Friday, March 30, 2012

დევნილები კობა სუბელიანს ტყუილში ადანაშაულებენ




წყალტუბოში მცხოვრები დევნილები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს ტყუილში ადანაშაულებენ და ავარიული შენობებიდან სასწრაფოდ გაყვანას ითხოვენ. საუბარი ეხება მინისტრ კობა სუბელიანის მიერ პარლამენტში გაკეებულ განცხადებას, როდესაც მან პარლამენტარებს დევნილების განსახლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა: ,,დევნილების ავარიული შენობებიდან გამოყვანის პროცესი შეგვიძლია დასრულებულად მივიჩნიოთ“. წყალტუბოელი დევნილების თქმით კი, იძულებით გადაადგილებული პირებით დაკომპლექტებული კოლექტიური ცენტრები თითქმის, ყველა ამორტიზებულია და იქ ცხოვრება გაუსაძლისია: ,,ირღვევა შენობა. რას ჰგავს აქაურობა ხომ ხედავთ? ოთახები სადაცაა დაინგრევა. საწოლიც კი გადავაადგილე იმის გამო, რომ მეშინოდა თავში არაფერი დამცემოდა. აქ სუბელიანიც იყო და აფციაურიც ორი წლის წინ. ნახეს სანატორიუმი და თქვეს, რომ აქ ცხოვრება საშიშია, მაგრამ ჯერ კიდევ არსად გავუყვანივართ. გვეუბნებოდნენ, თქვენ პირველ რიგში გაგასახლებთო, რადგან ავარიულია შენობაო. დღემდე ველოდებით განსახლებას,- აღნიშნა სანატორიუმ ,,მეგობრობაში მცხოვრებმა დევნილმა თინა კოპალიანმა.

,,სანატორიუმი წყობიდან გამოსული და დანგრეულია. წყალი ჩვენ არ გვაქვს და დენი სულ გვეთიშება. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, ბავშვები გარეთ ვერ გაგვიშვია დანგრეული დერეფნების გამო. ჩამოწერილია ეს სანატორიუმი. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, მაგრამ პატრონი არავინ გვყავს,- გვითხრა დევნილმა გულნარა გოდერიძემ.

დევნილი ფატიმა მეგრელი ფიქრობს, რომ მინისტრმა მთელი საქართველო შეცდომაში შეიყვანა და თავს თავადაც მოტყუებულად გრძნობს. ,,მოტყუებული ვართ ჩვენი მინისტრისგან დევნილები. პარლამენტში გამოსვლისას არასწორი განცხადება გააკეთა. როგორ დასრულდა ავარიული შენობებიდან დევნილთა გაყვანის პროცესი, როცა ჩვენ საშინელ პირობებში ვცხოვრობთ. აქ ცხოვრება საშიშია. ყალი ჩამოდის, ელექტროგაყვანილობას ცეცხლი ეკიდება, ამორტიზებულ შენობაში ვცხოვრობთ,- ამბობენ დევილები.

,,ახალი გაზეთისშეკითხვას, თუ როდის დასრულდება წყალტუბოში, ავარიული შენობებიდან დევნილების განსახლების პროცესი, სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსმა ლიკა ბასლანძემ არ უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ წყალტუბოში სანატორიუმები არა ავარიული შენობების პრინციპით, არამედ ობიექტების სტრატეგიული მნიშვნელობით დაიცალა. 16 ამორტიზებული კოლექტიური ცენტრი კი ამ დრომდე გამოავისუფლებას ელოდება.

ხათუნა მაისურაძე

No comments:

Post a Comment