სტუდენტური ინიციატივა - 2010

თეონა ხარაბაძე
21 წლის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი

ანდროპოვის ყურებით დეპოში
როცა ვლაპარაკობთ შეუძლებელზე, მაშინ თავისთავად ვგულისხმობთ შესაძლებელსაც. შესაძლებელს, როგორც საკუთარი არსებობის გაუანალიზებლობას ან საკუთარ არსებობასთან შეუთავსებლობას. სახელმწიფო, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე შესაძლო რევოლუციის მოლოდინში ცხოვრობს, აშენებს დემოკრატიას.
ერთ საღამოს საბჭოეთის შვილებმა რომ დაიძინეს, მეორე დღეს დემოკრატიულ ქვეყანაში გაიღვიძეს. ქვეყანაში, სადაც კვლავ ანდროპოვის ყურები იდგა და სოციალიზმით გაჟღენთილი მუშათა და კოლმეურნეთა ქანდაკებები თავს იწონებდნენ. შემდეგ დაიწყო ახალი ზღაპრების შეთხზვა, ადაპტირება ამ ზღაპრების ახალ ქვეყანასთან. ადამიანთა ბედი კი კვლავ დროისა და სივრცის კუთვნილებაა.
რას განიცდის სიკვდილმისჯილი მაშინ, როცა იგი ელექტრო სკამზე ზის? არც არავინ იცის. ეს ერთადერთი, უკანასკნელი საიდუმლო და განცდაა, რომელსაც თან წაიღებს. სწორედ ასე, 90-ანებმა თან წაიღეს სევდისა და გადარჩენის განცდები. აი, 90-ან წლებში დაისვა შეკითხვა - ჯერ დამოუკიდებლობა, თუ ჯერ დემოკრატია? არ გეგონოთ, რომ ამ საკითხს აქტუალობა დაეკარგოს, სულაც არა, თუმცა არ გაჩენილა შეკითხვა - რა არის დემოკრატია ჩვენთვის? თვითმიზანი, სხვებისათვის თავის მოწონება, თუ გადარჩენის, უკეთესი ცხოვრების საშუალება?
აი, ჩვენ აქედან, რომელს მივანიჭეთ უპირატესობა, ბევრ რამეზე მიგვანიშნებს და მოგვითხრობს. რატომღაც ყოველთვის იოლ, ირაციონალურ გზას ვეძებთ, ისეთს, რომ გამოგვაჩენს, გვათქმევინებს - "რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ!", მერე ქუჩაში, სადარბაზოში ნაგავს დავყრით, ავტობუსის სავარძლებს დავხევთ... მაგრამ იმის თქმის არ შეგვრცხვება, რომ ავაშენეთ ბარსელონა საქართველოში. კეთილ საქმეს კი აუცილებლად გაუჩნდება მოწინააღმდეგე, ჰოდა, ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია და თუ მტერი არაა, ის უნდა გამოიგონო. ცხოვრება ფობიებით, მით უმეტეს, ჩაკეტილი სივრცის ყოფილი ქვეყნისათვის ბუნებრივიცაა. საზოგადოება კი რატომღაც არ განიხილება, როგორც ცალკეულ ადამიანთა ერთობლიობა და მხოლოდ ელექტორატის პარადიგმაში იწერება.
დემოკრატია - თანასწორობა და თავისუფლება - ყოველივე ეს სამოქალაქო საზოგადოებაზე `დგას~. ალბათ, გინახავთ პოლიციის საიმიჯო ვიდეორგოლი, რომელმაც ჯერ გულწრფელად აღმაშფოთა, შემდეგ კი სიბრალული გამიჩინა იმ პიარტექნოლოგების მიმართ, რომლებმაც გულწრფელად გასცეს სახელმწიფოს რეალური, ფასადური დამოკიდებულება ხალხისადმი: ვიდეოთი მხოლოდ ლამაზად ჩაცმული პოლიციელები, მანქანები და შენობები დაგვათვალიერებინეს, თუმცა რა ხდება შიგნით? ზოგადად, პიარი ცუდი არ არის, მაგრამ დღემდე რჩება გამოუძინებელი გახმაურებული საქმეები, მოსმენები თუ დასმენები. აი, სამოქალაქო საზოგადოებას არც ამ კლიპზე გამოუთქვამს თავისი აზრი, არც "იმიტირებულ ქრონიკაზე". ტყუილთან კონფორმიზმი მომგებიანი აღმოჩნდა თითქოს, პასუხისმგებლობა მეორეხარისხოვანი გახდა. საქართველოში ორმაგი სტანდარტების ფონზე, ხალხის გადაბირება, ანგარების მეშვეობით, იოლად მისაღწევიც შეიქმნა და ვერ მოხერხდა უთავბოლო ემოციების რაციონალიზმით ჩანაცვლება. ზოგადად, ჩვენთან სამოქალაქო საზოგადოება არც არსებობს, რადგან არ არსებობს სამოქალაქო განათლება. თითქოს არის უნდობლობა წესრიგისადმი. სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებისათვის სულაც არ არის საჭირო მიტინგომანია ან ისტერიული ლანძღვა-გინება.
სამოქალაქო საზოგადოება მაშინ შედგება, როცა იგი თავად იქნება მონაწილე შექმნილი პროცესების და არ ექნება მექანიკური როლი. აი, ისე, ფედერიკო ფელინის ფილმში "ხომალდი კი მიცურავს", ხომალდი გლორია N-ის უმისამართო ცურვის მსგავსად. ხშირად გავიგონებთ პოლიტიკოსებისა თუ ჟურნალისტებისაგან, რომ ყოველივე ხალხის დაკვეთაა, მაგრამ მანიპულირების მეშვეობით თავად უყალიბებენ ადამიანს ცუდ გემოვნებას, შემდეგ თავს იმართლებენ, ესაა უმრავლესობის ნებაო.
რამდენად შეიძლება არსებობდეს სამოქალაქო საზოგადოება ჩვენში, როცა ინდივიდები დღემდე მოითხოვენ, ელიან ფეტიშიზმის ობიექტს ან ობიექტებს. როგორც ჩანს, მოგვწონს ირაციონალური რევოლუციები და ისტორიული გამოცდილებით ვერ მოვახერხეთ რეფორმაცია, ნიველირება ნარცისიზმისა.
ანდროპოვის ყურები დავანგრიეთ, მუშათა და კოლმეურნეთა ქანდაკებებიც, მაგრამ პიედისტალები შემოვინახეთ ახლის მოლოდინში, ალბათ, კვლავ გვაქვს სევდა თუ არა, ნოსტალგია მაინც.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ალბათ, ბუნებრივად დაისმება შეკითხვა: სად ვართ ახლა? თამაზ წივწივაძის სტატიის სათაურისა არ იყოს, "გაიღვიძე, გრიშა ბიძია, დეპოში ვართ, დეპოში!"



