Saturday, May 26, 2012

სამხედრო აღლუმი ეროვნული და ოცხოური აკომპანიმენტით


სამხედრო აღლუმის მსვლელობას, წელს პირველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრთან ერთად აკომპანიმენტს გაუწევს 5 მეგობარი ქვეყნის: ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების ორკესტრები – ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სალომე მახარაძემ მიაწოდა.
„ღონისძიების  ძირითადი ნაწილი არის სამხედრო–საზეიმო მსვლელობა, სადაც ნამდვილად საამაყოდ  აქვს საქმე საქართველოს  შეიარაღებულ ძალაებს. რადგან აქ იქნება რამდენიმე ახალი სახეობის საქართველოში წარმოებული სამხედრო ტექნიკა. იქნება გარკეული მუსიკალური გაფორმება. ყველაფერი იქნება ეროვნული,“ – ამბობს სალომე მახარაძე.
სამხედრო საზეიმო მსვლელობამდე შესრულდება რამდენიმე მუსიკალური ნომერი - ნიაზ დიასამიძე - „ჩვენ ავაშენებთ სახლს“, ნაციონალური ბალეტი სამხედრო ფორმებში - „ხორუმი“ და ზუმბა სიმღერა „აფხაზეთო“.
სახელმწიფო ჰიმნს ანა ხანჩალიანი თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრის თანხლებით შეასრულებს.
აღლუმის საზეიმო მსვლელობაზე გამოვლენ სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფები. აღლუმის შემადგენლობაში, ასევე, იქნებიან საარტილერიო ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები.ზეიმის მსვლელობაში შემდეგი იქნება სახმელეთო ჯარების საავიაციო ქვედანაყოფების სააღლუმე კოლოფი. აღლუმის საზეიმო მსვლელობას ქვეითად დახურავს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა.
აღლუმში მონაწილე ქვეითი პირადი შემადგენლობის შემდეგ საზეიმო მსვლელობას განაგრძობს შეიარაღებული ძალების მძიმე ჯავშანტექნიკა, საარტილერიო სისტემები და საფრენი აპარატები.
აღლუმის საზეიმო მსვლელობაში პირველად მიიღებენ მონაწილეობას მუხლუხოებიანი ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“, უპილოტო საჰაერო სისტემა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა.
აღნიშნული სამხედრო ტექნიკა დამზადებულია საქართველოში.

ახალ პარლამენტში პირველი სხდომა 16:00 საათზე გაიმართება


ქუთაისის ახალ პარლამენტში პირველი საზეიმო სხდომის 16:00 საათზე გაიმართება – ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს პარლამენტის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა მოიწოდა. ამ დრომდე სხდომის გამართვის დროდ 18:00 საათი სახელდებოდა.
„სხდომა დაიწყება დაახლოებით 16:00 საათისთვის.  მას დაესწრება საქართველოს პარლამენტი, სრული შემადგენლობით. სხდომაზე მოწვეულნი არიან აღმასრულებელი ხელისუფლების წარომადგენლები. სხდომაზე  სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი. ბუნებრივია, ჩვენ მოვისმენთ საკმაოდ საინტერესო საკითხებს,“ – ამბობს გია ხუროშვილი.
პარლამენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, მისასალმებელია იდეა პარლამენტის ქუთაისში გადმოსვლის შესახებ. „ძალიან მომწონს ახალი პარლამენტის შენობა. მაგრამ უფრო მეტად მომწონს იდეა, რომ საქართველოს ყველა რეგიონი თანაბრად განვითარდეს და ამ ადამიანებს ქონდეთ საშუალება, დასაქმდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. აღარ მოუწევთ გადაბარგება საქართველოს დედაქალაქში დასასაქმებლად,“ – აღნიშნა გია ხუროშვილმა. 

ქუთაისის მერი: 24 საათიან რეჟიმში მიმდინარე სამუშაოები ამ მომენტამდე გრძელდება


„ქუთაისი მზად არის ღირსეულად დახვდეს 26 მაისის დამოუკიდებლობის დღესასწაულს. ასევე, უმასპინძლოს სამხედრო აღლუმს. 24 საათიან რეჟიმში მიმდინარე სამუშაოები ამ მომენტამდე გრძელდება. კეთილმოწყობილია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია,“ – განაცხადა ქუთაისის მერმა, გია თევდორაძემ მთავრობის სახლში გახნილ მედიაცენტრში.
თევდორაძის ინფორმაციით, პარმანეტის სხდომისა  და აღლუმის გარდა, დაგეგმილია რამდენიმე სხვა ღონისძიება.  „16:00 საათიდან ველოდებით ღონისძიებებზე მოქალაქეების მოსვლას. დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება, სხვადასხვა შემსრულებლებისა და მოძრაობის თეატრის მონაწილეობით. 21:00 საათზე  კი გრადნიოზული გალა კონცერტი დაიწყება, მსოფლიო დონის შემსრულებლების მონაწილეობით. ამ ყველაფერს დააგვირგვინებს უპრეცედენტო, სანახაობრივი და მასშტაბური ფეიერვერკი,“  – აღნიშნა გია თევდორაძემ.
ქუთაისის მერმა მოსახლეობას ახალ პარლამენტთან შეკრებისაკენ მოუწოდა. „ერთად შევხვდეთ ქუთაისისთვის ეპოქალურ დამოუკიდებლობის დღეს,“ – განაცხადა ქუთაისის მერმა.

