„ეს ოფისი პრობლემების გადასაწყვეტად და წარმატების მისაღწევად შეიქმნა. ეს იქნება თავისუფალი აზრისა და ქართული ოცნების ახდენის დასაყრდენი. ჩვენ ამ გზაზე ვერც ერთი ავაზაკი ვერ შეგვაჩერებს,“ – ასე განმარტა წყალტუბოში გახსნილი ოფისის დანიშნულება „ქართული ოცნების“ წევრმა გია ცაგარეიშვილმა.
პოლიტიკურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ წყალტუბოში ოფისის პრეზენტაცია დღეს გამართა. ღონისძიებას კოალიციის წევრებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც ესწრებოდა. ოფისში საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა და ახალგაზრდული ფრთაც ჩამოყალიბდა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებით, ოფისი 24–საათიან რეჟიმში იმუშავებს და მოსახლეობისათვის საინტერესო ყველა კითხვას უპასუხებენ. მათი თქმით, კოალიციის გააქტიურების პარალელურად, ხელისუფლება ხალხის დაშინების პრაქტიკას მიმართავს.
„ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის ერთ–ერთი წევრის გიორგი ვოლსკის თქმით, წყალტუბოში მოსახლეობა შიშის ქვეშ იმყოფება. შესაბამისად, აღნიშნული მიზეზით პრეზენტაციაზე დასწრების მსურველმა ბევრმა ადამიანმა მისვლა ვერ შეძლო. „სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მუქარის ძალით პრეზენტაციაზე მოსვლა გადააფიქრებინეს,“ – განაცხადა ვოლსკმა.
პრეზენტაციის მიმდინარეობისას „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმებიც გაჟღერდა. კერძოდ, მიმდინარე თვის ბოლომდე კოალიცია იმერეთის ყველა რაიონში აპირებს ოფისის გახსნას. წყალტუბოს შემდეგ, მორიგი პრეზენტაციის ადგილად ვანის რაიონი სახელდება. ცნობილი ხდება ისიც, რომ უახლოეს პერიოდში წყალტუბოს „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ესტუმრება, რომელიც მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს. აპრილის შუა რიცხვებში კი კოალიცია 5–თვიანი მოღვაწეობის პროგრამის გამოქვეყნებასაც გეგმავს.
„ყველგან ვაპირებთ სტრუქტურის ჩამოყალიბებას და ყოველი ხმისთვის ბრძოლას. თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს იმ გზით წავიდეს, რა გზითაც უვლიათ უკანასკნლი 10 წლის მანძილზე, ისინი შესაბამის პასუხს მიიღებენ ყველა სოფელში. ეს არის გზავნილი თბილისიდან. ხალხის აზვირთებული მასა წალეკავს ნებისმიერ ავაზაკ ხელისუფალს,“ – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
ქრისტინა ქარჩხაძე
No comments:
Post a Comment