ქუთაისში, „რესპუბლიკური პარტიის“ 7 წევრს გუშინ ღამით, ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა სახლში მიაკითხეს და ქალაქის სამმართველოში წაყოლა მოსთხოვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნატო ქათამაძე ავრცელებს. მისი თქმით, საპატრულო პოლიციის მანქანით ვინმე ზაზა გეგეშიძე გუშინ ღამით ნინო მდივნიშვილის სახლში უწყების გარეშე მივიდა და უთხრა, რომ ქალაქის სამმართველოში პროკურორი იბარებდა. ნინო მდივნიშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ რიგებში ირიცხება. თუმცა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ოჯახური პირობების გათვალისწინებით პარტიასთან აქტიურად ვერ თანამშრომლობდა.
„მდივნიშვილისთვის არ აუხსნია რა უნდოდათ მისგან. უბრალოდ, უთხრა, რომ ამას სამმართველოში მისვლის შემდეგ გაიგებდა. მე რა თქმა უნდა, ნინოს წაყვანის უფლება არ მივეცი. ახლა საქმეში იურისტები ჩაერთვნენ. ხელისუფლებას ფანტაზია სანამდე ეყოფა არ ვიცი,“ - ამბობს ნატო ქათამაძე.
ნატო ქათამაძის თქმით, მის მიერ ოფიციალური წერილის მოთხოვნის შემდეგ, სამართალდამცველებმა აღნიშნული უწყება გაამზადეს და მოგვიანებით ისე მივიდნენ პარტიის სხვა წევრებთან: თამთა სვანიძესთან, თინა და თეა სიგუებთან, ბენია მეფარიშვილთან, თეონა ქათამაძესთან და ბესიკ ჩიტორელიძესთან. პოლიციის გამომძიებელთან გამოცხადების წერილი ორგანიზაციის ხელმძღვანელმაც მიიღო.
ქრისტინა ქარჩხაძე
No comments:
Post a Comment