აკაკი ბობოხიძე: ქუთაისი მზად არის მიიღოს აღლუმი და ჩატარდეს პირველი სხდომა


ქუთაისის მთავრობის სახლში გახსნილ მედიაცენტრში, დღეს პირველი ოფიციალური კომენტარი უმრავლესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ გააკეთა.
„ერთიანი საქართველოს ყველა პერიოდში, თბილისის და ქუთაისის ერთობა იყო საფუძველი ჩვენი ქვეყნის დიდების. ნებისმიერი ქართველის ცნობიერებაში ქუთაისი წარმოადგენდა მეორე დედაქალაქს. და ეს ამ ხელისუფლებამ, საქართველოს ამ მოწვევის პარლამენტმა, გააფორმა იურიდიულ აქტად,“ – აცხადებს აკაკი ბობოხიძე.
ბობოხიძემ მედიაცენტრში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქუთაისი დღეს მზად არის, მიიღოს აღლუმი. „მზად არის იმისთვის, რომ ჩატარდეს პირველი, ერთჯერადი, საზეიმო სხდომა. მიმაჩნია რომ ჩვენი რაოდენობის ერს, არ აქვს უფლება, გააკეთოს მეგაპოლისები.  არ აქვს უფლება მხოლოდ ერთ ქალაქში მოუყაროს ყველაფერს  თავი. ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული, ხელს შეუწყობს არა მარტო ქუთაისის, არამედ მთლიანად რეგიონის განვითარებას. ეს არის წინაპირობა იმისა, რომ არა მხოლდო ქუთაისი, არამედ სრულიად საქართველო იქნეს ჩართული, ჩვენი ქვეყნის როგორც პოლიტიკური, ისე სოციალური და ეკონომიკური განვითარების გეგმაში,“ – განაცხადა აკაკო ბობოხიძემ.
ქუთაისის ახალ პარლამენტში პირველი საზეიმო სხდომა 17:00 საათზე დაიწყება, ხოლო 18:00 საათზე სამხედრო აღლუმია დაგეგმილი.

ქუთაისის პარლამენთან სამუშაობი ამ დრომდე მიმდინარეობს [Video]

ქუთაისის მთავრობის სახლთან

ახალი პარლამენტი

მიმდინარე სამუშაოები მთავრობის სახლთან
http://youtu.be/Lst6qzd9xdw
მთავრობის სახლი ქუთაისში

კონტროლის პალატის მიმდებარე ტერიტორია

კონტროლის პალატასთან სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს


მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორია

ქუთაისის ახალი პარლამენტი


კონტროლის პალატა, სადაც რუსთავი 2–ის სტუდია შენდება

Friday, April 27, 2012

კვირეულის საღამოები ხსოვნის ნიშნით


26-27 აპრილს, საქართველოს მასშტაბით მიმდინარე საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის ბიბლიოთეკებში ხსოვნის საღამოები გაიმართა.
ანდრია სინაურის სახელობის საქალაქო ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკის დამფუძნებლის და დამაარსებლის, პოეტ ანდრია სინაურის ცხოვრება და მოღვაწეობა გაიხსენეს. როგორც ცნობილია ანდრია სინაურმა თავისი სახლი და მისი მდიდარი ბიბლიოთეკა ქალაქს გადასცა. მოგვიანებით იქ საქალაქო ბიბლიოთეკა გაისხნა, რომლის გამგეც გარდაცვალებამდე ანდრიას მეუღლე ნადია აბდუშელაშვილი გახლდათ. ხსოვნის საღამოს მკითხველთა სხვადასხვა თაობა სტუმრობდა, მათ შორის ისინიც, რომლებიც  პირადად იცნოდნენ პოეტს. შეხვედრაზე გაცხადდა ერთ-ერთი ქალბატონის – ნანი ავალიანის სურვილიც, რომ  ბიბლიოთეკისათვის 200-მდე წიგნი გადაეცა.
გახსენება-გაცნობას შეეხო მიხა ხელაშვილის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საღამოც, სახელწოდებით „მიხა ხელაშვილი - ქართული ჰეროიზმის ემანაცია“, რომელიც სამეცნიერო ბიბლიოთეკის პერიოდიკის დარბაზში გაიმართა. საღამოს ინიციატორი მე-13 ბიბლიოთეკა გახლდათ. თუმცა მომხსენებლები არა თანამშრომლები, არამედ უფროსკლასელი მკითხველები იყვნენ. მათ მსმენელებს გააცნეს მიხა ხელაშვილი, როგორც საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი გმირი. ადამიანი, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშილთან ერთად ფშავსა და ხევსურეთში გამართულ შეიარაღებულ აჯანყებებში აქტიურად მონაწილეობდა. ამასთან ერთად, ის რამოდენიმე ცნობილი ლექსის „ლექსო ამოგთქომ“ და „ბინდისფერია სოფელის“ ავტორიცაა. „ამ ლექსებს საბჭოთა პერიოდში, როგორც ხალხურ პოეზიას ისე აცნობდნენ ხალხს. მიხა ხელაშვილის ფიგურა ცოტა მიჩქმალულია და მოზარდი თაობისათვის უცნობია. გვინდოდა ინფორმაცია მიხა ხელაშვილზე  მოზარდებისთვის მათსავე თანატოლებს მიეტანათ“, - ამბობს სამეცნიერო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ციცი ჯინჯიხაძე.
საბიბლიოთეკო კვირეული 30 აპრილს დაიხურება.
ეკა კუხალაშვილი

