საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ქუთაისში დღეს ღია კარის დღე გამართა. შეხვედრაზე მისულმა მოქალაქეებმა კომისიას საკუთარი პრობლემები გააცნეს.
ერთ-ერთი პირველი მოქალაქე, რომელმაც სემეკს საჩივრით მიმართა ქუთაისში, თბილისის ქუჩის №68-ში მცხოვრები მაია ჟორჟოლიანი იყო. როგორც გაირკვა, აღნიშნულ მოქალაქეს ელექტროენერგიის მიწოდება უსამართლოდ შეუწყვიტეს, როდესაც ის ქუთაისში არ იმყოფებოდა.
,,როდესაც თბილისიდან სახლში ჩამოვედი (სადაც 80 წლის დედა მყავდა დატოვებული), ელექტროენერგიის ქვითარზე 500 ლარის გადასახადი დამხვდა. მრიცხველის შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ რეალურად დედას მხოლოდ 8 ლარის ელექტროენერგია ჰქონდა დახარჯული,“ - ამბობს მაია ჟორჟოლიანი.
ენერგოკომპანიის წარმომადგენლების მიერ ელექტროენერგიის ჩაჭრის შემდეგ, მაია ჟორჟოლიანი სამი დღე უშუქობაში იმყოფებოდა. როგორც მოქალაქე აღნიშნავს, ყოველ თვეში მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება 35-45 ლარს არასოდეს აღემატება. ამიტომ, მაია ჟორჟოლიანი ქვითარზე არსებული დავალიანების რეალურობას გამორიცხავს.
აღნიშნული ფაქტის სემეკში გაცხადების შემდეგ, მოქალაქეს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგინეს, ხოლო 500 ლარიანი გადასახადის სამართლიანობაზე მოკვლევა მიმდინარეობს. ,,ეს ორგანიზაცია დამეხმარა. ჩამირთეს შუქი და მხოლოდ მიმდინარე დავალიანება გადავიხადე. არავითარ შემთხვევაში არ ვაღიარებ იმ თანხის რეალურობას, რაც ქვითარშია მითითებული. ეს უსამართლობაა. უახლოეს მომავალში საბჭო განიხილავს ჩემს საკითხს და ვნახოთ რა გადაწყდება,“ - ამბობს მაია ჟორჟოლიანი.
ანა ჯანაშია
No comments:
Post a Comment