Thursday, March 29, 2012

„ხალხის პარტია“ მდინარე რიონის დასუფთავებას ითხოვს


„ხალხის პარტიის“ იმერეთის რეგიონული წარმომადგენლობა ქუთაისის მერიისგან მდინარე რიონის დასუფთავებას ითხოვს. შესაბამისი განცხადება პარტიის წარმომადგენლებმა მერიაში დღეს შეიტანეს.

„ხალხის პარტიაში“ აცხადებენ, რომ მდინარის მთელი პერიმეტრი დაბინძურებელია, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგვის ბუნკერების არარსებობითაა გამოწვეული.

„აღნიშნული მიზეზით მდინარეში საყოფაცხოვრებო ნარჩენები გროვდება, ხოლო მდინარის ადიდების შემთხვევაში, ეს ნარჩენები შავ ზღვაში ხვდება. საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ჯერ კიდევ 2010 წელს მივმართეთ ქალაქის მერიას, თუმცა ამას არავითარი რეაგირება მოჰყოლია. დღეს ქალაქის მერის სახელზე შეგვაქვს განცხადება,“ - ამბობს „ხალხის პარტიის“ რეგიონალური ორგანიზაციის საბჭოს წევრი ვარლამ ფხაკაძე.

პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან უყურადღებობის გამოჩენის შემთხვევაში, ისინი ფოტო და ვიდეო მასალით შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ სამსახურს მიმართავენ.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მდინარე რიონის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავებულია და იქ ნაგვის ახალი ბუნკერები დგას.

„მდინარე რიონის სანაპიროს დიდი ნაწილი ჩვენს მიერ დასუფთავებულია. გააჩნია რა მონაკვეთზეა საუბარი. იქ ყველგან დგას ბუნკერები და სადაც მანევრირების საშუალება გვეძლევა, დასუფთავების მანქანებს ნაგავი გამოაქვთ,“ - ამბობს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დასუფთავების განყოფილების ხელმძღვანელი ფრიდონ ბეშკენაძე.

ქრისტინა ქარჩხაძე

No comments:

Post a Comment