Friday, April 27, 2012

კვირეულის საღამოები ხსოვნის ნიშნით


26-27 აპრილს, საქართველოს მასშტაბით მიმდინარე საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის ბიბლიოთეკებში ხსოვნის საღამოები გაიმართა.
ანდრია სინაურის სახელობის საქალაქო ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკის დამფუძნებლის და დამაარსებლის, პოეტ ანდრია სინაურის ცხოვრება და მოღვაწეობა გაიხსენეს. როგორც ცნობილია ანდრია სინაურმა თავისი სახლი და მისი მდიდარი ბიბლიოთეკა ქალაქს გადასცა. მოგვიანებით იქ საქალაქო ბიბლიოთეკა გაისხნა, რომლის გამგეც გარდაცვალებამდე ანდრიას მეუღლე ნადია აბდუშელაშვილი გახლდათ. ხსოვნის საღამოს მკითხველთა სხვადასხვა თაობა სტუმრობდა, მათ შორის ისინიც, რომლებიც  პირადად იცნოდნენ პოეტს. შეხვედრაზე გაცხადდა ერთ-ერთი ქალბატონის – ნანი ავალიანის სურვილიც, რომ  ბიბლიოთეკისათვის 200-მდე წიგნი გადაეცა.
გახსენება-გაცნობას შეეხო მიხა ხელაშვილის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საღამოც, სახელწოდებით „მიხა ხელაშვილი - ქართული ჰეროიზმის ემანაცია“, რომელიც სამეცნიერო ბიბლიოთეკის პერიოდიკის დარბაზში გაიმართა. საღამოს ინიციატორი მე-13 ბიბლიოთეკა გახლდათ. თუმცა მომხსენებლები არა თანამშრომლები, არამედ უფროსკლასელი მკითხველები იყვნენ. მათ მსმენელებს გააცნეს მიხა ხელაშვილი, როგორც საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი გმირი. ადამიანი, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშილთან ერთად ფშავსა და ხევსურეთში გამართულ შეიარაღებულ აჯანყებებში აქტიურად მონაწილეობდა. ამასთან ერთად, ის რამოდენიმე ცნობილი ლექსის „ლექსო ამოგთქომ“ და „ბინდისფერია სოფელის“ ავტორიცაა. „ამ ლექსებს საბჭოთა პერიოდში, როგორც ხალხურ პოეზიას ისე აცნობდნენ ხალხს. მიხა ხელაშვილის ფიგურა ცოტა მიჩქმალულია და მოზარდი თაობისათვის უცნობია. გვინდოდა ინფორმაცია მიხა ხელაშვილზე  მოზარდებისთვის მათსავე თანატოლებს მიეტანათ“, - ამბობს სამეცნიერო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ციცი ჯინჯიხაძე.
საბიბლიოთეკო კვირეული 30 აპრილს დაიხურება.
ეკა კუხალაშვილი

უნივერსიტეტსა და პროკურატურას შორის მემორანდუმი გაფორმდა


მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, დღეს ქუთაისს სტუმრობდა. დავით საყვარელიძემ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმი დაწესებულებასა და პროკურატურას შორის, ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც,  იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ლექციები და სემინარები მომზადდება. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, პროკურატურის სისტემაში პრაქტიკაც გაიარონ.
,, წერეთლის სახელობის უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმი დასავლეთ საქართვლოში განსაკუთრებულია. გვინდა, გავაღრმავოთ თანამშრომლობა, რათა უფრო მეტი კვალიფიციური პროკურორი და მოსამართლე წამოვიდეს ამ უნივერსიტეტიდან“–აღნიშნა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ.
,,მსგავსი კონტაქტების დამყარება უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ურთიერთობების გაღრმავებით, ძალიან კარგი შანსი ეძლევათ ჩვენს სტუდენტებს. გარდა იმისა, რომ მიიღებენ ღრმა თეორიულ ცოდნას, შანსი ეძლევათ, ეს ცოდნა გაიმტკიცონ პრაქტიკული უნარ–ჩვევებით,“ – ამბობს ა. წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე.
დღესვე, დავით საყვარელიძე იუსტიციის სახლში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მათ ქვეყნის ახალი პოლიტიკის  შესახებ ესაუბრა და ის პროექტებიც გააცნო, რომელსაც პროკურატურა ახორციელებს.
ხათუნა მაისურაძე

„ჯეოსტარის“ გამარჯვებული კარდაკარის პროგრამაში ჩაერთო


საარჩევნო სიების დაზუსტების მიზნით, კარდაკარის პროგრამა გრძელდება. ქუთაისში დღეს, რეგისტრატორები ფხაკაძეების ოჯახს სტუმრობდნენ. გაირკვა, რომ ექვსსულიანი ოჯახის ერთი წევრი, სიაში არ იმყოფებოდა. ,,დღეს შემიყვანეს სიაში. მიხარია, რომ მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში და პრობლემა არ შემექმნება“-ამბობს დარეჯან ფხაკაძე.
კარდაკარის პროგრამაში ჩაერთო, „ჯეოსტარი 2012“-ის გამარჯვებული მარიტა როხვაძე, რომელიც, ასევე, იმყოფებოდა ფხაკაძეების ოჯახში. ,,მივესალმები ამ ინიციატივას და მზად ვარ, ჩავერთო გადამოწმების პროცესში, რადგან ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მსგავსი წამოწყების  წარმატების გარანტი, საზოგადოების ჩართულობაა. მე, ჩემი მშობლიური ქალაქიდან ვუერთდები იმ ხალხს, რომლებიც კარდაკარ დადიან და ამოწმებენ სიებს,“ - აღნიშნა მომღერალმა მარიტა როხვაძემ.
კარდაკარის პროგრამა ორი დღეა დაიწყო. ქუთაისის მასშტაბით, 462 რეგისტრატორი გადაამოწმებს საარჩევნო სიებს. ,,ახალი ეტაპი ორი დღის დაწყებულია და მიმდინარეობს ყველა ოჯახში წყვილების შესვლა. ინციდენტები, ძირითადად, არ არის, თუმცა არის ოჯახები, რომლებიც არ უშვებენ ჩვენს წარმომადგენლებს,“ -განაცხადა სიების გადამოწმების კომისიის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა ივანე კაპანაძემ.
იმერეთის მასშტაბით, 1772 რეგისტრატორი გადამზადდა, რომლებიც ივნისის ბოლომდე, ყველა ოჯახში შევლენ. ივლისში, შეგროვებული მონაცემები გადამოწმდება. პირველი აგვისტოსთვის კი, მზა სიები უნდა გამოქვეყნდეს.
ხათუნა მაისურაძე