უნივერსიტეტსა და პროკურატურას შორის მემორანდუმი გაფორმდა


მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, დღეს ქუთაისს სტუმრობდა. დავით საყვარელიძემ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმი დაწესებულებასა და პროკურატურას შორის, ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც,  იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ლექციები და სემინარები მომზადდება. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, პროკურატურის სისტემაში პრაქტიკაც გაიარონ.
,, წერეთლის სახელობის უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმი დასავლეთ საქართვლოში განსაკუთრებულია. გვინდა, გავაღრმავოთ თანამშრომლობა, რათა უფრო მეტი კვალიფიციური პროკურორი და მოსამართლე წამოვიდეს ამ უნივერსიტეტიდან“–აღნიშნა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ.
,,მსგავსი კონტაქტების დამყარება უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ურთიერთობების გაღრმავებით, ძალიან კარგი შანსი ეძლევათ ჩვენს სტუდენტებს. გარდა იმისა, რომ მიიღებენ ღრმა თეორიულ ცოდნას, შანსი ეძლევათ, ეს ცოდნა გაიმტკიცონ პრაქტიკული უნარ–ჩვევებით,“ – ამბობს ა. წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე.
დღესვე, დავით საყვარელიძე იუსტიციის სახლში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მათ ქვეყნის ახალი პოლიტიკის  შესახებ ესაუბრა და ის პროექტებიც გააცნო, რომელსაც პროკურატურა ახორციელებს.
ხათუნა მაისურაძე

„ჯეოსტარის“ გამარჯვებული კარდაკარის პროგრამაში ჩაერთო


საარჩევნო სიების დაზუსტების მიზნით, კარდაკარის პროგრამა გრძელდება. ქუთაისში დღეს, რეგისტრატორები ფხაკაძეების ოჯახს სტუმრობდნენ. გაირკვა, რომ ექვსსულიანი ოჯახის ერთი წევრი, სიაში არ იმყოფებოდა. ,,დღეს შემიყვანეს სიაში. მიხარია, რომ მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში და პრობლემა არ შემექმნება“-ამბობს დარეჯან ფხაკაძე.
კარდაკარის პროგრამაში ჩაერთო, „ჯეოსტარი 2012“-ის გამარჯვებული მარიტა როხვაძე, რომელიც, ასევე, იმყოფებოდა ფხაკაძეების ოჯახში. ,,მივესალმები ამ ინიციატივას და მზად ვარ, ჩავერთო გადამოწმების პროცესში, რადგან ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მსგავსი წამოწყების  წარმატების გარანტი, საზოგადოების ჩართულობაა. მე, ჩემი მშობლიური ქალაქიდან ვუერთდები იმ ხალხს, რომლებიც კარდაკარ დადიან და ამოწმებენ სიებს,“ - აღნიშნა მომღერალმა მარიტა როხვაძემ.
კარდაკარის პროგრამა ორი დღეა დაიწყო. ქუთაისის მასშტაბით, 462 რეგისტრატორი გადაამოწმებს საარჩევნო სიებს. ,,ახალი ეტაპი ორი დღის დაწყებულია და მიმდინარეობს ყველა ოჯახში წყვილების შესვლა. ინციდენტები, ძირითადად, არ არის, თუმცა არის ოჯახები, რომლებიც არ უშვებენ ჩვენს წარმომადგენლებს,“ -განაცხადა სიების გადამოწმების კომისიის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა ივანე კაპანაძემ.
იმერეთის მასშტაბით, 1772 რეგისტრატორი გადამზადდა, რომლებიც ივნისის ბოლომდე, ყველა ოჯახში შევლენ. ივლისში, შეგროვებული მონაცემები გადამოწმდება. პირველი აგვისტოსთვის კი, მზა სიები უნდა გამოქვეყნდეს.
ხათუნა მაისურაძე

