ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩის მეორე შესახვევის N14-ში მცხოვრები დევნილები მეცხრე დღეა ელექტროენერგიის გარეშე იმყოფებიან. ამ დრომდე უცნობია, თუ როდის აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება მკაცრი უამინდობის პირობებში უშუქოდ დარჩენილ მოსახლეობას.
უშუქობის მიზეზად, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ 100 კილოვატზე გადაჭარბება სახელდება, რის გამოც დევნილებს ელექტროენერგია 27 თებერვალს ჩაუჭრეს. დევნილთა დავალიანება 1909 ლარი შეადგენს, რომლის გადახდის საშუალებაც კომპაქტურად მცხოვრები დევნილების თქმით, მათ არ გააჩნიათ.
ქალაქის თვითმმართველობამ დევნილთა დახმარება 500 ლარიანი ფულადი სუბსიდიის გამოყოფით გადაწყვიტა. ,,ქალაქის მერმა და თვითმართველობამ გამოხატა კეთილი ნება, დაეხმაროს უშუქოდ დარჩენილ დევნილებს და ამისათვის, თანადაფარვის პირობებში მოსახლეობას 500 ლარი გამოუყო. ასევე, მათ უმოკლეს ვადებში, სავარაუდოდ ვაუჩერები დაურიგდებათ,“ - ამბობს ქუთაისის საკრებულოს წევრი, უბნის მაჟორიტარი დეპუტატი ტარიელ მესხი.
ტარიელ მესხის თქმით: ,,როდის და თუ რა გზით შეიძლება ჩაერთოს ელექტროენერგია დევნილებს, ამის გადაწყვეტა არც ჩემი და არც მერიის პრეროგატივა გახლავთ“.
ელექტროენერგიის აღდგების პირობებსა და ვადებზე კი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში არ საუბრობენ.
უშუქოდ დარჩენილი დევნილები ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენამდე შეშით უზრუნველყოფას მოითხოვენ. ,,როგორც კი ამინდი ხელს შეგვიწყობს, კეთილმოწყობის სამსახურის მხარდაჭერით, განხორციელდება ხეების გადაბელვა, ხოლო მოჭრილი მასალა გადაეცემა ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს,“ - ამბობს ტატო მესხი.
ანა ჯანაშია
No comments:
Post a Comment