თინათინ მილორავა
19 წლის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი

თავისუფალი მეტყველება

თავისუფალი ადამიანი - ეს უდიდესი მონაპოვარია საზოგადოებისათვის, მაგრამ გადაჭარბებულმა თავისუფლებამ შეიძლება ცუდი შედეგი მოგვიტანოს. სამწუხაროდ, თავისუფლებისაგან ბევრი ცუდი მივიღეთ. ამჟამად მხოლოდ ერთი პრობლემის განხილვას შევეცდები.
დღეს, საზოგადოებისათვის ენერგიის მიმცემი და შეიძლება ითქვას, მამოძრავებელი ძალა ტელევიზიაა. გვინდა თუ არა, ტელევიზია თითოეულ ჩვენგანზე გავლენას ახდენს. დღის განმავლობაში ადამიანი ტელევიზორთან სულ მცირე ერთ საათს მაინც ატარებს. განსაკუთრებით ბევრი მაყურებელი საინფორმაციო გადაცემებს ჰყავს. სწორედ საინფორმაციო გადაცემებიდან შემოდის უამრავი ახალი სიტყვა ქართულ ენაში, რომლებიც ხშირად თარგმანის გარეშე გამოიყენება. მართალია, ენა ცოცხალი ორგანიზმია და ცვლილებები ხშირად ხდება ენაში, მაგრამ რატომ უნდა ვიხმაროთ სიტყვა თარგმანის გარეშე, როცა ამ სიტყვას შესანიშნავი ქართული შესატყვისი აქვს?!
თარგმანის გარეშე ხშირად იხმარება სიტყვები: ნიუსი - ამბავი, იმიტაცია - 1. მიბაძვა, 2. გაყალბება, ნეგატიური - უარყოფითი, ოპონენტი - მოწინააღმდეგე, პროვოკაცია - გამოწვევა, პროპაგანდა - გავრცელება, პიკეტირება - პროტესტის გამოხატვა, სმოკინგი - მამაკაცის ტანსაცმელი... ეს მცირე ჩამონათვალია იმ სიტყვებისა, რომლებიც თარგმანის გარეშე დამკვიდრდა ენაში.
ჟურნალისტური ოსტატობა მაშინ მჟღავნდება, როცა ჟურნალისტი სათქმელს წარმოგვიდგენს. ჟურნალისტმა საუბრისას ზედმეტი თავისუფლების გამო თარგმანის გარეშე სიტყვები არ უნდა მოგვაწოდოს, რადგან ეს ქართულ ენას დიდ პრობლემას უქმნის. ბოლოსდაბოლოს, მომავალმა თაობამ არ იფიქროს, რომ ქართული სალექსიკონო მასალის სიმცირის გამო იძულებული ვიყავით საჭიროების გარეშე შემოგვეტანა უცხო სიტყვები ენაში.
პრობლემის მოგვარება თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. ვეცადოთ, ვისაუბროთ ქართულად. ამ შემთხვევაში, არც სახელმწიფო არის უძლური. თუკი სახელმწიფო ორგანო იზრუნებს ენის დაცვაზე, კარგი იქნება. მე არ ვითხოვ ჟურნალისტის დევნას რომელიმე სიტყვის გამოთქმის გამო, მაგრამ კი ვთხოვდი, რომ დაფიქრდეს, როცა ქართული ლექსიკა მრავალფეროვანია. პირველ ეტაპზე სახელმწიფო უნდა ეცადოს სპეციალისტის მიერ შემოწმდეს საინფორმაციო ტექსტები მაინც.
"დედაენის წინაშე ყველანი ცოდვილნი ვართ, მაგრამ თუ ჩვენი სიმრუდე არ აღვნიშნეთ, ვერასოდეს გამოვსწორდებით", - ილია ჭავჭავაძე.



