყოფოს გასხვისების შემდეგ კადრების შენარჩუნება-შემცირების საკითხი მას აღარ შეეხება.
თუმცა ამბობს, რომ ინფექციურ საავადმყოფოს კარგი სპეციალისტები ჰყავს და ინვესტორმა ეს უნდა გაითვალისწინოს.
ინფექციურ საავადმყოფოში 118 ადამიანია დასაქმებული. საავადმყოფოში დასაქმებულების თქმით, სამედიცინო დაწესებულების გასხვისების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. შესაბამისად, საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრის დაფიქსირებისაგან თავს იკავებენ.
No comments:
Post a Comment