თეატრი თეატრში


„პანტომიმის თეატრი იმით არის გამორჩეული, რომ უნივერსალური ენა გააჩნია, მიმიკის და პლასტიკის ენა, რომელიც ყველა ერის ადამიანისთვის გასაგებია“, - ამბობს ქუთაისის „პანტომიმის თეატრის“ ხელმძღვანელი და რეჟისორი  ბაქარ ბაქრაძე.
ამ „უნივერსალური ენის“ მქონე „პანტომიმის თეატრი“ უკვე 4 წელია, რაც ქუთაისში ფუნქციონირებს. ოთხი წლის მანძილზე 3 სპექტაკლის („ოიდიპოსი“, „მოცარტი და სალიერი“ და „9 აპრილი“) დადგმა და 3 მიწვევის მიღება მოახერხა. მიწვევის, რომელიც თეატრმა ედინბურგისა და მონრეალის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალებიდან მიიღო. ქალაქის ხელმძღვანელობამ ასევე მიიღო წერილი ფესტივალის მესვეურებიდან, სადაც ისინი ქალაქის ხელისუფლებას თხოვდნენ დახმარებოდნენ თეატრს.  „მხოლოდ გზის ხარჯების ანაზღაურება იყო საჭირო. ყველა დანარჩენ ხარჯს ფესტივალი იღებდა. მხოლოდ იქამდე უნდა ჩაგვეღწია“, - ამბობს ბაქარ ბაქრაძე. თუმცა ედინბურგულმა მიწვევამ გული დიდად არ აუჩუყა ჩვენი ქალაქის მესვეურთ. ამის გამო, თეატრს სამივე ფესტივალის გამოტოვება  და სამი დიდი შანსის ხელიდან გაშვება მოუხდა.
სამაგიეროდ გული აუჩუყდათ ქუთაისის ოპერის თეატრში. „პანტომიმის თეატრი“ ოპერის თეატრმა შეიფარა და დაუთმო ოთახი რეპეტიციებისთვის. „ძალიან დაგვეხმარნენ, საკუთარი დარბაზი არ გვქონდა, სამი წლის განმავლობაში ქირას ვიხდიდით. შეიძლებოდა ქუჩაში ვყოფილიყავით და ვერ გვეკეთებინა ჩვენი საქმე“,- ამბობს „პანტომიმის თეატრის“ ხელმძღვანელი.  
თეატრი დღეს საქმის კეთებას ახერხებს. უფრო მეტიც, ოპერის თეატრის სივრცეში ორი თეატრი ფუნქციონირებს, ანუ თეატრი თეატრში ამოქმედდა.
ორი თეატრი ერთდროულად წარდგა მაყურებლის წინაშე ორ საოპერო სპექტაკლშიც. „პანტომიმის თეატრმა“ სანახაობრივად გაამდიდრა „ჯამბაზების“ ქუთაისური პრემიერა და მრავალფეროვნება შესძინა ახალი რედაქციით დადგმულ „მინდიას“.
თეატრი ახალ სპექტაკლზე მუშაობს, თუმცა ფინანსური შეფერხებები აქაც იჩენს თავს. „როცა საკუთარი შენობა არა გაქვს ცოტა უხერხულია რაღაც გრანდიოზული სპექტაკლის დადგმის წამოწყება. კულტურის სამსახურს მგონი არა აქვს იმდენი თანხა, რაც სპეტაკლის დადგმას ჭირდება, სრულყოფილად ვერ დაგიფინანსებს. ამიტომ გვიჭირს ახალი სპექტაკლის დაწყება, იქ მხატვარი გჭირდება, დეკორაცია, ხარჯი უნდა გაითვალისწინო. ბიზნესმენს კი ძალიან უნდა უყვარდეს თეატრი, რომ დაგიფინანსოს. ხელოვნების ასეთი მოყვარული კი ვერავინ ვნახეთ, ყველა თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი“, - ამბობს ბაქარ ბაქრაძე.
 სამაგიეროდ ხელოვნების მოყვარულნი ყავს თავად „პანტომიმის თეატრს“, რაც შესაძლებლობას აძლევს ფინანსური კრიზისების პირობებში არ გაჩერდეს და ფორმა შეინარუნოს. „პანტომიმის თეატრის მსახიობობა დიდ ფიზიკურ დატვირთვასთან არის კავშირში. ყოველ დღე სამსაათიანი ფიზიკური ვარჯიში გვინდა, რომ სულ ფორმაში ვიყოთ. მსახიობები ძალიან ბევრს შრომობენ, მაგრამ, ელემენტარულსაც ვერ იღებენ. ჩვენ საქმის მიმართ სიყვარული გვაძლებინებს, ფარ-ხმალს არ ვყრით და ვახერხებთ, რომ გვქონდეს ქალაქში პანტომიმის თეატრი, რომელიც ფასეულის შექმნას ცდილობს“, - ამბობს ბაქარ ბაქრაძე.
ეკა კუხალაშვილი

ქუთაისში ოპოზიციური პარტიის ლიდერი დააკავეს

,,გუშინ, საკუთარი მანქანით მოვდიოდი აღმაშენებლის გამზირზე და ჩემი უყურადღებობით, ოდნავი შეხება მომივიდა წინა მანქანასთან. გაჩნდა იქვე პატრული, ამომიწერეს 250 ლარიანი ჯარიმა და მითხრეს, რომ პრობლემა არაფერი იყო. თუმცა, როგორც კი ჩემი სახელი და გვარი გაიგეს, გადაწყვიტეს, რომ ორივე მანქანა საჯარიმოზე გადაეყვანათ. მე კი მითხრეს, რომ დაპატიმრებული ვიყავი ადმინისტრაციული წესით და ხელბორკილებით განყოფილებაში წამიყვანეს“ -  აცხადებს პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის ლიდერი გოგი წულაია.
პარტიის ლიდერი, მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს და აღნიშნულ ფაქტს, მისი დაშინებისა და დაშანტაჟების მცდელობად აფასებს. ,,ეს იყო პოლიტიკური ზეწოლა, რადგან არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენდა, არც მანქანის წართმევა, არც ხელბორკილების დადება და მითუმეტეს, განყოფილებაში წაყვანა, სადაც 45 წუთი მალოდინეს. ამ ხელისუფლების ხელში, პატრული გადაიქცა პოლიტიკური ანგარიშსწორების და დაშინების იარაღად, - აღნიშნა გოგი წულაიამ.

