ქუთაისში, საფიჩხიის უბნის მოსახლეობა „ხარაზოვის ბაღში“ ტერიტორიული ორგანოს შენობის დადგმის წინაღმდეგია. მოსახლეობის ინფორმაციით, „ხარაზოვის ბაღში“ ადგილობრივი თვითმმართველობა მუნიციპალიტეტის შენობის აშენებას ბაღის ზედა მხარეს, მარცხენა კუთხეში გეგმავს. ადგილზე, სადაც მმართვის ტერიტორიული ორგანო უნდა განთავსდეს, რამდენიმე დღეა პატარა ჯიხური განათავსეს.
საფიჩხიის უბნის მოსახლეობის თქმით, სამუშაოების დაწყების დროს, ბაღში ხეები გაიჩეხება და მწვანე საფარიც დაზიანდება.
„ვეწინააღმდეგებით მშენებლობას. ბაღში რა უნდა შენობას? მითუმეტეს მუნციპალიტეტის შენობას. გაითელება ნარგავაბი, არაფერს ვამბობ ხეების გაჩეხვაზე. ჩვენ არანაირად არ შევეგუებით ამ გადაწყვეტილებას. აუცილებლად მივმართავთ მწვანეთა ორგანიზაციებს. ქვეყანა იმედია ჩალით არ არის გადახურული,“- აღნიშნა სოლომონ ქ. №1-ში მცხოვრებმა ფაცუნა კუპრაძემ.
მოსახლეობა ამბობს, რომ „ხარაზოვის ბაღში“ მშენებლობის თაობაზე ქუთაისის მერს თავიანთი შეხედულება უკვე გააცნეს. „იყო მოსული მერი და განუმარტეთ, რომ საფიჩხიელები არ შეეგუებიან ბაღის ასეთ მდგომარეობას. თუ გაკეთება უნდათ გააკეთონ და არ დააზიანონ. თავის დროზე, როცა ამ ბაღში „ნიღბების თეტარის“ შენობა განთავსდა (მანამდე საზაფხულო კინოთეატრი იყო), მაშინაც დიდი ამბები მოჰყვა ამ გადაწყვეტილებას. მაგრამ, თეატრი სახელოვნებო კერა იყო მუნიციპალიტეტისგან განსხვავებით,“ - ამბობს საფიჩხიის უბნის მცხოვრები ნუგზარ მარგველაშვილი.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის შენიშვნების საფუძველზე, ბაღში მუნიციპალიტეტის შენობის მშენებლობის გადაწყვეტილება შეიცვლება: „ჩვენ გავითვალისწინეთ მოსახლეობის მოსაზრებები. ამიტომ შენობა აღარ დაიდგმება „ხარაზოვის ბაღში, არამედე საფიჩხიის ცენტრში, ამაღლების ეკლესიის მარცხენა მხარეს მდებარე მცირე სკვერში,“- აღნიშნა მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა.
თუმცა, როგორც ირკვევა, ამაღლების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთა ნაწილისთვის მერიის მიერ მიღებული მორიგი გადაწყვეტილებაც მიუღებელია. „აქ ბავშვები გამოგვყავს და სკვერში თამაშობენ. აქ რა უნდა მუნიციპალიტეტის შენობას? სადაც არის იქ იყოს და იქ გარემონტონ,“ - ამბობს ადგილობრივი მოსახლე ლევან ქეცბაია.
საფიჩხიის მუნიციპალიტეტის მშნებლობისთვის ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარია გამოყოფილი. სამუშაოები ტენდერში გარჯვებულმა კომპანიამ („NTM“) მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე უნდა დაასრულოს. რაც შეეხება „ხარაზოვის ბაღს“, მისი რეაბილიტაციისათვის ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი. ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა დაიწყოს და წლის ბოლომდე დასრულდეს. უკვე ცნობილია ისიც, რომ რეაბილიტაცია ბაღში მდებარე „ნიღბების თეატრსაც“ ჩაუტარდება. ხოლო იქვე მდებარე გალაკტიონ ტაბიძის ძეგლი ძველ ადგილმდებარეობას შეინარჩუნებს და მას რესტავრაცია ჩაუტარდება.
„ხარაზოვის ბაღის“ რეაბილიტაციის პროექტირებაზე ჰოლანდიური კომპანია Dutch Design Garden-ი მუშაობს. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, საპროექტო სამუშაოებს ჰოლანდიური კომპანია უფასოდ ახორციელებს.
თეო ხარაბაძე
No comments:
Post a Comment