ქუთაისის ადგილობრივ ბიუჯეტში ჩასმული პროგრამა „კორპუსი“ 127 400 ლარით გაიზარდა. მრავალსართულიანი კორპუსების მოწესრიგების პროგრამამ დამატებითი თანხები მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესული ცვლილების საფუძველზე მიიღო.
მერიის საბინაო სამსახურის უფროსის კახა ხვარეშიას განმარტებით, პროგრამისთვის დამატებული თანხები მიზანმიმართულად დაიხარჯება. ხვარეშიას განმარტებით, დამატებული თანხიდან 7000 ლარი საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ნაგავშემკრები ბუნკერების გასაუქმებლად დაიხარჯება. „ეს თანხა მოხმარდება საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ნაგვის ბუნკერების გაუქმებას. კონკრეტულად კი იმ მილების გაწმენდას და დეზინფექციას, სადაც ბუნკერები იყო. ამის შესახებ თავად მოქალაქეებმა მოგვმართეს. კორპუსებში არსებული ნაგავშემკრები ბუნკერების ნაცვლად მათ ეზოში ნაგვის ბუნკერები დაიდგმება“, - ამბობს კახა ხვარეშია. საბინაო სამსახურის უფროსის განმარტებით, აღნიშნული სამუშაოების შემსრულებელი ფირმის გამოსავლენად ტენდერი 10 დღეში გამოცხადდება.
ქუთაისში არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში ბუნკერების გაუქმების პირველი (საპილოტე) ეტაპი ერთ თვეში დაიწყება და ის მხოლოდ 12 საცხოვრებელ კორპუსს, დაახლოებით 54 ბუნკერის გაუქმებას ითვალისწინებს. დარჩენილ კორპუსებში ბუნკერების გაუქმება კი ეტაპობრივად მოხდება.
რაც შეეხება პროგრამა კორპუსს დამატებული თანხის სხვა ნაწილს - 120 400 ლარს, ის მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების გადახურვას უნდა მოხმარდეს.
პროგრამა „კორპუსისთვის“ მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. აქედან, მხოლოდ 150 000 ლარი ერგო საცხოვრებელი კორპუსების გადხურვას. „ამიტომ აუცილებელი იყო კორპუსების გდასახური მასალების შესაძენად დამატებითი თანხების გამოყოფა. ბიუჯეტში ჩადებულ 150 000 ლარს დაემატება 120 400 ლარი და ამით ქალაქში არსებული საცხოვრებელი კორპუსების მეტი ნაწილის გადახურვა მოხდება“, - განმარტავს ხვარეშია. მისივე თქმით, მიმდინარე წელს ქუთაისში სულ 200 კორპუსის გადახურვაა დაგეგმილი.
თეკლა მორგოშია
No comments:
Post a Comment