ნათია შალიკიანი
20 წლის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი

დემოკრატია აქცენტით

ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიას თუ გავიხსენებთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეალურად საქართველოში დემოკრატია არ არსებობს. ხოლო მცნება `დემოკრატიული საქართველო~ ჯერ კიდევ ტკბილი სიზმრისა და ლამაზი ოცნების ფაზაში იმყოფება.
დღევანდელ საქართველოში თითქოსდა დემოკრატიის მშენებლობა იწყებაო.
დასავლური დემოკრატიის ფუძემდებლების ნაშრომებზე აღზრდილი დემოკრატები ქართულ დემოკრატიას აშენებენ, მაგრამ ძალზედ საინტერესოა დასავლელ დემოკრატებთან ერთად რა ხარისხის დემოკრატიას ვაშენებთ? ამ მშენებლობის ფასად რის დათმობას მოითხოვენ ჩვენგან? ეროვნული ინტერესების თუ ტერიტორიული მთლიანობის? ორში ერთია: ასეთი დემოკრატიის მშენებლობით დასავლეთი ან დახმარების ხელს გვიწვდის, ან სამუდამოდ მის კისერზე ჩამოკიდებულნი ვრჩებით.
იქნებ, ეს ის დემოკრატიაა, სადაც მეტისმეტად ლამაზადაა შენიღბული დასავლეთის ინტერესები. იქნებ, ეს ყველაფერი დემოკრატია კი არა, დასავლური ორიენტაციის გაპიარებაა და სხვა - არაფერი.
ფაქტი სახეზეა: ქვეყანაში, სადაც ეს თემა ძალზედ აქტუალურია, ამდენს ლაპარაკობენ დემოკრატიაზე და მის მშენებლობაზე, დაუძლეველ პრობლემას წარმოადგენს თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო, გამჭვირვალე არჩევნები, ადამიანთა უუფლებობა და მრავალი სხვა.
საქართველოში რომ დღეს ვითომდა დემოკრატიას აშენებენ, საზოგადოების დიდ ნაწილს რომ თვალზე ბინდს აფარებენ, ასეთ დემოკრატიას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი აკლია - თავისუფლება. სწორედ ამ დემოკრატიის მშენებლობის პროცესში, ქართული საზოგადოება მეტად სერიოზულია და დიდ სიხარულს განიცდის: ვერ იღებს სწორ ინფორმაციას, ვერ პოულობს სამართალს, ვერ აკეთებს თავისუფალ არჩევანს, ვერ გრძნობს თავს დაცულად, ხოლო სახელმწიფო ვარდება უკიდურესად რთულ მდგომარეობაში. ქართულ სასამართლოში იზღუდება სამართალი, მედიაში - სიმართლე, არჩევნებში - თავისუფლება, საზოგადოებაში - უფლებები. ეს ყველაფერი კი იმ დემოკრატიის უკუჩვენებები და ნეგატიური შედეგებია, რომელიც დღეს საქართველოში დასავლელი დემოკრატების ხელით შენდება.
ვერცერთი დასავლელი და ამერიკელი ვერ აგვიშენებს შეუზღუდავ, ჭეშმარიტ დემოკრატიას, გლობალიზაციური სამყაროს ფენომენს, ისეთ დემოკრატიას, ქართულ ჩარჩოებში რომ ჩაჯდება. იმ ვითომდა დემოკრატიას მუდამ დასავლური ან ამერიკული აქცენტი და მახასიათებელი ექნება. ისეთივე უარყოფით შედეგებს გამოიღებს, როგორიც დღევანდელ საქართველოში გვაქვს სახეზე.
ასე ვერაფერს ავაშენებთ, ვერაფერს აგვიშენებდა, ეს ჩვენ უნდა გამოვფხიზლდეთ. ჭკუას და გონებას მოვუხმოთ, ხელები დავიკაპიწოთ, ქართული ძალით და შემართებით დემოკრატიის მშენებლობას შევუდგეთ.
ფსევდო-პატრიოტიზმისა და ეთნოკონფლიქტების გარეშე, ადამიანის უფლებებით, გენდერული თანასწორობით, საარჩევნო კანონების შემუშავებით, ლიბერალიზმით, გამჭვირვალობით, ერთიანობით და ქვეყნის სიყვარულით.
შესაძლოა ძალიან მიამიტურად ჟღერდეს მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა და გამოსავალი, რომელიც მოგვცემს საშუალებას ერთიანი ძალებით ვაშენოთ ჩვენს ქვეყანაში ჭეშმარიტი დემოკრატია, რომელსაც არ ექნება არც დასავლური `აქცენტი~ და არც შენიღბული სახე.


