შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სალარო აპარატების გაუმართაობისა და ქვითრის არ ამორტყმის შედეგად გამოწერილი ჯარიმებიდან 2010-2011 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტში 11 მილიონზე მეტი ლარი შევიდა.
მეწარმეებისათვის გამოწერილი ჯარიმების საკითხით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი დაინტერესდა. როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ ორგანიზაციისათვის მიწოდებული მონაცემებიდან ირკვევა, ჯარიმების გზით 2010 წელს სახელმწიფოს ბიუჯეტში 6 255 400 ლარი შევიდა, ხოლო 2011 წელს ბიუჯეტი 4 894 910 ლარით შეივსო.
„ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს შორის ერთ-ერთი საგადასახადო სფეროს რეფორმაა. როგორც ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა აღნიშნული, 2003 წელს მოქმედი 26 სახის გადასახადიდან, 2008 წელს მხოლოდ 6 სახის გადასახადი დარჩა, რომელიც დღესაც მოქმედებს. სამაგიეროდ, გადასახადების კატეგორიის შემცირების პარალელურად, ბიუჯეტის შემოსულობებმაც იმატა. მაგალითად, თუ 2005 წელს ბიუჯეტის შემოსულობების ოდენობა 1837 მილიონი ლარი იყო, 2010 წელს ეს მაჩვენებელი 4592 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
„აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელი გახდა საგადასახადო ადმინისტრირების სფეროში კორუფციის აღმოფხვრით, ახლებური მიდგომით და ადმინისტრირების ეფექტურობის გაზრდით. შეიცვალა მიდგომა გადასახადის გადამხდელის მიმართ და მკაცრი მაკონტროლებლის ნაცვლად გადასახადის გადამხდელებს შემოსავლების სამსახურის სახით გამოუჩნდა სანდო პარტნიორი, რომელიც პრობლემების მოგვარებაში ეხმარება," - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის რეფორმებთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
რეფორმის ფარგლებში შემოსავლების სამსახურმა ისეთი ინსტიტუტები დანერგა, როგორიცაა საგადასახადო ოფიცრისა თუ პირადი აგენტის მომსახურება. როგორც ირკვევა, მეწარმეეებს აღნიშნული ინსტიტუტისა და მისი წარმომადგენლების შესახებ „გულახდილი" საუბარი უჭირთ. ისინი ხშირ შემთხვევაში თავს იკავებენ საუბრისგან და ამბობენ მხოლოდ იმას, რომ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან შეხება არ აქვთ. ხოლო ვინც საუბრის სურვილს გამოთქვამს, ანონიმურობის გარანტიებს ითხოვს.
„ხშირად არ მაქვს ურთიერთობა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან. ძირითადად სალარო აპარატს ვიყენებთ. მხოლოდ ერთხელ დამაჯარიმეს სალარო აპარატის არ ქონის გამო," - ამბობს ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზრობაზე მოვაჭრე შიო ჩაკვეტაძე.
შიო ჩაკვეტაძე მცირე მეწარმის კატეგორიას ეკუთვნის. მისი მაღაზიის წლიური ბრუნვა 36 000 ლარამდეა. ამბობს, რომ კანონი უნდა დაიცვას და პრობლემებიც არ ექნება. ამჟამად მოვაჭრე ელექტრონული დეკლარაციის წარსადგენად ემზადება, რომელიც შემოსავლების სამსახურში მიმდინარე წლის 1 აპრილს უნდა ჩააბაროს. გასულ წელს მეწარმეებმა ელექტრნული დეკლარაცია წარადგინეს სამსახურში. ფურცლებიდან ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას მიმდინარე წელსაც ვარაუდობენ.
როგორც მეწარმეების საუბარზე დაყრდნობით ირკვეევა, შემოსავლების სამსახური მეწარმეებისათვის საქმეს „ამარტივებს". მიმდინარე წლის აპრილიდან მოვაჭრეებისათვის სარეალიზაციო და რეალიზებული საქონლის აღრიცხვის წესი იცვლება.
„არ ვიცი, ჩემთვის ეს მომგებიანი იქნება თუ წამგებიანი, მაგრამ სახელმწიფო ნამდვილად მოიგებს. მეწარმეები ფიქსირებული არიან საგადასახადო ინსპექციაში. ამ ცვლილებით ვერც ერთი მეწარმე სახელმწიფოს შემოსავალს ვერ დაუმალავს და ბიუჯეტში ფული შევა. თუ მე სარეალიზაციოდ ვთქვათ, 5 ლიტრი ზეთი ავიღე, ეს სამსახურისთვის უკვე ცნობილია" -ამბობს ერთ-ერთი მეწარმე.
მეწარმე უარყოფით შეფასებას აძლევს ძველი სალარო აპარატების ახლით ჩანაცვლების ტენდენციას. მისი თქმით, სალარო აპარატები, რომელიც 1 წლის წინ შეიძინეს, შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა რჩევით, სანაგვე ყუთებისკენ უნდა წაიღონ. სალარო აპარატების შესაძენად მეწარმეებისათვის შეთავაზებულ განვადებას, მოვაჭრეთა უკმაყოფილების თავიდან აცილების მცდელობით ხსნის.
„მე სასმელ-საჭმელი არ მიჭირს, მაგრამ ხალხი ისედაც ცუდ დღეშია და ასე არ უნდა მოქცეოდნენ. თუ ელემენტარულად ყველაფერი დაგვითვალეს, მუშაობა გაგვიჭირდება. ჩვენ მაღაზიები იჯარით გვაქვს აღებული. მეიჯარე კერძო პირია. მას როგრც უნდა, ისეთ ფასს დაადებს. იჯარის ქირა ყოველთვიურად 500 ლარამდე მიდის. შეიძლება ამან პროდუქციაზე ფასების ზრდაც მოგვცეს," -ამბობს მეწარმე.
მოვაჭრე შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა მხრიდან ჩადენილ უკანონობებზეც საუბრობს. მისი თქმით, მათ საქმიანობაში ძალიან ბევრი კანონთან შეუსაბამო საქციელია.
„რამდენჯერ ვყოფილვარ მსგავსი ფაქტის მომსწრე, როდესაც შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ჯგუფურად დადიოდნენ. ერთი მაგალითად 10-თეთრიან პარკს ჩამოხსნიდა, მეორე ამ ყველაფერს აკვირდებოდა. ამ დროს გამყიდველი დაკავებული იყო, სხვა კლიენტს ემსახურებოდა და თუ ის „ჩეკს" არ გამოწერდა, მაშინ ამ უკანასკნელს აჯარიმებდნენ," - ამბობს მეწარმე.
აღსანიშნავია, რომ საგადასახადო აგენტების გამომძალველობაზე საუბრობენ მოქალაქეებიც და აღნიშნავენ, რომ მეწარმეთა დაჯარიმების მოსურნე სამსახურის თანამშრომლები თავად ახდენენ მეწარმეთა პროვოცირებას.
მოქალაქეებისა და მეწარმეების საპასუხოდ, შემოსავლების სამსახური ურთიერთობის სიმარტივეზე საუბრობს, მათ შორის სატელევიზიო რეკლამის საშუალებითაც. ბოლო დროს ტელეეთერის საშუალებით სამსახური უბნის საგადასახადო ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ აცნობს საზოგადოებას და შეახსენებს, რომ მათი კონსულტაციის შემდეგ მეწარმისათვის ცხოვრება და სამსახურთან ურთიერთობა მარტივია.
ქრისტინა ქარჩხაძე
No comments:
Post a Comment