„ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პოლიტიკური გაერთიანებებისათვის დადგენილია პოლიტიკური საქმიანობისათვის მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების გამჭვირვალობის ვალდებულება. საქართველოს მოქალაქეებს კანონმდებლობით უფლება აქვთ ჰქონდეთ სრული ინფორმაცია პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების კანონიერებაზე და გამჭვირვალობაზე.
პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ პოლიტიკური ორგანიზაციებისგან მიღებული საფინანსო დეკლარაციების აუდიტის პროცესში დადგენილ იქნა, რომ ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ მიერ გაწეული ხარჯები -სახელფასო, რემონტის, ოფისის იჯარის და ა.შ., არ შეესაბამება რეალობას და არ არის ასახული მათ მიერ სამსახურში წარმოდგენილ დეკლარაციებში. მხედველობაში გვაქვს მაგალითად, ფართოდ რეკლამირებული ოფისების გახსნა, რაც კანონით ნებადართული საქმიანობაა, თუმცა ასახული უნდა იყოს შესაბამის ფინანსურ ანგარიშგებებში და აღნიშნული მოთხოვნა არ არის დაცული. სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს იმ პირთა გამოკითხვა, რომელთაც აქვთ ინფორმაცია ზემოაღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით, რათა დადგინდეს რა ფაქტობრივი ხარჯებია გაწეული და რამდენად გამჭვირვალეა ეს თანხები.
ამ ეტაპზე დადასტურებულია ინფორმაცია, რომ მაგალითად, ოფისის საიჯარო კონტრაქტები დადებული არა პოლიტიკური გაერთიანების, ან ფიზიკური პირის მიერ შემოწირულობის სახით, როგორც ამას კანონი მოითხოვს არამედ კერძო ფირმების-ძირითადად კი კომპანია შპს „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ, მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს კერძო ფირმების მიერ პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსებას. ასეთივე დადასტურებული ინფორმაციებია სახელფასო უზრუნველყოფასთან, რემონტის ხარჯებთან და სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით. აღნიშნული განხორციელებულია ე.წ. „შავი ფულის“ სქემებით, კანონის გვერდის ავლის მიზნით და პოლიტიკური გამჭვირვალობის სხვა მოთხოვნების უგულვებელყოფით. აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება მონიტორინგის პროცესის დასრულებისთანავე.
ფინანსური მონიტორინგის სამსახური აცხადებს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად, გარანტირებულია პოლიტიკური შეხედულებებისა და საქმიანობის თავისუფლებით, პოლიტიკური ორგანიზაციებისათვის შემოწირულობის განხორციელების თავისუფლებით. მოქალაქეებს უფლება აქვთ შეაგროვონ ხელმოწერები ცალკეული სუბიექტების მხარდასაჭერად, გაავრცელონ სააგიტაციო მასალა და ა.შ., მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ საქმიანობაში როგორც მოხალისედ, ასევე შესაბამისი კანონიერი ანაზღაურების ფარგლებში. ამდენად, მონიტორინგის მიზანს არ წარმოადგენს და არც შეიძლება წარმოადგენდეს ცალკეული პირების პოლიტიკური საქმიანობის შესწავლა.
ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე,“ - ნათქვამია პოლიტიკური გაერთიანებების მონიტორინგის სამსახური განცხადებაში.
No comments:
Post a Comment