Monday, March 12, 2012

უსუფაშვილმა კონტროლის პალატის უწყებებს „სამარცხვინო ფურცელი“ უწოდა



ეს არის სამარცხვინო ფურცელი. ხელისუფლების ამგვარი ნაბიჯი ხალხის დაშინებას და კოალიცია „ქართული ოცნებისათვის“ ამომრჩეველთა დაკარგვას ისახავს მიზნად,“ – განაცხადა "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ქუთაისში, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრესკონფერენცია "ქართული ოცნების" ქუთაისის ოფისში გაიმართა. პრესკონფერენციას ის პირები ესწრებოდნენ, რომლებსაც კონტროლის პალატის მიერ გაგზავნილი უწყებები მიუვიდათ. http://akhali-gazeti.blogspot.com/2012/03/blog-post_4690.html

უსუფაშვილმა დამსწრე საზოგადოებას განუმარტა, რომ უწყება იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს არ წარმოადგენდა, რადგან მასზე მითითებული არ იყო თარიღი და ასევე, ის თუ რომელ ქალაქში უნდა მისულიყვნენ მოქალაქეები. უსუფაშვილის თქმით, კონტროლის პალატა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე იბარებდა მოქალაქეებს, იმ დროს, როდესაც თავად სამართალდარღვევის ფაქტი არ არსებობდა.

„საქართველოს 17 რაიონსა და ქალაქში ასობით ადამიანს მიუვიდა უწყება. შეარჩიეს ისეთი ადამიანები, ვინც აქტიურად არიან ჩართული კოალიციის საქმიანობაში. არიან ისეთი პირები, რომელთაც კოალიციასთან კავშირი არ აქვთ. ამ ადამიანებს ახსნა–განმარტების მისაცემად იბარებენ, თუმცა არ არსებობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და მისი დამადასტურებელი ოქმი,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის განმარტებით, ხელისუფლებამ არჩევნებისათვის მზადება უკვე დაიწყო. პარალელურად, კი კოალიციის აქტივისტთა დევნა მიმდინარეობს. როგორც უსუფაშვილი ამბობს, მოქალაქეებს გამგეობის შენობებში იბარებენ, იქ მისულების ჩხრეკას კი პოლიცია აწარმოებს. "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის თქმით, დაკითხვაზე მისულ ხალხს ეკითხებიან იმას, თუ რატომ თანამშრომლობს ოპოზიციასთან, რამდენი შვილი ჰყავს და უნდა თუ არა მის შვილებს მშობელი ჯანმრთელი ჰყავდეს? ასევე, თუ სად მუშაობდა 2003 წელს?

პრესკონფერენციაზე საილუსტრაციოდ წარმოადგენილი იყო კონტროლის პალატის მიერ მოქალაქეებისათვის გაგზავნილი უწყებები. მათში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, რასთან დაკავშირებითაც მოქალაქე დაბარებულია ახსნა–განმარტების მისაცემად. შემდეგ განმარტებულია მოქალაქის უფლებები. კერძოდ, მას შეუძლია გაეცნოს საქმის მასალებს, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა და საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, თარჯიმნის მომსახურებით და გაასაჩივროს საქმესთან დაკავშირებით მიღებული დადგენილება.

„უკვე 2 წელიწადია, რაც პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურად ჩართული არ ვიყავი, თუმცა უწყება მაინც მომივიდა. არაფერი დამიშავებია. მივალ და გავიგებ, ჩემგან კონკრეტულად რა აინტერესებთ. აქამდე პასიური ვიყავი და ახლა თვითონ გამააქტიურეს,“ – ამბობს "რესპუბლიკური პარტიის" წევრი ნინო მდივნიშვილი.

კონტროლის პალატიდან მიღებული უწყების თანახმად, ყველა პირი კონტროლის პალატაში დაბარებულია 2012 წლის 13 მარტს, დილის 10 საათიდან 17-საათამდე.

ქრისტინა ქარჩხაძე

No comments:

Post a Comment