Thursday, March 15, 2012

ქუთაისში ეკონომიკური განვითარების გეგმა განიხილეს


დღეს, საქართველოს დემოკრატიული მმართველობის ქუთაისის რეგიონალურ ოფისში საჯარო დისკუსია გაიმართა. შეხვედრა ქუთაისის ეკონომიკური პოტენციალის განხილვას მიეძღვნა. დისკუსიაში ქალაქის თვითმართველობის წამომადგენლები მონაწილეობდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქუთაისის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმა განიხილეს, რომელიც მერიის ეკონომიკური სამსახურის მიერ არის შედგენილი. დისკუსიაზე ისაუბრეს გრძელვადიანი (ოთხწლიანი) გეგმის საჭიროებაზე, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ასევე, ქალაქში საინვესტიციო გარემოს შექმნაზე.

`გრძელვადიანი დაგეგმარება საბიუჯეტო კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რითაც ქალაქის ბიუჯეტში დაახლოებით ნახევარ მილიონამდე თანხის დაზოგვა იქნება შესაძლებელი~, _ განაცხადა ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა მალხაზ ჭრელაშვილმა.

ქუთაისის ეკონომიკური პოტენციალის განხილვის დროს, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობაზე გამახვილდა ყურადღება. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა განცხადებით, აუცილებელია საინვესტიციო ვებ-გვერდის ამუშავება, სადაც განთავსებული იქნება ქუთაისის კერძო სექტორში არსებული თუ საჯარო სტრუქტურაში შემავალი ობიექტების ნუსხა.

დისკუსიაზე ერთ-ერთ განსახილველ თემას ქუთაისში ტურიზმის განვითარება წარმოადგენდა. როგორც ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა განაცხადა, ტურიზმის განვითარების კუთხით არა ერთი რეფორმა განხორციელდა, დამზადდა საინფორმაციო ბროშურები და ადგილობრივმა თვითმმართველობამ საერთაშორისო გამოფენებში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ასევე იმსჯელეს ქუთაისის ეკონომიკური განვითარების გეგმაში საკანონმდებლო, სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების განხორციელებაზე. სამომავლო გეგმაში კანონის შემოღების აუცილებლობის საკითხიც წამოიჭრა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყობს საზოგადოებისა და არასმთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას ქალაქის განვითარებაში.

ნინო გულუა

1 comment: