Tuesday, March 20, 2012

კონტროლის პალატას მეორედ გახსნისთვის ამზადებენ






ქუთაისის კონტროლის პალატაში, რომელიც დაახლოებით 2 წლის წინ გაიხსნა, სარემონტო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. უწყების ერთი ნაწილი ხარაოებშია ჩასმული. თუმცა სამუშაოებთან დაკავშირებულ ინფორმაციას უწყებაში არ ავრცელებენ.

სარემონტო სამუშაოები კონტროლის პალატის ცენტრალურ შესასვლელში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება. როგორც ირკვევა, უწყების აღნიშნული ნაწილი გახსნის დღისთვის მხოლოდ გარედან, ფასადურად გააკეთეს. „ეს ტერიტორია ამ დრომდე მოუწყობელი იყო,“ - ამბობს ერთ-ერთი მუშა. სამუშაოს სხვა დეტალებთან დაკავშირებით არც მუშები და არც მათი ზედამხედელები არ საუბრობენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ამის გაკეტება „ზემოდან“ აკრძალული აქვთ.

„სამაგიეროდ გახსნაზე დაგპატიჟებთ,“ - გვითხრა ვინმე ლევანმა, რომელმაც გვარის დასახელება არ ისურვა.

მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით კონტროლის პალატის პრესსამსახურს დავუკავშირდით. პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ფატი მამისეიშვილმა განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტური პირები შეხვედრაზე იმყოფებიან და მოგვიანებით დაგვიკავშირდება.

მაკონტროლებელ უწყებაში სარემონტო სამუშაოებს კომპანა „მაგისტილი“ ახორციელებს.

კონტროლის პალატის ოფისი ქუთაისში 2010 წლის 24 მაისს გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ქვეყნის პრეზიდენტი მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად ესწრებოდა. მაკონტროლებელი ორგანოს მშენებლობაზე მისივე ბიუჯეტიდან, ერთი წლის განმავლობაში, 3 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ქრისტინა ქარჩხაძე

No comments:

Post a Comment