თეატრი თეატრში


„პანტომიმის თეატრი იმით არის გამორჩეული, რომ უნივერსალური ენა გააჩნია, მიმიკის და პლასტიკის ენა, რომელიც ყველა ერის ადამიანისთვის გასაგებია“, - ამბობს ქუთაისის „პანტომიმის თეატრის“ ხელმძღვანელი და რეჟისორი  ბაქარ ბაქრაძე.
ამ „უნივერსალური ენის“ მქონე „პანტომიმის თეატრი“ უკვე 4 წელია, რაც ქუთაისში ფუნქციონირებს. ოთხი წლის მანძილზე 3 სპექტაკლის („ოიდიპოსი“, „მოცარტი და სალიერი“ და „9 აპრილი“) დადგმა და 3 მიწვევის მიღება მოახერხა. მიწვევის, რომელიც თეატრმა ედინბურგისა და მონრეალის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალებიდან მიიღო. ქალაქის ხელმძღვანელობამ ასევე მიიღო წერილი ფესტივალის მესვეურებიდან, სადაც ისინი ქალაქის ხელისუფლებას თხოვდნენ დახმარებოდნენ თეატრს.  „მხოლოდ გზის ხარჯების ანაზღაურება იყო საჭირო. ყველა დანარჩენ ხარჯს ფესტივალი იღებდა. მხოლოდ იქამდე უნდა ჩაგვეღწია“, - ამბობს ბაქარ ბაქრაძე. თუმცა ედინბურგულმა მიწვევამ გული დიდად არ აუჩუყა ჩვენი ქალაქის მესვეურთ. ამის გამო, თეატრს სამივე ფესტივალის გამოტოვება  და სამი დიდი შანსის ხელიდან გაშვება მოუხდა.
სამაგიეროდ გული აუჩუყდათ ქუთაისის ოპერის თეატრში. „პანტომიმის თეატრი“ ოპერის თეატრმა შეიფარა და დაუთმო ოთახი რეპეტიციებისთვის. „ძალიან დაგვეხმარნენ, საკუთარი დარბაზი არ გვქონდა, სამი წლის განმავლობაში ქირას ვიხდიდით. შეიძლებოდა ქუჩაში ვყოფილიყავით და ვერ გვეკეთებინა ჩვენი საქმე“,- ამბობს „პანტომიმის თეატრის“ ხელმძღვანელი.  
თეატრი დღეს საქმის კეთებას ახერხებს. უფრო მეტიც, ოპერის თეატრის სივრცეში ორი თეატრი ფუნქციონირებს, ანუ თეატრი თეატრში ამოქმედდა.
ორი თეატრი ერთდროულად წარდგა მაყურებლის წინაშე ორ საოპერო სპექტაკლშიც. „პანტომიმის თეატრმა“ სანახაობრივად გაამდიდრა „ჯამბაზების“ ქუთაისური პრემიერა და მრავალფეროვნება შესძინა ახალი რედაქციით დადგმულ „მინდიას“.
თეატრი ახალ სპექტაკლზე მუშაობს, თუმცა ფინანსური შეფერხებები აქაც იჩენს თავს. „როცა საკუთარი შენობა არა გაქვს ცოტა უხერხულია რაღაც გრანდიოზული სპექტაკლის დადგმის წამოწყება. კულტურის სამსახურს მგონი არა აქვს იმდენი თანხა, რაც სპეტაკლის დადგმას ჭირდება, სრულყოფილად ვერ დაგიფინანსებს. ამიტომ გვიჭირს ახალი სპექტაკლის დაწყება, იქ მხატვარი გჭირდება, დეკორაცია, ხარჯი უნდა გაითვალისწინო. ბიზნესმენს კი ძალიან უნდა უყვარდეს თეატრი, რომ დაგიფინანსოს. ხელოვნების ასეთი მოყვარული კი ვერავინ ვნახეთ, ყველა თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი“, - ამბობს ბაქარ ბაქრაძე.
 სამაგიეროდ ხელოვნების მოყვარულნი ყავს თავად „პანტომიმის თეატრს“, რაც შესაძლებლობას აძლევს ფინანსური კრიზისების პირობებში არ გაჩერდეს და ფორმა შეინარუნოს. „პანტომიმის თეატრის მსახიობობა დიდ ფიზიკურ დატვირთვასთან არის კავშირში. ყოველ დღე სამსაათიანი ფიზიკური ვარჯიში გვინდა, რომ სულ ფორმაში ვიყოთ. მსახიობები ძალიან ბევრს შრომობენ, მაგრამ, ელემენტარულსაც ვერ იღებენ. ჩვენ საქმის მიმართ სიყვარული გვაძლებინებს, ფარ-ხმალს არ ვყრით და ვახერხებთ, რომ გვქონდეს ქალაქში პანტომიმის თეატრი, რომელიც ფასეულის შექმნას ცდილობს“, - ამბობს ბაქარ ბაქრაძე.
ეკა კუხალაშვილი

ქუთაისში ოპოზიციური პარტიის ლიდერი დააკავეს

,,გუშინ, საკუთარი მანქანით მოვდიოდი აღმაშენებლის გამზირზე და ჩემი უყურადღებობით, ოდნავი შეხება მომივიდა წინა მანქანასთან. გაჩნდა იქვე პატრული, ამომიწერეს 250 ლარიანი ჯარიმა და მითხრეს, რომ პრობლემა არაფერი იყო. თუმცა, როგორც კი ჩემი სახელი და გვარი გაიგეს, გადაწყვიტეს, რომ ორივე მანქანა საჯარიმოზე გადაეყვანათ. მე კი მითხრეს, რომ დაპატიმრებული ვიყავი ადმინისტრაციული წესით და ხელბორკილებით განყოფილებაში წამიყვანეს“ -  აცხადებს პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის ლიდერი გოგი წულაია.
პარტიის ლიდერი, მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს და აღნიშნულ ფაქტს, მისი დაშინებისა და დაშანტაჟების მცდელობად აფასებს. ,,ეს იყო პოლიტიკური ზეწოლა, რადგან არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენდა, არც მანქანის წართმევა, არც ხელბორკილების დადება და მითუმეტეს, განყოფილებაში წაყვანა, სადაც 45 წუთი მალოდინეს. ამ ხელისუფლების ხელში, პატრული გადაიქცა პოლიტიკური ანგარიშსწორების და დაშინების იარაღად, - აღნიშნა გოგი წულაიამ.

