ქუთაისის მერიის მართვის ტერიტორიულ ორგანოების რწმუნებულებს ხელფასები გაეზარდათ. მომატებული ხელფასის რაოდენობამ 420 ლარი შეადგინა. ამიერიდან, რწმუნებულები 380 ლარის ნაცვალად - 800 ლარს აიღებენ. ქალაქში სულ 12 მართვის ტერიტორიული ორგანოა.
მართვის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებისთვის ხელფასების მომატების გადაწყეტილება 21 მარტს გამართულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. საკრებულომ რწმუნებულებისთვის ხელფასების მომატების გადაწყვეტილება „ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მომსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განკვეთების დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში ცვლილების საფუძველზე მიიღო.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებისთვის ხელფასების მომატებით, საჯარო მოხელთა ხელფასების ზრდის პირველი ეტაპი დაიწყო. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თენგიზ თოფურიძე განმარატავს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ ყველა საჯარო მოხელეს ხელფასი ეტაპობრივად გაეზრდება.
„ამ ეტაპზე შეიცვალა ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულების ხელფასების ზედა ზღვრული ლიმიტი. რადგან ეს ადამიანები ძალიან მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგნენ ადგილობრივ თვითმმართველობაში. მათი საქმე ძალიან შრომატევადია. მე თუ მკითხავთ, ეს ადამიანები მეტსაც იმსახურებენ", - განმარტავს თენგიზ თოფურიძე.
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მატების ტენდენცია მისაღებია, რადგან: „ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ დაბალი ანაზღაურებისა და მისი საქმიანობითვის შეუფერებელი ხელფასის მქონე საჯარო მოხელე უფრო მიდრეკილია კორუფციისკენ. ასევე, დაბალი ანაზღაურების შემთხვევაში მისი შრომისუნარიანობის მაჩვენებელიც დაბალი იქნება. ეს რომ არ დაგვემართოს და არ გაგვირთულდეს საქმე, სრულიად მისაღებია ზოგადად საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მომატება და მათთვის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება", - ამბობს თენგიზ თოფურიძე.
ქუთაისის მერიაში მიიჩნევენ, რომ ნებისმიერ ქვეყანაში და ქალაქში საჯარო მოსამსახურეებზე და პოლიტიკოსებზე ხელფასები მაღალანაზღაურებადი უნდა იყოს.
მართვის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებისთვის ხელფასების მომატებას დადებითად აფასებს საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი „ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი. „ნებისმიერმა საჯარო მოხელემ ხელფასის აღების დროს თავი შეურაცხყოფილად ნამდვილად არ უნდა იგრძნოს. ნებისმიერ ადამიანს ღირსეული ხელფასი უნდა ჰქონდეს", - ამბობს დავით დვალი. ერთადერთი საკითხი, რაზეც „ქრისტიან-დემოკრატ" დვალს გული წყდება, ის არის, რომ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მომატება არა ეტაპობრივად, არამედ ერთდროულად უნდა ხდებოდეს.
„არანაირი წინააღმდეგი არ ვარ ხელფასების მომატების. უბრალოდ, გული მწყდება, რომ ეს პროცესი ერთიანად არ მოხდა", - აღნიშნავს დვალი.
რწმუნებულებისთვის ხელფასების მომატებას კრიტიკულად აფასებს „ახალი მემარჯვენეების" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, საკრებულოს წევრი მამუკა მღვდელაძე: „არჩევნები უკვე კარზეა მომდგარი. ამ ხალხს რამდენიმე თვით ადრე მისცეს მოტივაცია, რათა არჩევნებზე „კარგად" იმუშაონ. საკრებულოს ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი წავედი", - ამბობს მამუკა მღვდელაძე.
„მამუკას ხმა გინდ ყოფილა, გინდ - არა. ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. მაგრამ დასანანია, რომ ორი წლის განმავლობაში ასეთ აბსურდულ განცხადებებს აკეთებს", - აღნიშნა საკითხის კენიჭისყრის დროს უმრავლესობის წარმომადგენელმა დავით გოგისვანიძემ.
თავად, მერიის რწმუნებული ძელქვიანის ტერიტორიული ორგანოში ლაშა სოხაძე განმარტავს, რომ ხელფასების მომატებით მოხდა მათი შრომის დაფასება. „ეს არის პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე. ვფიქრობ, რომ ამ ჟესტით მხოლოდ და მხოლოდ იმ შრომის დაფასება მოხდა, რომელიც გვიწევს მართვის ტერიტორიულ ორგანოებში. ეს არ უკავშირდება არჩევნებს. არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა", - ამბობს ლაშა სოხაძე.
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ხელფასების მომატება მიმდინარე წლის იანვარში, პრეზიდენტის ბრძანებულებაში შესული ცვლილებების საფუძველზე მოხდა. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 2005 წლის 29 აგვისტოს არის გამოცემული და ის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მომსახურეთა შრომის ანაზღაურების საკითხებს ითვალისწიენებს.
„სწორედ ამ ბრძანებულებით რეგულირდება ჩემი ხელფასიც", - ამბობს თოფურიძე. მისივე თქმით, პრეზიდენტის ბრძანებულების თანხმად თვითმმართველ ქალაქებს შესაძლებლობა მიეცათ გაეზარდათ ხელფასები თავიანთი თანამშრომლებისთვის. „შეიძლებოდა საერთოდ არც გაზრდილიყო, მაგრამ როცა პრეზიდენტი გრთავს ამის ნებას, რატომ არ უნდა გამოიყენო ეს საშუალება. რატომაც არა? თან როცა ქალაქს აქვს ამის რესურუსი და ეს იხარჯება მიზანმიმართულად საჭიროებისამებრ. ვფიქრობ, რომ ნებისმიერ პოლიტიკოსს, ნებისმიერ პატრიოტს უნდა უხაროდეს თავის ქვეყანაში ხელფასების მომატება", - ამბობს თენგიზ თოფურიძე.
მერიაში განმარტავენ, რომ საჯარო მოხელეებისათვის გაზრილი ხელფასებით თანხები სხვა პროგრამებს არ აკლდება. „ეს არის თავისუფალი თანხები, რომელიც ჩვენს ქალაქს შემოსავლებიდან გააჩნია", - ირწმუნება თოფურიძე.
თეკლა მორგოშია
No comments:
Post a Comment