ხათუნა მაისურაძე

,,დევნილებისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება არ მომხდარა“


დევნილთა განსახლების დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილეს დღეს ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის ორგანიზებით ანიშნულ თემაზე საჯარო დებატები გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ასევე, მისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეების განხილვა.
„ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა ის, რომ დევნილთა განსახლების პროცესში, რეგისტრაციის ადგილზე არ ხდება მათი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება. იმერეთის რეგიონიდან დევნილების განსახლება და სახლების რეაბილიტაცია მოხდა ფოთსა და ბათუმში. სასურველი იყო, მათი ინტეგრირება იმავე რეგიონებში მომხდარიყო, სადაც მანამდე ცხოვროვდნენ. რეალურად, მათთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება არ მომხდარა,“ - აღნიშნა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორმა ნოდარ ჯიქიამ.
დებატებში არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და თავად იძულებით გადაადგილებული პირები მონაწილებდნენ.  შეხვედრაზე განსახლების პროცესში გამოვლენილ პრობლემებსა და  დარღვევებზე ისაუბრეს.
,,სტრატეგიის დოკუმენტი ნორმალურადაა შედგენილი, მაგრამ სხვა საქმეა, რამდენად განხორციელდა სტრატეგიის მიხედვით განსახლების პროცესი. მიმაჩნია, რომ იმერეთის რეგიონში ძალიან ბევრ ფაქტს ჰქონდა ადგილი, როცა დაირღვა დევნილთა უფლებები და უშუალოდ არ განხორციელდა სტრატეგიის მიხედვით განსახლების პროცესი,“ - ამბობს დევნილი ლალი გრიგოლავა.
შეხვედრა საია-ს პროექტის – ,,საქართველოში მაცხოვრებელი დევნილების პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტა“ ფარგლებში გაიმართა.
ხათუნა მაისურაძე

Thursday, April 26, 2012

ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები უცვლელია


ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, სოციალური ღონისძიებები, განათლება, კულტურულ-სპორტული პროგრამები და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა - ასე გამოიყურება ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები, რომელზეც მუშაობა ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიმდინარე წლის პირველი მარტიდან დაიწყო.
ქუთაისის მერიაში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა, არასამთავრობო და მედია-სექტორის მონაწილეობით ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვა გაიმართა. აღნიშნული შეხვედრა ქუთაისის თვითმმართველობისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  პროგრამის („დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“) ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრის დაწყებისას ვიცე-მერმა ნიკო კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, რომ 5 წლის წინ ქალაქის ბიუჯეტი 19 მილიონი ლარი იყო, ხოლო დღეს ის 52 მილიონ ლარამდეა ასული. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა თქმით, 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები მიმდინარე წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების ანალოგიურია. მომავალ წელსაც ყურადღება დაეთმობა: საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ბინათამხანაგობების ინსტიტუტის განვითარებას, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხებს, სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას. ასევე, ხელოვნების დარგებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციას.
„არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგადად საზოგადოების ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესში იზრდება. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში და ვფიქრობთ ჩვენს აზრს გაითვალისწინებენ. თუმცა არის რიგი საკითხები, რომელზეც ვერასდროს შევთანხმდებით, მაგალითად პროგრამული ბიუჯეტის ფორმატის გაფართოება,“ - ამბობს ადგილობრივი დემოკრატიისა და ეკონომიკის ინსტიტუტის წარმომადგენელი კახა გვანცელაძე. 
 აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, ბიუჯეტის პროექტი ადგილობრივ თვითმმართველობასა და ფინანსთა სამინისტროს გადაეგზავნება განსახილველად. ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს კი წლის ბოლოს საკრებულო ამტკიცებს.
ქრისტინა ქარჩხაძე   

26 წელი ჩერნობილის ტრაგედიიდან


ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ბლოკი

ჩერნობილელთა დღე აღნიშნეს დღეს ქუთაისში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა,  ჩერნობილელთა კავშირის წევრებთან   ერთად, ჩერნობილელთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ კი მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ჩერნობილის ავარიიდან 26 წელი გავიდა.  ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკზე აფეთქება  1986 წლის 26 აპრილს მოხდა. ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში იმერეთის რეგიონიდან 467 ადამიანი მონაწილეობდა. 9 მათგანი უკრაინაში გარდაიცვალა. 1986 წლიდან დღემდე ჩერნობილში მიღებული რადიაციული დასხივების გამო  იმერეთის მასშტაბით კიდევ 77 ადამიანი დაიღუპა.
ჩერნობილის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე ყველა ადმიანი პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდია.
ჩერნობილელთა დღე ქუთაისში ტრადიციულად აღინიშნება. ადგილობრივი ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქუთაისში და იმერეთის ყველა რაიონში მცხოვრებ ჩერნობილელთა ოჯახებს მორალურ მხარდაჭერას უცხადებენ და სიმბოლურ საჩუქრებს ტრადიციულად,  ყოველ წელს გადასცემენ.