სალომე სულაბერიძე
20 წლის, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სტუდენტი

დემოკრატიის როლი საქართველოში

დღევანდელ პირობებში დემოკრატიული მმართველობის თემა ერთ-ერთი ცენტრალური ასპექტია ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობისა და მისი ჩამოყალიბებისათვის.
ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების მჭიდრო ურთიერთკავშირი, რაც ხელს შეუწყობს, როგორც საზოგადოების, ასევე სახელმწიფო მმართველობის განვითარების ცივილიზებულ გზას.
სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს: არასამთავრობო და არაკომერციულ ორგანიზაციას. მათ უნდა ჰქონდეთ აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება. იგივე შეიძლება ითქვას მუშა მოსამსახურეთა პროფკავშირებზე, ასევე რელიგიურ მოძრაობებსა და ადგილობრივ ეთნიკურ სათვისტომოებზე.
დემოკრატიულ ქვეყანას თუ ვქმნით, აუცილებელია საზოგადოებრივი აზრის, თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვა და პრაქტიკულად განხორციელება, რაც ხშირად უგულვებელყოფილია. აქედან გამომდინარე, ქართულ დემოკრატიას არ შეიძლება ეწოდოს სამართლებრივი სახელმწიფო, რომლის საძირკველს კანონის მკაცრი შესრულება და სერული კანონმდებლობა არ წარმოადგენს.
ამის მაგალითია, თუნდაც დღევანდელი მოჩვენებითი სასამართლო, რომელსაც მინდობილი აქვს კანონით ყველა მოქალაქის, სახელმწიფო და საზოგადო ინტერესების უფლებების დაცვა. ან კიდევ ხელისუფლების ის სუბიექტები, რომლებიც პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერების სახით გვევლინება საზოგადოებას, ვითომცდა დემოკრატიული არჩევნების გზით მოსულნი ქართულ ხელისუფლებაში.
ხელისუფლებისა და საზოგადოების ურთიერთობის დემოკრატიული ხელოვნების მაკავშირებელი რგოლია ტელევიზია, რადიო და პრესა. მასმედია საშუალებას აძლევს ადამიანს დროის მცირე მონაკვეთში მიიღოს ინფორმაცია მთელი სამყაროს შესახებ. ქართულ სინამდვილეში მედია ამ მხრივ გადამწყვეტ როლს ასრულებს, მაგრამ ზოგიერთ საინფორმაციო ორგანოს აქვს თავისი პოლიტიკური მიმართულება. ამ ფაქტს აძლიერებს არაობიექტური, ხშირად მიკერძოებული ინფორმაცია და შედეგად არასწორად ინფორმირებული საზოგადოება.
თავისუფალი მასმედია დემოკრატიულ სახელმწიფოში ვლინდება. ინფორმაცია თითოეულ მოქალაქეს ეხმარება საკუთარი აზრის უკეთ ჩამოყალიბებაში, რადგან ინფორმაციაც ხალხის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იყოს.
ამ საკითხთან მიმართებაში, შესაძლებელია პარალელის გავლება პედაგოგისა და სტუდენტის ურთიერთობისას ჩამოყალიბებული აზრი, რაც ახალგაზრდას ეხმარება საზოგადოებასთან ინტეგრირებისას. დემოკრატიის პრინციპი სხვადასხვა ქვეყანაში თანხვედრილია, მაგრამ მისი განვითარების სპეციფიკაა განსხვავებული. საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით, განვითარების პროცესშია, სადაც თავისი სიტყვა უნდა თქვან და კონკრეტული წვლილი შეიტანონ სტუდენტებმა, ახალგაზრდებმა.

