Thursday, March 29, 2012

სიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 76 წლის ბრალდებული ზაურ მჟავანაძე საკუთარი სიძის განზრახ მკვლელობისთვის დამნაშავედ ცნო. მას, ასევე, ბრალად ედება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.

დანაშაული 2011 წლის 29 ოქტომბერს, ღამით, სოფელ ბანოჯაში მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, სიძე-სიმამრს შორის კონფლიქტური სიტუაცია ქალიშვილისა და სიძის ურთიერთობის გამწვავებას მოჰყვა. ამ შემთხვევამდე ერთი წლით ადრე თ. მ. და მ. ს. ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა ურთიერთობას ინარჩუნებდნენ.

მკვლელობის ღამეს სიძე სოფელ ბანოჯაში, სიმამრის ოჯახში გვიან ღამით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მივიდა. საქმის მასალების მიხედვით, მ. ს. მეუღლეს ეძებდა, მისი მისამართით იგინებოდა და მოკვლით ემუქრებოდა. მოსალოდნელ აგრესიის თავიდან აცილების მიზნით ცოლმა სახლის უკანა გასასველიდან სახლი დატოვა, რის შემდეგაც კონფლიქტი სიძე-სიმამრს შორის წარმოიშვა.

მ.ს.-მ სიმამრს ხელის მოქნევით მარჯვენა საფეთქლის არეში დაზიანება მიაყენა. ამის შემდეგ ზაურ მჟავანაძემ მაკაროვის სისტემის პისტოლეტი გამოიტანა და სიძე ორჯერ გასროლით მოკლა.

„ქუთაისის საქალაქო სასამართლო გაეცნო ბრალდებულის აღიარებით ჩვენებასა და ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ ყველა მტკიცებულებას,“ - აღნიშნავენ საქალაქო სასამართლოში.

საქმის შესწავლის შედეგად, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ზაურ მჟავანაძე განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"ახალი გაზეთი"

No comments:

Post a Comment