"ახალი გაზეთი"

,,მემარჯვენეები“ ქუთაისის სატრაქტორო ქარხნის აღდგენის ინიციატივით გამოდიან

,,ახალი მემარჯვენეები“ ქუთაისის სატრაქტორო ქარხნის, რომლის აქციათა 62% სახელმწიფო ფლობს, ამოქმედების ინიციატივით გამოდიან. ამის შესახებ, დღეს, პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ, ქუთაისში ყოფილი სატრაქტორო ქარხნის ტერიტორიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მემარჯვენეებს მიაჩნიათ, რომ სათანადო პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ქვეყანაში არსებობს ინტელექტუალური რესურსი და ტექნიკური ბაზა, რომ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით მოხდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტრაქტორების გამოშვება.
თუ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ უახლესი ტიპის ჯავშა-მანქანისა და უპილოტო თვითმფრინავის გამოშვებას წარმატებით გაართვას თავი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სათანადო პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ქვეყანაში საიმისო ინტელექტუალური რესურსი და ტექნიკური ბაზა არსებობს, რომ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტრაქტორების გამოშვება დავიწყოთ. ქუთაისის სატრაქტორო ქარხნის აღდგენით საქართველო სერიოზულად ქვეყანაში აგრარული სფეროს მნიშვნელოვან განვითარებას შეუწყობს ხელს და წარმოებულ ტექნიკას სერიოზულ საექსპორტო დატვირთვასაც მისცემს, - განცხადა გამყრელიძემ.
,,ახალმა მემარჯვენეებმა“ ქართული სოფლისთვის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სოფლებში ერთ–ერთ უმწვავეს პრობლემად, სწორედ, სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის არარსებობა ან ხელმიუწვდომლობა დაასახელა.
,,ჩვენ, უკვე, რამდენიმე ასეული სოფელი შემოვიარეთ საქართველოში და სოფლების უმეტესობას ტრაქტორი ან საერთოდ არ აქვს, ან მოსახლეობას საგაზაფხულო სამუშაოებისთვის საშურ დროს, ტრაქტორის მომლოდინეთა გრძელ რიგში უწევს დგომა. ამასთან, სხვადასხვა სოფლის ტერიტორიაზე არსებული სავარგულის დამუშავების გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა, ტიპის ტრაქტორი ესაჭიროება, “ – განაცხადა დავით გამყრელიძემ.
ხათუნა მაისურაძე


ქუთაისობის დღესასწაულისთვის მზადება საგანგებო რეჟიმში ხორციელდება




რეაბილიტირებული მოედანი და საცხოვრებელი კორპუსები, განახლებული მესხიშვილის თეატრი, რეაბილიტირებული სახლების ნაწილი,  აღმაშენებლის ძეგლის ადგილას გაჩენილი  „შადრევან  პირველი“ და  ველობილიკი ჭავჭავაძის გამზირზე - ეს ის ინფრასტრუქტურული პროექტებია, რომელიც ქუთაისში 2 მაისს, ქალაქის დღესასწაულზე ოფიციალურად უნდა გაიხსნას.
ცენტრალურ მოედანზე სამუშაოები საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს, რის  გამოც ტრანსპორტის მოძრაობა მოედანზე დროებით  შეჩერებულია. მუშებმა ამ დროისთვის უკვე დაასრულეს ტერიტორიაზე  ქვაფენილის დაგება. სამუშაოების ბოლო  ეტაპს გადის მიხელ სააკშვილის საყვარელი შადრევანიც.  რომლის შიგნით  დამონტაჟებულია განათება. შადრევანს მუშები წმენდენ, რის შემდეგ მასზე მოოქროვილი კოლხური ქანდაკებები განთავსდება. ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე  ხარაჩოებშია ჩასმული საცხოვრებელი კორპუსები. სახლებზე ამ ეტაპზე დამატებით ერთი სართულის დაშენება მიმდინარეობს. სამუშაოების გარკვეული ნაწილი 2 მაისისთვის უნდა დასრულდეს. ამავე ტერიტორიაზე ფასადებს ღებავენ  შენობების ნაწილზეც.    მუშები აჩქარებული ტემპით მუშაობენ და პირობას იძლევიან, რომ სამუშაოები „2 მაისს უეჭველი ჩაბარდება“.    
საგანგებო რეჟიმში სრულდება სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზეც, სადაც აღმაშენებლის გამზირის შემდეგ, ველოგზა ამჯერად იქ კეთდება. მუშებმა დაასრულეს ფილაქნების დაგება და ტროტუარის მოწყობაზე მუშაობენ.
„ობიექტების ჩაბარება 28 აპრილს იგეგმება, თუმცა 2 მაისს ოფიციალურად გაიხსნება. რეაბილიტაციას ვასრულებთ დროულად. სამუშაოები კარგად და ხარისხიანად სრულდება,“ - ამბობს ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი.
ქუთაისში მაცხოვრებლები მიმდინარე სამუშაოებს თვალს ადევნებენ და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ ქალაქის იერსახესაც უნდა მიხედოს და მოქალაქეებზეც იზრუნოს.  
„ეს მთავრობა თუ რაიმე კარგს გააკეთებს, მხოლოდ მივესალმებით. ისეთი ტემპი აქვთ, რომ  2 მაისისთვის ჩაბარება არ უნდა გაუჭირდეთ,“ - ამბობს ქუთაისში მცხოვრები მარინა ჭეიშვილი.
ქრისტინა ქარჩხაძე

Wednesday, April 25, 2012

ქუთაისში ელექტროენერგიის დაზოგვაზე იზრუნებენ


აღმაშენებლის ხეივანი ქუთაისში

„ეს არის ენერგოეფექტურობის ცენტრის „ინტერრაო ეეს-ის“ -სა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობის პირველი ნაბიჯები. საპილოტე პროექტის ფარგლებში ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე 20 სანათი წერტილი დამონტაჟდა, რომლებიც არსებულ ნათურებთან შედარებით ოთხჯერ ეკონომიურია,“  - აღნიშნა ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ ქალაქის განათების სიტემის მოდერნიზაციის საპილოტე პროექტის პრეზენტაციისას.
გარე განათების სისტემის საპილოტე პროექტის პრეზენტაცია ქუთაისის მერიაში დღეს, „საქართველოს ენერგო ეფექტურობის“ კომპანიის, შპს „ინტერრაო ეეს-ის ენერგოეფექტურობის ცენტრის“, ს/ს თელასის წარმომადგენლების, ენერგეტიკისა და რეგიონული განვითარების სამინისტროების, ასევე, ქუთაისისა და ზუგდიდის მერიის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა.   
ქალაქის ხელმძღვანელობის განმარტებით, ისინი ენერგოეფექტურობის ცენტრთან ერთად 6 თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
ქუთაისშ, აღმაშენებლის გამზირზე განხორციელებული  საპილოტე ვერსიის გამართლების შემთხვევაში, მომავალში  არსებული ნათურების შეცვლა ქალაქის სხვა ნაწილშიც მოხდება.
„არსებული სისტემით შეგვიძლია გავაკონტროლოთ მრიცხველის ჩვენებები და მრიცხველზე უნებართვო დაერთებები. იმის გაკონტროლებაც შეიძლება დაიწვა თუ არა ნათურა რომელიმე  წერტილში.  ეს ნათურები ბევრად უკეთესი ხარისხისაა, ვიდრე არსებული ნათურები. ეკოლოგიური თვალსაზრისითაც მისაღებია.  ჯერ უნდა ვნახოთ, რა შედეგს მოგტვცემს საპილოტე ვერსია და ამის შემდეგ გადაწყდება ქალაქის სხვა ქუჩებში რა სიხშირით მოხდება მათი დანერგვა,“ - ამბობს ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი. 
ქრისტინა ქარჩხაძე 