ხათუნა მაისურაძე

,,დევნილებისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება არ მომხდარა“


დევნილთა განსახლების დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილეს დღეს ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის ორგანიზებით ანიშნულ თემაზე საჯარო დებატები გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ასევე, მისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეების განხილვა.
„ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა ის, რომ დევნილთა განსახლების პროცესში, რეგისტრაციის ადგილზე არ ხდება მათი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება. იმერეთის რეგიონიდან დევნილების განსახლება და სახლების რეაბილიტაცია მოხდა ფოთსა და ბათუმში. სასურველი იყო, მათი ინტეგრირება იმავე რეგიონებში მომხდარიყო, სადაც მანამდე ცხოვროვდნენ. რეალურად, მათთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება არ მომხდარა,“ - აღნიშნა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორმა ნოდარ ჯიქიამ.
დებატებში არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და თავად იძულებით გადაადგილებული პირები მონაწილებდნენ.  შეხვედრაზე განსახლების პროცესში გამოვლენილ პრობლემებსა და  დარღვევებზე ისაუბრეს.
,,სტრატეგიის დოკუმენტი ნორმალურადაა შედგენილი, მაგრამ სხვა საქმეა, რამდენად განხორციელდა სტრატეგიის მიხედვით განსახლების პროცესი. მიმაჩნია, რომ იმერეთის რეგიონში ძალიან ბევრ ფაქტს ჰქონდა ადგილი, როცა დაირღვა დევნილთა უფლებები და უშუალოდ არ განხორციელდა სტრატეგიის მიხედვით განსახლების პროცესი,“ - ამბობს დევნილი ლალი გრიგოლავა.
შეხვედრა საია-ს პროექტის – ,,საქართველოში მაცხოვრებელი დევნილების პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტა“ ფარგლებში გაიმართა.
ხათუნა მაისურაძე

Thursday, April 26, 2012

ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები უცვლელია


ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, სოციალური ღონისძიებები, განათლება, კულტურულ-სპორტული პროგრამები და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა - ასე გამოიყურება ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები, რომელზეც მუშაობა ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიმდინარე წლის პირველი მარტიდან დაიწყო.
ქუთაისის მერიაში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა, არასამთავრობო და მედია-სექტორის მონაწილეობით ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვა გაიმართა. აღნიშნული შეხვედრა ქუთაისის თვითმმართველობისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  პროგრამის („დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“) ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრის დაწყებისას ვიცე-მერმა ნიკო კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, რომ 5 წლის წინ ქალაქის ბიუჯეტი 19 მილიონი ლარი იყო, ხოლო დღეს ის 52 მილიონ ლარამდეა ასული. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა თქმით, 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები მიმდინარე წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების ანალოგიურია. მომავალ წელსაც ყურადღება დაეთმობა: საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ბინათამხანაგობების ინსტიტუტის განვითარებას, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხებს, სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას. ასევე, ხელოვნების დარგებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციას.
„არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგადად საზოგადოების ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესში იზრდება. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში და ვფიქრობთ ჩვენს აზრს გაითვალისწინებენ. თუმცა არის რიგი საკითხები, რომელზეც ვერასდროს შევთანხმდებით, მაგალითად პროგრამული ბიუჯეტის ფორმატის გაფართოება,“ - ამბობს ადგილობრივი დემოკრატიისა და ეკონომიკის ინსტიტუტის წარმომადგენელი კახა გვანცელაძე. 
 აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, ბიუჯეტის პროექტი ადგილობრივ თვითმმართველობასა და ფინანსთა სამინისტროს გადაეგზავნება განსახილველად. ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს კი წლის ბოლოს საკრებულო ამტკიცებს.
ქრისტინა ქარჩხაძე   

26 წელი ჩერნობილის ტრაგედიიდან


ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ბლოკი

ჩერნობილელთა დღე აღნიშნეს დღეს ქუთაისში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა,  ჩერნობილელთა კავშირის წევრებთან   ერთად, ჩერნობილელთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ კი მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ჩერნობილის ავარიიდან 26 წელი გავიდა.  ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკზე აფეთქება  1986 წლის 26 აპრილს მოხდა. ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში იმერეთის რეგიონიდან 467 ადამიანი მონაწილეობდა. 9 მათგანი უკრაინაში გარდაიცვალა. 1986 წლიდან დღემდე ჩერნობილში მიღებული რადიაციული დასხივების გამო  იმერეთის მასშტაბით კიდევ 77 ადამიანი დაიღუპა.
ჩერნობილის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე ყველა ადმიანი პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდია.
ჩერნობილელთა დღე ქუთაისში ტრადიციულად აღინიშნება. ადგილობრივი ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქუთაისში და იმერეთის ყველა რაიონში მცხოვრებ ჩერნობილელთა ოჯახებს მორალურ მხარდაჭერას უცხადებენ და სიმბოლურ საჩუქრებს ტრადიციულად,  ყოველ წელს გადასცემენ.

