Thursday, March 22, 2012

„1500-მდე დევნილი ოჯახი მაყურებლის როლში აღმოვჩნდით“



განსახლების მოლოდინში მყოფი წყალტუბოელი დევნილები სამინისტროს მხრიდან უყურადღებობასა და განსახლებასთან დაკავშირებული ინფორმაციის არარსებობას უჩივიან. 16 კოლექტიურ ცენტრში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ამაოდ ელიან. რადგან, ახლადაშენებულ კორპუსებში (ფოთი, ბათუმი, წყალტუბო) დევნილთა ჩასახლება შეწყვეტილია და ასაშენებელ თუ გასარემონტებელ საცხოვრებლებზე კონკრეტულ ინფორმაციას არავინ იძლევა.

დევნილები განსახლების რამდენიმე არაოფიციალურ და დაუდასტურებელ ვესრიაზე საუბრობენ. ისინი მოსალოდნელ განსახლებას შიშით ელოდებიან. ამბობენ, რომ არ იციან, თუ სად და რა პირობებში მოუწევთ საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება.

,,წყალტუბოს დევნილები დიდი ხანი ველოდით განსახლების პერიოდის დაწყებას, მაგრამ, სამწუხაროდ, განსახლება ყველა დევნილს არ შეეხო. საინტერესოა, რა კრიტერიუმებით ან რა მეთოდებით დაყვეს დევნილები. ცხდია, რომ 1500-მდე დევნილი ოჯახი მაყურებლის და დამკვირვებლის როლში აღმოვჩნდით. დღემდე ვზივართ და მოლოდინის რეჟიმში ვართ, მაგრამ რას ან ვის ველოდებით ნამდვილად არ ვიცით. ვიკვებებით მხოლოდ ქუჩაში გაგებული ჭორებით, რომლის მიხედვითაც თუ ვიმსჯელებთ, ან ფოთში გადაგვისვრიან, ან ბათუმში ან კიდევ წყალტუბოში გაარემონტებენ სანატორიუმებს,“ - აღნიშნა წყალტუბოში მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილმა ნინო კვარაცხელიამ.

,,არავითარი ოფიციალური ინფორმაცია განსახლებასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს. არ ვიცით სად რა უნდა გარემონტდეს, სად აშენდეს? ერთადერთი ვიცი პირადად სუბელიანისგან, რომ სანატორიუმი ,,აია“, სადაც მე ვცხოვრობ, მისი რეაბილიტაცია უნდა მოხდეს. ადგილობრივ თვითმმართველობასაც მივმართე კითხვით, თუ რა ბედი გვეწეოდა დარჩენილ დევნილებს. ამ შეკითხვაზე ჩვენმა გამგებელმა მიპასუხა, რომ ამასთან დაკავშირებით არავითარი ინფორმაცია არ გააჩნდა და ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა. ყველაფერი ჭორის დონეზე ვიცით. ასე მგონია, რომ საერთოდ პატრონი არ გვყავს,“ - ამბობს დევნილი ნანი ბოკუჩავა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის იმერეთის რეგიონალური სამმართველოს წყალტუბოს განყოფილების უფროსის თემურ კუხალაშვილის თქმით, დაზუსტებული ინფორმაცია დევნილების განსახლებასთან დაკავშირებით არც მათ გააჩნიათ. კუხალაშვილი ამბობს, რომ სამინისტროში ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით: ,,ჯერჯერობით მხოლოდ ის ინფორმაცია გვაქვს, რომ წყალტუბოში სტატისტიკის შენობა და საავადმყოფოს ერთი კორპუსი რემონტდება. ტენდერი უკვე ჩატარდა და ამინდების გამოსვლისთანავე დაიწყება ამ ორი ობიექტის კაპიტალური აღდგენითი სამუშაოები,“ - ამბობს თემურ კუხალაშვილი.

დევნილთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი ლიკა ბასლაძე კი აღნიშნავს, რომ დევნილთა ინფორმირება მუდმივად ხდება და მათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები ექნებათ. თუმცა, დაკმაყოფილდება თუ არა ყველა დარჩენილი დევნილი საცხოვრებელი ფართებით წყალტუბოში, ამაზე სამინისტრო კონკრეტულად არ პასუხობს.

,,წყალტუბოს ახალაშენებულ კორპუსებში 352 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით. ასევე, წყალტუბოში მცხოვრები დევნილები სურვილისამებრ დაკმაყოფილდნენ ფოთისა და ბათუმის ახალაშენებულ ჩასახლებებში. ღირსეული საცხოვრებელი პირობებით დაკმაყოფილების პროცესი გრძელდება და დაგეგმილია წყალტუბოში კიდევ რამდენიმე კომპაქტური ობიექტის რეაბილიტაცია. ამის შემდგომ დევნილებს გადაეცემათ საკუთრებაში ფართები. ასევე დევნილებს შეეთავაზებათ საცხოვრებელი ფართები იმერეთის რეგიონში. იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროცესი შეუქცევადია და გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა დევნილი ოჯახი არ იქნება დაკმაყოფილებული ღირსეული საცხოვრებელი პირობებით,“ - ამბობს ლიკა ბასლანძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,წყალტუბოს დევნილ ქალთა კავშირის“ თავმჯდომარე ლალი გრიგოლავა მიიჩნევს, რომ დევნილების უფლებები ირღვევა, რადგან ისინი სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში არიან: ,,ხშირად კეთდება განცხადებები ამა თუ იმ სამინისტროს ხემძღვანელი პირებისაგან, ასევე მინისტრისაგან, რომ დევნილებს ფოთში, წყალტუბოში, ბათუმში გადასცეს ,,გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართები“, ,,გაუუმჯობესეს საცხოვრებელი პირობები“, მაგრამ ამის პარალელურად არ კეთდება განცხადება იმის თაობაზე, თუ რა ბედი ელის დანარჩენ დევნილებს. დევნილები ითხოვენ ინფორმაციას და ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიეცეთ მათ. ეს მათი უფლებაა. გაურკვევლობაში მყოფი ადამიანები - ეს ყველაზე დიდი ფსიქოლოგიური ძალადობაა,“ - აღნიშნავს ლალი გრიგოლავა.

წყალტუბოში არსებული 22 სანატორიუმიდან 6 („შახტიორი“, „ივერია“, „ცისკარი“, „პანსიონატი წყალტუბო“, „სავანე“ და „უშიშროება“) უკვე სრულად დაიცალა იქ ჩასახლებული დევნილებისგან. ქალაქში სულ 2555 დევნილი ოჯახია რეგისტირებული, რაც 6147 დევნილს შეადგენს. აქედან 3394 აფხაზეთიდან იძულებით გადაადგლებული პირი ამჟამად განსახლებას ელოდება.

ხათუნა მაისურაძე

No comments:

Post a Comment