ქუთაისში დასუფთავების კუთხით პრობლემები კვლავ რჩება


„ქალაქში სანიტარული წესრიგი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა,“ - აღნიშნა ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დასუფთავების განყოფილების უფროსმა ფრიდონ ბეშკენაძემ. ბეშკენაძემ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ქალაქში სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ორგანიზაციული და პრაქტიკული ღონისძიებების შესახებ წარადგინა ინფორმაცია.
დასუფთავების განყოფილების ხელმღვანელის თქმით, ქალაქში სანიტარული წესრიგის გაუმჯობესებისა და მომსახურების ხარისხის შემდგომი ამაღლების მიზნით, განსაკუთერებული მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივ ბიუჯეტში დასუფთავების მოსაკრებლის მაქსიმალურ მობილიზებას, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების მხრიდან.
„2011 წელს დასუფთავების მოსაკრებლის გეგმა განსაზღვრული იყო  940 000 ლარით. წლის შედეგების მიხედვით გეგმა 120%-ით (170 000 ლარი) გადაჭარბებით შესრულდა. 2012 წელი დაგეგმილია მილიონ ლარზე. გაწეული მუშაობის შედეგად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გეგმა 124%-ით შესრულდა და  ადგილობრივ ბიუჯეტში 250 000 ლარის ნაცვლად 310 467, 06 ლარი აკუმულირდა,“ - ამბობს ფრიდონ ბეშკენაძე.
ბეშკენაძის განცხადებით, დასუფთავების სფეროში არსებული რიგი პრობლემების აღმოფხვრა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებამ, ახალი კადრების მოზიდვამ და ხელფასების ზრდის ტემპმა განაპირობა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მეეზოვის საშუალო ხელფასი 350 ლარს შეადგენს. დასუფთავების განყოფილების უფროსის ინფორმაციით, 2012 წლის ბიუჯეტში დასუფთავების რონისძიებების პროგრამის ბიუჯეტისათვის 4 147 700 ლარია გათვალისწინებული. ქალაქის დასუფთავებას 15 ერთეული  სატრანსპორტო საშუალება ემსახურება, ხოლო ქუთაისის სისუფთავეზე 155 დამგველი ზრუნავს.  ბეშკენაძის თქმით, დასუფთავების სამსახურის ტექნიკური რესურსი პრობლემების სრულად აღმოსაფხვრელად საკმარისი არ არის, ამიტომ,  2-3 დღეში დასუფთავების განყოფილება  დამატებით 5 ერთეულ ნაგავშემკრებ სატრანსპორტო საშუალებას მიიღებს.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ქუთაისში, ნარჩენების ტრანსპორტირების საკითხთან დაკავშირებული პრობლემები აღარ იქნება. აღნიშნული 5 მანქანის გარდა, პრობლემების სრულიად აღმოსაფხვრელად კიდევ  2 მანქანა გვჭირდება,“ - ამბობს ბეშკენაძე.
ფრიდონ ბეშკენაძემ ქალაქის დასუფთავების კუთხით მიღწეულ შედეგებთან დაკავშირებით ისიც აღნიშნა, რომ გაიზარდა დასაგველი ტერიტორიების არეალი.
„ამჟამად  სისტემატურად იგვება აღმოსავლეთის მხრიდან ქალაქში შემოსასვლელი, სოფელ ჭოგნარის გადასახვევამდე, გელათისა და მოწამეთის მონასტრებამდე, რიონგესისა და სოფელ ბანოჯის გადასახვევამდე. გარდა ამისა, არაერთი ღონისძიებები განვახორციელეთ ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიებზე არსებული ანტისანიტარული კერების ლიკვიდაციის მიზნით. უახლოეს დროში გვეგმავთ მოსწავლე-ახალგაზრდობის, სტუდენტების, ქალაქის თვითმმართველობის მონაწილეობით მრავალჯერადი აქციების მოწყობას, ქალაქის შიგა ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არსებული ანტისანიტარიის კერების სალიკვიდაციოდ,“ - ამბობს ფრიდონ ბეშკენაძე.
დასუფთავების განყოფილების ხელმძღვანელი წარმოდგენილ ანგარიშში მიღწეული შედეგების გარდა, საქმიანობის ხარვეზებსაც შეეხო. ბეშკენაძის თქმით, ზამთრის პერიოდში ნარჩენების ტრანსპორტირების კუთხით გარკვეული პრობლემები შეიქმნა. კერძოდ, სამსახურმა არსებული ტექნიკით ქალაქის გარკვეული ნაწილიდან (გორა, ჭომა, ჭახათა)  ნარჩენების ტრანსპორიტება ვერ უზრუნველყო.
ქალაქის საკრებულომ (რომელსაც უმრავლესობისა და ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ნაწილი არ ესწრებოდა)  დასუფთავების განყოფილების ხელმძღვანელის მიერ  წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა. „სერიოზული წინსვლაა, რასაც მოსახლეობა ხედავს ყოველდღიურად. თუმცა გვაქვს პრობლემები,“- ამბობს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი.
ქრისტინა ქარჩხაძე

ქუთაისის ბიუჯეტი 17 მილიონით გაიზარდა


ქუთაისში, მშენებარე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციისა და მასთან დაკავშირებული სხვა ხარჯებისთვის, ქუთაისის მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან  2 500 000 ლარი გამოიყო.  ქალაქის ბიუჯეტში  ცვლილებების შეტანის პროექტი დღეს, ქუთაისის  საკრებულომ დაამტკიცა.
ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან ხვადაგიანის განმარტებით, წლის დასაწყისში ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტი 36 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო (ტრანსფერებისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სუბსიდიების მეშვეობით) ამ ეტაპზე ის 53 მილიონ ლარამდე გაიზარდა. გაზრდილი ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები (1 027 000)  გამოიყო  პროგრამა „კორპუსის“  განხორციელების მიზნით.  ცვლილებები შეეხო სოციალურ პროგრამებსაც.  შედეგად, 152 400 ლარით გაიზარდა მატერიალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტი. 100 000 ლარი დაემატა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტს. რაც შეეხება სამედიცინო დახმარების პროგრამას, მისი ბიუჯეტი 40 000 ლარით გაიზარდა.