"ახალი გაზეთი"

,,მემარჯვენეები“ ქუთაისის სატრაქტორო ქარხნის აღდგენის ინიციატივით გამოდიან

,,ახალი მემარჯვენეები“ ქუთაისის სატრაქტორო ქარხნის, რომლის აქციათა 62% სახელმწიფო ფლობს, ამოქმედების ინიციატივით გამოდიან. ამის შესახებ, დღეს, პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ, ქუთაისში ყოფილი სატრაქტორო ქარხნის ტერიტორიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მემარჯვენეებს მიაჩნიათ, რომ სათანადო პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ქვეყანაში არსებობს ინტელექტუალური რესურსი და ტექნიკური ბაზა, რომ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით მოხდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტრაქტორების გამოშვება.
თუ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ უახლესი ტიპის ჯავშა-მანქანისა და უპილოტო თვითმფრინავის გამოშვებას წარმატებით გაართვას თავი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სათანადო პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ქვეყანაში საიმისო ინტელექტუალური რესურსი და ტექნიკური ბაზა არსებობს, რომ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტრაქტორების გამოშვება დავიწყოთ. ქუთაისის სატრაქტორო ქარხნის აღდგენით საქართველო სერიოზულად ქვეყანაში აგრარული სფეროს მნიშვნელოვან განვითარებას შეუწყობს ხელს და წარმოებულ ტექნიკას სერიოზულ საექსპორტო დატვირთვასაც მისცემს, - განცხადა გამყრელიძემ.
,,ახალმა მემარჯვენეებმა“ ქართული სოფლისთვის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სოფლებში ერთ–ერთ უმწვავეს პრობლემად, სწორედ, სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის არარსებობა ან ხელმიუწვდომლობა დაასახელა.
,,ჩვენ, უკვე, რამდენიმე ასეული სოფელი შემოვიარეთ საქართველოში და სოფლების უმეტესობას ტრაქტორი ან საერთოდ არ აქვს, ან მოსახლეობას საგაზაფხულო სამუშაოებისთვის საშურ დროს, ტრაქტორის მომლოდინეთა გრძელ რიგში უწევს დგომა. ამასთან, სხვადასხვა სოფლის ტერიტორიაზე არსებული სავარგულის დამუშავების გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა, ტიპის ტრაქტორი ესაჭიროება, “ – განაცხადა დავით გამყრელიძემ.
ხათუნა მაისურაძე


ქუთაისობის დღესასწაულისთვის მზადება საგანგებო რეჟიმში ხორციელდება




რეაბილიტირებული მოედანი და საცხოვრებელი კორპუსები, განახლებული მესხიშვილის თეატრი, რეაბილიტირებული სახლების ნაწილი,  აღმაშენებლის ძეგლის ადგილას გაჩენილი  „შადრევან  პირველი“ და  ველობილიკი ჭავჭავაძის გამზირზე - ეს ის ინფრასტრუქტურული პროექტებია, რომელიც ქუთაისში 2 მაისს, ქალაქის დღესასწაულზე ოფიციალურად უნდა გაიხსნას.
ცენტრალურ მოედანზე სამუშაოები საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს, რის  გამოც ტრანსპორტის მოძრაობა მოედანზე დროებით  შეჩერებულია. მუშებმა ამ დროისთვის უკვე დაასრულეს ტერიტორიაზე  ქვაფენილის დაგება. სამუშაოების ბოლო  ეტაპს გადის მიხელ სააკშვილის საყვარელი შადრევანიც.  რომლის შიგნით  დამონტაჟებულია განათება. შადრევანს მუშები წმენდენ, რის შემდეგ მასზე მოოქროვილი კოლხური ქანდაკებები განთავსდება. ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე  ხარაჩოებშია ჩასმული საცხოვრებელი კორპუსები. სახლებზე ამ ეტაპზე დამატებით ერთი სართულის დაშენება მიმდინარეობს. სამუშაოების გარკვეული ნაწილი 2 მაისისთვის უნდა დასრულდეს. ამავე ტერიტორიაზე ფასადებს ღებავენ  შენობების ნაწილზეც.    მუშები აჩქარებული ტემპით მუშაობენ და პირობას იძლევიან, რომ სამუშაოები „2 მაისს უეჭველი ჩაბარდება“.    
საგანგებო რეჟიმში სრულდება სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზეც, სადაც აღმაშენებლის გამზირის შემდეგ, ველოგზა ამჯერად იქ კეთდება. მუშებმა დაასრულეს ფილაქნების დაგება და ტროტუარის მოწყობაზე მუშაობენ.
„ობიექტების ჩაბარება 28 აპრილს იგეგმება, თუმცა 2 მაისს ოფიციალურად გაიხსნება. რეაბილიტაციას ვასრულებთ დროულად. სამუშაოები კარგად და ხარისხიანად სრულდება,“ - ამბობს ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი.
ქუთაისში მაცხოვრებლები მიმდინარე სამუშაოებს თვალს ადევნებენ და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ ქალაქის იერსახესაც უნდა მიხედოს და მოქალაქეებზეც იზრუნოს.  
„ეს მთავრობა თუ რაიმე კარგს გააკეთებს, მხოლოდ მივესალმებით. ისეთი ტემპი აქვთ, რომ  2 მაისისთვის ჩაბარება არ უნდა გაუჭირდეთ,“ - ამბობს ქუთაისში მცხოვრები მარინა ჭეიშვილი.
ქრისტინა ქარჩხაძე

