ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ოტია იოსელიანის ანდერძი ნაწილობრივ ბათილად ცნო.
საქმე ეხება მწერლის მიერ სიკვდილამდე დაწერილ ანდერძს, სადაც იოტია იოსელიანმა თავის მემკვიდრეებს შორის შვილებთან ერთად ოჯახის ახლობლებიც დაასახელა.
მან მანანა, რამაზ და აბესალომ იოსელიანებს საქართველოს ბანკის ბარათზე არსებული მთიანი თანხა დაუტოვა. მეგობარ თეიმურაზ კეპულაძეს ,,ვოლვოს'' მარკის ავტომანქანა და ''ტოიოტას''ჯიპი, ხოლო ლიბერთი ბანკის ბარათზე არსებული თანხა - თამარ გელოვანს უანდერძა. მანვე ეკლესიას 8000 ლარი , სამხატვრო სკოლას კი - 1000 ლარი უანდერძა.
მწერლის შვილებმა თავიანთი სარჩელის მოპასუხეებად მხოლოდ თამარ გელოვანი და თემურაზ კეპულაძე დაასახელეს. მოსარჩელეები 2011 წლის 03 ივნისსა და 2011 წლის 07 ივლისს შედგენილი ანდერძების სრულ გაბათილებას ითხოვდნენ იმ საფუძვლით, რომ სადავო ანდერძები არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
სასამართლო განხილვისას დადგინდა, რომ 2011 წლის 03 ივნისს შედგენილი ანდერძი არ იყო დაწერილი ოტია იოსელიანის მიერ, მასზე არსებული ხელმოწერა კი მწერალს ეკუთვნის. ამასთან, 2011 წლის 7 ივლისს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით შესრულებული ანდერძის შედგენა და მასზე მოანდერძის მიერ ხელმოწერის შესრულება არ მომხდარა ორი მოწმის თანდასწრებით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომლის თანახმად მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწეროს ანდერძი და ხელი მოაწეროს მას. ამავე კოდექსის მიხედვით, ანდერძის ტექსტი შეიძლება გადმოიცეს საზოგადოდ მიღებული ტექნიკური საშუალებებით, ოღონდ ხელმოწერილი უნდა იყოს მოანდერძის მიერ. ასეთ შემთხვევაში ანდერძის შედგენა და მოანდერძის მიერ ხელის მოწერა უნდა მოხდეს ორი მოწმის თანდასწრებით. მოწმეთა მიერ ანდერძის დადასტურება უნდა მოხდეს მოანდერძის მიერ ანდერძზე ხელის მოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ, მოანდერძისა და ორივე მოწმის თანდასწრებით ანდერძზე სათანადო წარწერის გაკეთებით, მოწმეთა სახელის, გვარისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით.
"ახალი გაზეთი"
No comments:
Post a Comment