ქალაქის ფინანსურ დოკუმენტში შეტანილი ცვლილების შედეგად, 10 000 ლარი გამოეყო თოჯინების თეატრს. 20 000 ლარით გაიზარდა საჯარო ბიბლიოთეკის ბიუჯეტი, ხოლო ააიპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ 30 000 ლარი მიიღო.
ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტში  საჯარო მოხელეთა ინტერესებიც გაითვალისწინეს. შესაბამისად,  ტერიტორიული ორგანოების სახელფასო ფონდს 26 400 ლარი დაემატა.


ქრისტინა ქარჩხაძე

რეაბილიტაციის შედეგად სარდაფად ქცული სახლი ქუთაისში



ქუთაისი, თბილისის ქ.#2
ქუთაისში,  ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მდებარე შენობების ფასადების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები  დარღვევებით მიმდინარეობს. დარღვევა  თამარ მეფის გამზირის №3-ში მდებარე კორპუსის გვერდით ხედზე    (თბილისის ქუჩის №2-ზე) მდებარე კერძო სახლში დაფიქსირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მცხოვრები ზინაიდა პაპავა აცხადებს. ადგილობრივმა მცხოვრებმა საკუთარ სახლში დაფიქსირებული ხარვეზების გამოსასწორებლად „ახალი გაზეთის“ რედაქციას მომართა.
„მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებმა ჩემი სახლი შეცვალა და სარდაფად აქცია.  ტროტუარი აამაღლეს და სახლი საგრძნობლად ჩავარდა. ყველაზე მთავარი პრობლემა და დარღვევა ის არის რომ, ფანჯრები გამოცვალეს და ახლები არაფრად  ვარგა. ძველ ფანჯრებთან შედარებით, ახლები  სიგრძეში 30 სმ-ით დაპატარავებულია. გარდა ამისა, გაბზარულიც არის“, - ამბობს ზინაიდა პაპავა. როგორც პაპავა აცხადებს, არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით ქალაქის მერს წერილობით  მიმდინარე წლის 19 აპრილს მიმართა. „თუმცა ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია“, - აღნიშნავს ადგილობრივი მცხოვრები. როგორც პაპავა ამბობს, გასულ კვირასვე  ქალაქის არქიტექტურს სამსახურში  რეაბილიტაციის პროექტის გადახედვა მოითხოვა. „პროექტში შენარჩუნებულია ფანჯრის ძველი ზომა. ეს  ერთი ნახვითაც ჩანს“,  -  ამბობს ზინაიდა პაპავა. თუმცა. როგორც ის იხსენებს,  არქტიქტურის სამსახურში უმტკიცებდნენ,  რომ სახლში ფანჯრები პროექტით მიხედვით არის გაკეთებული, ხოლო პროექტი ყოველგვარი სტანდარტის შესაბამისად არის შედგენილი.
„ახალი გაზეთი“ შეეცედა  გაერეკვია რამდენად სამართლიანია  ადგილობრივი მცხოვრების პრეტენზია და შენიშვნა?  არის თუ არა აღნიშნულ კერძო სახლში სარეაბილიტაციო სამუშაოები  პროექტის დაღრვევით ჩატარეული? ამის გასაკრვევად ქალაქის არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურებს მივმართეთ.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებიან, სარებილიტციო სამუშაოები პროექტის მიხედვით მიმდინარეობს. „ქალაქის ცენტრში მდებარე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტის სრული დაცვით მიმდინარეობს. სხვანაირად  თვითმმართველობა ობიექტებს არ ჩაიბარებს. მიმდინარე სამუშაობს ყოველდღიურად ვათვალირებთ და არანაირი დარღვევა ან ხარვეზი არ დაფქსირებულა. რაც შეეხება, ამ კონკრეტული სახლს, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გამორიცხულია რაიმე სერიოზული ხარვეზი იყოს. ზოგადად კი რეაბილტაციის დროს, შესაძლებელია უმნიშვნელო  დეტალების დარღვევა ან  ცთომილება მოხდეს“, - განმარტა სატელეფონო საუბრისას ქალაქის არქტიტექტურის სამსახურის უფროსმა ვასო მებურიშვილმა.  როგორც მებურიშვილი ამბობს, შენობებზე რეაბილიტაციის დაწყებამდე  თვითმმართველობამ  ადგილობრივ მცხორებლებთან შეხვედრა გამარათა და რეაბილტაციის შემდეგ შენობების იერ-სახის შეცვლა-გაახლების საკითხები შეათანხმა.
„მე მაშინ თბილისში ვიყავი.  დაგვირეკეს და გვითხრეს რომ მხოლოდ ფასადებს გავლამაზებთო. ფანჯრების გამოსცვლას თუ აპირებდნენ  არ უთქვამთ, თორემ ჩამოვიდოდი. თუ იმდენი თანხა არ ქონდათ რომ იგივე ზომის ფანჯარა ჩაესვათ, ჩემი ხარჯებით გავაკეთბდი. ანდა იმდენი ვერ მოიფიქრეს რომ  ტროტუარის ამარლება  სახლს ჩააგდებდა?!, რამე სხვა მოეფიქრებიათ“, - ამბობს პაპავა.
„ახალი გაზეთის მიერ  საკითხით დაინტერესების შემდეგ, როგორც ირკვევა, ზემოთაღნიშნულ   მისამართზე არსებული ხარვეზის „გამოსასწორებლად“,  ზინაიდა პაპავას გუშინ ახალი  ფანჯარა,  უკვე გაზრდილი ზომებით,  შესთავაზეს.
„მოიტანეს და მითხრეს, ეს თუ მოგეწონებაო?. ფანჯრის სიგრძე მხოლოდ 5 სმ-ით იყო გაზრდილი და სიგანეში იყო დაპატარავებული. არც ის მომეწონა. საკითხთან დაკავშირებით  სასიკეთო რეაგირებას კიდევ ველოდები. იქნებ როგორმე მოახერხონ და გამოცვალონ ეს საშინელი ფანჯარა“, - ამბობს ზინაიდა პაპავა.
შეგახსენებთ, რომ  ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები  ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება,  რომლისთვისაც 5 მლნ. ლარი დაიხარჯება. შენობების ფასადების რეაბილტაციის გარდა, პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ე.წ.  კოლხური შადრევნის მშენებლობა, რომლის გახსნა   2 მაისობის დღესასწულზე იგეგმება.   