Wednesday, April 25, 2012

ქუთაისში ელექტროენერგიის დაზოგვაზე იზრუნებენ


აღმაშენებლის ხეივანი ქუთაისში

„ეს არის ენერგოეფექტურობის ცენტრის „ინტერრაო ეეს-ის“ -სა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობის პირველი ნაბიჯები. საპილოტე პროექტის ფარგლებში ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე 20 სანათი წერტილი დამონტაჟდა, რომლებიც არსებულ ნათურებთან შედარებით ოთხჯერ ეკონომიურია,“  - აღნიშნა ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ ქალაქის განათების სიტემის მოდერნიზაციის საპილოტე პროექტის პრეზენტაციისას.
გარე განათების სისტემის საპილოტე პროექტის პრეზენტაცია ქუთაისის მერიაში დღეს, „საქართველოს ენერგო ეფექტურობის“ კომპანიის, შპს „ინტერრაო ეეს-ის ენერგოეფექტურობის ცენტრის“, ს/ს თელასის წარმომადგენლების, ენერგეტიკისა და რეგიონული განვითარების სამინისტროების, ასევე, ქუთაისისა და ზუგდიდის მერიის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა.   
ქალაქის ხელმძღვანელობის განმარტებით, ისინი ენერგოეფექტურობის ცენტრთან ერთად 6 თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
ქუთაისშ, აღმაშენებლის გამზირზე განხორციელებული  საპილოტე ვერსიის გამართლების შემთხვევაში, მომავალში  არსებული ნათურების შეცვლა ქალაქის სხვა ნაწილშიც მოხდება.
„არსებული სისტემით შეგვიძლია გავაკონტროლოთ მრიცხველის ჩვენებები და მრიცხველზე უნებართვო დაერთებები. იმის გაკონტროლებაც შეიძლება დაიწვა თუ არა ნათურა რომელიმე  წერტილში.  ეს ნათურები ბევრად უკეთესი ხარისხისაა, ვიდრე არსებული ნათურები. ეკოლოგიური თვალსაზრისითაც მისაღებია.  ჯერ უნდა ვნახოთ, რა შედეგს მოგტვცემს საპილოტე ვერსია და ამის შემდეგ გადაწყდება ქალაქის სხვა ქუჩებში რა სიხშირით მოხდება მათი დანერგვა,“ - ამბობს ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი. 
ქრისტინა ქარჩხაძე 

