თაღლითობასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებაში ბრალდებულ გედევან გოგიტიძეს საპროცესო შეთანმება გაუფორმდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გოგიტიძის საქმის განხილვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებით დაასრულა. საქმის მასალების მიხედვით, გედევან გოგიტიძე თაღლითური გზით დაეუფლა ქობულეთის რაიონის სოფელ ქაქუთში მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 25 148 კვ.მ. მიწის ფართობს. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სასოფლო-სამურნეო დანიშნულების ნაკვეთის ღირებულება 75 444 ლარს შეადგენს.
როგორც საქმის მასალები მოწმობს, გოგიტიძემ დანაშაული 2008 წელს ჩაიდინა. მან ქობულეთში ნოტარიუსს დაამოწმებინა ყალბი მონაცემების მქონე განცხადება, რითაც სამი მოწმე ადასტურებდა, რომ წლების განმავლობაში გედევან გოგიტიძე თვითნებურად სარგებლობდა აღნიშნული მიწის ნაკვეთით. საქმის აღწერილობითი ნაწილის მიხედვით, გოგიტიძემ განცხადებას საკადასტრო აზომვითი ნახაზი დაურთო და საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ყალბი განცხადებით მიმართა. კომისიიდან დადებითი პასუხის შემდეგ, გოგიტიძემ საკუთრების უფლების რეგისტრაციის თხოვნით საჯარო რეესტრის სამმართველოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა.
ბრალდების მხარის განცხადებით, გედევან გოგიტიძის ქმედებით სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით – 75 444 ლარის ზიანი, რაც ანაზღაურებული არ არის, რადგან მიწის ნაკვეთი მსჯავრდებულის სახელზე ირიცხება.
გედევან გოგიტიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის `ბ~ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ბ~ ქვეპუნქტით წაუყენეს. მოცემული მუხლებიდან პირველი თაღლითობას, ხოლო მეორე ყალბი დოკუმენტაციის დამზადებას ითვალისწინებს.
გოგიტიძის საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულის დაუსწრებლად, გასული წლის ნოემბერში განიხილა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა გამოძიებასთან თანამშრომლობას თავი აარიდა. რის გამოც, სასამართლო განხილვის მიმდინარეობის დროს ის სამართალდამცველების მხრიდან იძებნებოდა.
დაცვის მხარის არგუმენტით, გედევან გოგიტიძის წინაპრები გასული საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს. შესაბამისად, მას შეეძლო პრეტენზია განეცხადებინა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, როგორც წინაპართა საკუთრებაზე.
დაცვის მხარის მოსაზრება სასამართლომ არ გაითვალისწინა. გოგიტიძეს სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 5000 ლარის გადახდა დაევალა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, რომელსაც მსჯავრდებულიც ესწრებოდა, მოსამართლემ საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოიტანა განაჩენი. Mროგორც მოსამართლემ აღნიშნა, მხარებს შორის საპროცესო შეთანხმების გაფორმების ინიციატორი ბრალდების მხარე იყო.
საპროცესო შეთანხმების პირობების მიხედვით, გოგიტიძეს 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა. რაც შეეხება 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელს, ის 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთაში გამოიხატა. 7-წლიანი სასჯელის ვადიდანA გოგიტიძე 3 წელიწადს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატარებს, ხოლო 4 წელი პირობით სასჯელად ჩაეთვლება. პირობითი სასჯელისGგამოსაცდელ ვადად კი 5 წელი დაენიშნა.
სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმების დოკუმენტის პირობები გააცნეს. ბრალდების მხარემ გოგიტიძეს განუმარტა, რომ აღნიშნულ დოკუმენტზე ხელისმოწერით, ის საპროცესო შეთანხმების პირობებს ეთანხმებოდა და წაყენებულ ბრალდებებში თავს დამნაშავედ ცნობდა. დოკუმენტის გაცნობის პარალელურად, გოგიტიძე საკუთარ ადვოკატთან გადიოდა კონსულტაციას. მოსამართლის კითხვაზე, თავს დამნაშავედ ცნობდა თუ არა, გოგიტიძემ პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და კვლავ ადვოკატთან კონსულტაცია ითხოვა. ამის შემდეგ გოგიტიძემ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ვიდრე სასამართლო პროცესი საპროცესო შეთანხმების გაფორმებით დასრულდებოდა, გოგიტიძის ყოყმანმა დარბაზში მყოფ მის ახლობლებში მღელვარება გამოიწვია. Dპროცესის დასასრულს კი საპროცესო შეთანხმების დოკუმენტით ახლობლები უკმაყოფილებას ვერ მალვდნენ.
`სულ ტყუილად აღიარებინეს, რაც აღიარებინეს. Aამის შემდეგ როგორ უნდა გწამდეს სასამართლოსა და მოსამართლის,~ - ამბობდნენ გედევან გოგიტიძის ახლობლები.
ქრისტინა ქარჩხაძე
No comments:
Post a Comment