თეკლა მორგოშია

სააღდგომოდ გაცემული პრემიები ქუთაისის მერიაში


ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში საჯარო პირებზე სააღდგომო საჩუქრებად ფულადი პრემიები დაირიგეს. პრემიებისთვის თანხა  ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და მან 753 ათას 420 ლარი შეადგინა. სააღდგომოდ პრემიები ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, მიმდინრე წლის 3 აპრილის №356-ე ბრძანების საფუძველზე გაიცა.  
სადღესასწაულო პრემიები ქუთაისის მერიიაში დასაქმებულ ყველა პირს ერგო. პრემიების მოცულობა თითოეული საჯარო მოხელის  ხელფასის ოდენობით განისაზღვრა. შესაბამისად, ადგილობრივ თვითმმართველობაში  პრემიები ასე გადანაწილდა: ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახური (სულ მუშაობს 120 ადამიანი) – 57 200 ლარი.  მერიის საფინანსო სამსახურში დასაქმებულ 23 ადამიანიზე გაიცა 11 410 ლარი. მერიის ეკონომიკური სამსახური (მუშაობს 10 ადამიანი)   -  5200 ლარი. მერიის ტრანსპორტის სამსახური –8 ადამიანზე გაიცა  4200 ლარი.  მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური, 19 თანამშრომელზე  - 9540 ლარი. მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახური (მუშაობს 11 ადამიანი) – 5550 ლარი. მერიის  არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური (23 ადამიანი) – 13400 ლარი. მერიის სამხედრო სამსახური (18 ადამიანი) – 9010 ლარი. მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დასაქმებულ 120 ადამიანზე  გაიცა –  52250 ლარი. მერიის კეთილმოწყობის სამსახური (43 ადამიანი) – 20 130 ლარი. მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური (12 ადამიანი)    6 040 ლარი. მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახური (8 ადამიანი)  -   4180 ლარი. მერიის ტერიტორიულ ორგანოებში (სულ არის 12 მართვის ტერიტორიული ორგანო) დასაქმებული 125 ადამიანზე გაიცა პრემია  253 420 ლარის ოდენობით.
თეკლა მორგოშია

გაიმართება თუ არა აღლუმი ქუთაისში?


მიმდინარე წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი შესაძლოა ქუთაისში გაიმართოს.  თუმცა, ქალაქში დაგეგმილ აღლუმის სამზადისში  ადგილობრივი თვითმმართველობის როლი ამ დრომდე უცნობია.
26 მაისისათვის ჩასატარებელი აღლუმის პროგრამის შემუშავებასა და  დეტალების დაზუსტებაზე თავდაცვის სამინისტო მუშაობს. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ისინი 2 მაისისთვის, ქუთაისობის დღესასწაულისათვის მზადების პროცესში არიან ჩართული. აღლუმის სამზადისში კი თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მომართვის შემთხვევაში ჩაერთვებიან.
„ადგილობრივი თვითმმართველობის როლი  აღლუმთან დაკავშირებით მინიმალური იქნება,“ - ამბობს ქუთაისის მერიის მთავარი სპეციალისტი პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში  ქეთი დეისაძე.
„აღლუმის ჩატარება ადგილობრივ დონეზე არ წყდება. 26 მაისამდე წინ 2 მაისი გვაქვს და ჩვენ, მთელი ჩვენი რესურსით მთლიანად გადართული ვართ 2 მაისის სამზადისზე.  თუ თავდაცვის სამინისტროდან გვეტყვიან, აღლუმის სამზადისში დავეხმარებით, მაგრამ ჯერ მსგავსი შეთავაზება არ ყოფილა,“ - ამბობს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზეინაბ ხაჩიძე.
26 მაისს, სამხედრო აღლუმთან ერთად, უკვე გარკვეულია, რომ ქუთაისში პარლამენტის ბოლო სხდომც უნდა გაიმართოს. ამისთვის ქუთაისში მშენებარე საკანონმდებლო ორგანოში სხდომათა დარბაზის მოწყობა მომდინარეობს.
ქრისტინა ქარჩხაძე      

Tuesday, April 24, 2012

„მესხების გრძელი გზა შინისკენ“


დღეს ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეამ  რეპატრირებულ მესხებთა ცხოვრების ამსახველ გამოფენას უმასპინძლა.   გამოფენა სახელწოდებით - „არაღთქმული მიწა - მესხების გრძელი გზა შინისკენ“, მესხი თემების კულტურის, მათ ტრადიცების, თვითმყოფადობის, წეს-ჩვეულებებისა  გაცნობას ისახავდა მიზნად.
 „ძალიან საინტერესო ფოტოებია. ამ ფოტოებში მესხების მთელი ცხოვრება არის ჩადებული. ძალიან კარგი ნამუშევრებია“, - ამბობს ერთ-ერთი დამთვალიერებელი ნანა  წულია.
გალერიში მოწყობილი ფოტოგამოფენის ავტორი ქართველი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი თემო ბარძიმაშვილია. მან ერთი წლის განმავლობაში იმოგზაურა საქართველოს იმ ადგილებში, სადაც მესხები არიან ჩასახლებულნი. ფოტოგრაფმა ფიტოობიექტივზე მათი წეს-ჩვეულებებისა და სხადასხვა რიტუალების  აღსაბეჭდად ასევე, იმოგზაურა  აზერბაიჯანში, ყირგიზეთსა და თურქეთში.
მესხთა თემების ცხოვრების ამსახველი ფოტო-გამოფენა  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამი - „1940-იან წლებში საქართველოდან გადასხლებულ პირთა და მათი შთამომავლების რეპატრიაციის ხელშეწყობის ფარგლებში“ განხორციელდა.
„ჩვენ უკვე წლებია ვახორცილებთ  ამ პროექტს. ჩვენი მიზანია, საქართველოში მცხოვრები მესხების  რეპატრიაცია და მათი ინტეგრაცია ფართო საზოგადოებასთან,“ - აღნიშნა ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, პროექტის მენეჯერმა ოლივერ რაისნერმა.
თეკლა მორგოშია