ქუთაისში დასუფთავების კუთხით პრობლემები კვლავ რჩება


„ქალაქში სანიტარული წესრიგი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა,“ - აღნიშნა ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დასუფთავების განყოფილების უფროსმა ფრიდონ ბეშკენაძემ. ბეშკენაძემ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ქალაქში სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ორგანიზაციული და პრაქტიკული ღონისძიებების შესახებ წარადგინა ინფორმაცია.
დასუფთავების განყოფილების ხელმღვანელის თქმით, ქალაქში სანიტარული წესრიგის გაუმჯობესებისა და მომსახურების ხარისხის შემდგომი ამაღლების მიზნით, განსაკუთერებული მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივ ბიუჯეტში დასუფთავების მოსაკრებლის მაქსიმალურ მობილიზებას, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების მხრიდან.
„2011 წელს დასუფთავების მოსაკრებლის გეგმა განსაზღვრული იყო  940 000 ლარით. წლის შედეგების მიხედვით გეგმა 120%-ით (170 000 ლარი) გადაჭარბებით შესრულდა. 2012 წელი დაგეგმილია მილიონ ლარზე. გაწეული მუშაობის შედეგად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გეგმა 124%-ით შესრულდა და  ადგილობრივ ბიუჯეტში 250 000 ლარის ნაცვლად 310 467, 06 ლარი აკუმულირდა,“ - ამბობს ფრიდონ ბეშკენაძე.
ბეშკენაძის განცხადებით, დასუფთავების სფეროში არსებული რიგი პრობლემების აღმოფხვრა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებამ, ახალი კადრების მოზიდვამ და ხელფასების ზრდის ტემპმა განაპირობა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მეეზოვის საშუალო ხელფასი 350 ლარს შეადგენს. დასუფთავების განყოფილების უფროსის ინფორმაციით, 2012 წლის ბიუჯეტში დასუფთავების რონისძიებების პროგრამის ბიუჯეტისათვის 4 147 700 ლარია გათვალისწინებული. ქალაქის დასუფთავებას 15 ერთეული  სატრანსპორტო საშუალება ემსახურება, ხოლო ქუთაისის სისუფთავეზე 155 დამგველი ზრუნავს.  ბეშკენაძის თქმით, დასუფთავების სამსახურის ტექნიკური რესურსი პრობლემების სრულად აღმოსაფხვრელად საკმარისი არ არის, ამიტომ,  2-3 დღეში დასუფთავების განყოფილება  დამატებით 5 ერთეულ ნაგავშემკრებ სატრანსპორტო საშუალებას მიიღებს.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ქუთაისში, ნარჩენების ტრანსპორტირების საკითხთან დაკავშირებული პრობლემები აღარ იქნება. აღნიშნული 5 მანქანის გარდა, პრობლემების სრულიად აღმოსაფხვრელად კიდევ  2 მანქანა გვჭირდება,“ - ამბობს ბეშკენაძე.
ფრიდონ ბეშკენაძემ ქალაქის დასუფთავების კუთხით მიღწეულ შედეგებთან დაკავშირებით ისიც აღნიშნა, რომ გაიზარდა დასაგველი ტერიტორიების არეალი.
„ამჟამად  სისტემატურად იგვება აღმოსავლეთის მხრიდან ქალაქში შემოსასვლელი, სოფელ ჭოგნარის გადასახვევამდე, გელათისა და მოწამეთის მონასტრებამდე, რიონგესისა და სოფელ ბანოჯის გადასახვევამდე. გარდა ამისა, არაერთი ღონისძიებები განვახორციელეთ ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიებზე არსებული ანტისანიტარული კერების ლიკვიდაციის მიზნით. უახლოეს დროში გვეგმავთ მოსწავლე-ახალგაზრდობის, სტუდენტების, ქალაქის თვითმმართველობის მონაწილეობით მრავალჯერადი აქციების მოწყობას, ქალაქის შიგა ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არსებული ანტისანიტარიის კერების სალიკვიდაციოდ,“ - ამბობს ფრიდონ ბეშკენაძე.
დასუფთავების განყოფილების ხელმძღვანელი წარმოდგენილ ანგარიშში მიღწეული შედეგების გარდა, საქმიანობის ხარვეზებსაც შეეხო. ბეშკენაძის თქმით, ზამთრის პერიოდში ნარჩენების ტრანსპორტირების კუთხით გარკვეული პრობლემები შეიქმნა. კერძოდ, სამსახურმა არსებული ტექნიკით ქალაქის გარკვეული ნაწილიდან (გორა, ჭომა, ჭახათა)  ნარჩენების ტრანსპორიტება ვერ უზრუნველყო.
ქალაქის საკრებულომ (რომელსაც უმრავლესობისა და ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ნაწილი არ ესწრებოდა)  დასუფთავების განყოფილების ხელმძღვანელის მიერ  წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა. „სერიოზული წინსვლაა, რასაც მოსახლეობა ხედავს ყოველდღიურად. თუმცა გვაქვს პრობლემები,“- ამბობს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი.
ქრისტინა ქარჩხაძე

ქუთაისის ბიუჯეტი 17 მილიონით გაიზარდა


ქუთაისში, მშენებარე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციისა და მასთან დაკავშირებული სხვა ხარჯებისთვის, ქუთაისის მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან  2 500 000 ლარი გამოიყო.  ქალაქის ბიუჯეტში  ცვლილებების შეტანის პროექტი დღეს, ქუთაისის  საკრებულომ დაამტკიცა.
ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან ხვადაგიანის განმარტებით, წლის დასაწყისში ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტი 36 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო (ტრანსფერებისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სუბსიდიების მეშვეობით) ამ ეტაპზე ის 53 მილიონ ლარამდე გაიზარდა. გაზრდილი ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები (1 027 000)  გამოიყო  პროგრამა „კორპუსის“  განხორციელების მიზნით.  ცვლილებები შეეხო სოციალურ პროგრამებსაც.  შედეგად, 152 400 ლარით გაიზარდა მატერიალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტი. 100 000 ლარი დაემატა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტს. რაც შეეხება სამედიცინო დახმარების პროგრამას, მისი ბიუჯეტი 40 000 ლარით გაიზარდა.

ქალაქის ფინანსურ დოკუმენტში შეტანილი ცვლილების შედეგად, 10 000 ლარი გამოეყო თოჯინების თეატრს. 20 000 ლარით გაიზარდა საჯარო ბიბლიოთეკის ბიუჯეტი, ხოლო ააიპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ 30 000 ლარი მიიღო.
ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტში  საჯარო მოხელეთა ინტერესებიც გაითვალისწინეს. შესაბამისად,  ტერიტორიული ორგანოების სახელფასო ფონდს 26 400 ლარი დაემატა.


ქრისტინა ქარჩხაძე