ფიქრია კვირიკეიშვილი
19 წლის, წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი

რას მოიტანს სამართლიანი საგაზაფხულო არჩევნები?!

30 მაისს მორიგი არჩევნები გაიმართება, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეს აირჩევს. ამჟამად მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, ღებავენ ფასადებს, აგებენ გზებსა და ცდილობენ, დაასაქმონ ხალხი. ამომრჩეველთა სურვილია, ახალი არჩევნების შედეგებმა მათი საყოფაცხოვრებო პირობები გააუმჯობესონ. ალბათ, გახსოვთ გასულ წლებში ჩატარებული არჩევნების მწარე გამოცდილება, რომელიც მონაწილე პარტიათა შორის დაპირისპირებებითა და ბრალდებებით შემოიფარგლებოდა. ამიტომ, ყველას უნდა, მომავალ არჩევნებზე ასე არ მოხდეს. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დემოკრატიის ახალი ტალღა დაიწყო. ვფიქრობ, დემოკრატიის ყველაზე კარგი გამოვლინება სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა, რომელიც საშუალებას მისცემს ხალხს, საკუთარი არჩევანი გააკეთოს. სამართლიანი არჩევნების შემდეგ სათავეში მოვა ხალხისაგან არჩეული გუნდი. ხალხს, რომელმაც არჩევანი ამა თუ იმ გუნდზე გააკეთა, მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიცია იქნება თუ პოზიცია, გაუჩნდება იმედი უკეთესი ცხოვრებისა, რომლის საუკეთესო და მისაღები გამოხატულება უმუშევართა დასაქმება იქნება.
თუ არასამართლიანი არჩევნები ჩატარდა, ქვეყანაში არსებული დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება. მოხდება დაპირისპირება, ხალხს უკმაყოფილების გრძნობა გაუჩნდება. ამით წინ წასვლის ნაცვლად უკან დავიხევთ. უნდა ვაღიაროთ, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარების საკითხს ვეკიდებით ზერელედ და ისტორიები მეორდება. ვგულისხმობ შიდა დაპირისპირებებს, განხეთქილებებს პარტიებს შორისა და სხვადასხვა შინაარსის მქონე ბრალდებებს. ამიტომ ქვეყანაში სიტუაცია რომ გამოსწორდეს, რაც არ მოგვწონს კარგით რომ შევცვალოთ, უნდა ჩატარდეს დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნები, რაც, შესაბამისად, სხვადასხვა სფეროში მოიტანს სასიკეთო ცვლილებებს.
მე, როგორც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტს, მინდა, იყოს ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი მედია, რომელიც ვფიქრობ, დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში. არ შეიზღუდოს თავისუფალი სიტყვის თქმის უფლება.
როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, გამოსავალს სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში ვხედავ. ვფიქრობ, ეს ქვეყანას განამტკიცებს და ხალხს სასიკეთო ცვლილებებს მოუტანს, მაგრამ ვინ იცის, დრო რას მოიტანს. დაველოდოთ მას.





2 comments:

  1. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  2. "ნათია შალიკიანი 20 წლის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი" - ჩემს აზრებს ახმაურებს ეს ადამიანი! ბრავო!

    ReplyDelete