ისტორია ძეგლებში


24 აპრილს ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის #4 საქალაქო ბიბლიოთეკაში  ლექცია გაიმართა თემაზე – „ქუთაისისა და მისი შემოგარენის ისტორიული, არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლები“. მომხსენებელმა, საქართველოს ისტორიული მუზეუმის თანამშრომელმა, დავით ბერძენიშვილმა აღნიშნული საკითხი საკმაოდ ვრცლად მიმოიხილა და ქალაქის არქიტექტურული თუ არქეოლოგიური მონაპოვრების შესახებ   მასალები წარმოადგინა ფოტოების სახით.
„ქუთაისი ძალიან საინტერესო და მდიდარია ამ კუთხით. ქვედა პალეოლითით დაწყებული და დამთავრებული დღევანდელი დღით - ყველა ეპოქის მატერიალური ძეგლია წარმოდგენილი. ბევრმა არ იცის თუ რა სიმდიდრეს ვფლობთ, ხშირად არც ქართველმა და არც უცხოელმა.  ჩვენი ქალაქი, არ გამოწყვეტია იმ პროცესებს, რაც მსოფლიოში მიმდინარეობდა. ქუთაისიდან დაიწყო  საქართველოს გაერთიანებისკენ სვლა. ქალაქი თავის ისტორიულ მნიშვნელობას და ისტორიულ მისიას არ კარგავს დღესაც“, - მიაჩნია დავით ბერძენიშვილს.
ქალაქში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებმა „არქეოლოგის“ ფუნქცია შეუთავსეს მშენებლებს. ისინი სხვადასხვა აღმოჩენების მოწმენი გახდნენ. ამ აღმოჩენებმა გარკვეული კორექტივები შეიტანეს ისტორიკოსთა დასკვნებში. „ადრე ფიქრობდნენ, რომ ქუთაისის ვაკე ტერიტორია ქალაქი არ ყოფილა, ქალაქი იყო გორა, მაგრამ რუსთაველის ქუჩაზე, რაც აღმოაჩინეს  2005 წელს, სხვა დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა შექმნა“, - ამბობს დავით ბერძენიშვილი.
მაგრამ რუსთაველის ქუჩასა და ცენტრალურ მოედანზე არქეოლოგიური სამუშაოები დიდხანს არ გაგრძელებულა. სამუშაოები ვეღარ გაგრძელდება თვით ბაგრატის ტაძარზე. თუმცა ისტორიკოსები ამაში პრობლემას ვერ ხედავენ. რადგან, „სანამ აღდგენითი სამუშაოები დაიწყებოდა ტაძარზე, იგი მაქსიმალურად იქნა შესწავლილი, ასევე - რუსთაველის გამზირზეც. იქ, ვთქვათ, რომ აღმოჩენილიყო ანტიკური ხანის თეატრი, ან სამეფო სასახლე, ან რაიმე ტაძარი, მაშინ მშენებლობა შეწყდებოდა. მაგრამ მხოლოდ სამარხი აღმოჩნდა. დავაფისირეთ რა დონეზე იყო, რომელ პერიოდს ეკუთვნოდა და უკვე მნიშვნელობა აღარ ქონდა. ამიტომ მშენებლებს უფლება მიეცათ მშენებლობის გაგრძელების“, - ამბობს დავით ბერძენიშვილი.
ეკა კუხალაშვილი

„ეს ადამიანები ჩვენი საზოგადოების ღირსეული წევრები არიან“


ქუჩის ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემატიკა განიხილეს დღეს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ პროექტის  „ჩვენ ერთი ქალაქის 
შვილები ვართფარგლებში მრგვალი მაგიდა გამართა.
მოუწესრიგებელი დოკუმენტაცია, მიუწვდომელი განათლება და ჯანდაცვა, ამორტიზებული საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა და მძიმე სოციალური პირობები, ეს იმ ჯგუფისათვის დამახასიათებელი პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც .. ქუჩის ბავშვების სახელწოდებით იცნობენ.
ჩვენ ვგეგმავთ მათ სოციალურ ინტეგრაციას. რამდენიმე ბავშვი საიას საკვირაო სკოლაშია ჩართული. ვუწესრიგებთ დოკუმენტებსეს ადამიანები, რომლებიც ხელგაწვდილნი დგანან და მოწყალებას ითხოვენ, ჩვენი საზოგადოების ღირსეული წევრები არიან. საკითხთან დაკავშირებით ჩვენი რეკომენდაციები უკვე გადავეცით ადგილობრივ ხელისუფლებას. ვიმედოვნებთ, რომ  2012 წლის ბიუჯეტში თუ არა მომდევნო წლის ბიუჯეტში მაინც მოხდება მათი ასახვა,“ - ამბობს საიას ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორი ნოდარ ჯიქია.
მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თენგიზ თოფურიძის თქმით, ქუჩის ბავშვები მომთაბარე ცხოვრებას ეწევიანისინი საქართველოს მოქალქეები არ არიან და ქვეყანაში ახლომდებარე სასაზღვრო ზონებიდან შემოდიან.
იმ ნაწილის საცხოვრებელი ადგილი, რომელიც ქუთაისში ცხოვრობს,   გარკვეული არ არის. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გვჭირდება რეკომენდაციები, დისკუსიები, ექსპერტების რჩევები, რომ  ადგილობრივ ბიუჯეტში ეს პრობლემები  გავითვალისწინოთ იმდენად, რამდენადაც იქნება მარგი ქმედების კოეფიციენტი,“ - ამბობს თენგიზ თოფურიძე.
პროექტიჩვენ ერთი ქალაქის შვილები ვართგასული წლის სექტემბრიდან ხორციელდება. მისი მიზანი  აღნიშნული ჯგუფის პრობლემების ადვოკატირება, სახელმწიფოსა და მათ შორის მედიატორის როლის შესრულებაა