ქალთა უფლებების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში მცხოვრებ დევნილ ქალებს სემინარი ჩაუტარდათ.
სემინარი 3 დღიანი იყო (5-7 მარტი) და ის დღეს დასრულდა. „ადგილობრივი ქალების ინფორმირებულობის ამაღლების ხელშეწყობის კამპანიის“ ფარგლებში სემინარი „კონსტიტუციის 42–ე მუხლის“ ორგანიზებით ჩატარდა. აღნიშნული პროექტი „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ ფინანსური მხარდაჭერითა და ფონდ „ტასოს“ პარტნიორობით ხორციელდება.
3 დღიანი სემინარის ფარგლებში „კონსტიტუციის 42–ე მუხლის“ ექსპერტებმა განიხილეს ქალთა განვითარების მოკლე ისტორია, მათი ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში, ქალების მოღვაწეობა ბიზნესის სფეროში, ოჯახი და ქალთა უფლებები.
„სასოფლო რაიონებში მცხოვრებ ქალებში ინფორმირებულობის ამაღლების ხელშემწყობი კამპანიების“ ფარგლებში ორგანიზაციამ მსგავსი ტიპის სემინარები საქართველოს 6 რეგიონის სხვადასხვა სოფელში ( წინკარი, სკრა, ტირძნისი, დიდი გარეჯვარი, კოკი) ჩაატარა. სემინარის დასასრულს ექსპერტებმა დევნილებს მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაუწიეს.
„სემინარი ძალიან მომეწონა. ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მივიღე. განსაკუთრებით საინტერესო იყო კაზუსების განხილვა. გააჩნია მიღებულ ინფორმაციას ვინ როგორ გამოიყენებს, მაგრამ მსგავსი პროექტები აუცილებელია,“ – ამბობს სემინარის ერთ-ერთი მონაწილე ირენა დამენია.
„კონსტიტუციის 42–ე მუხლი“ მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების როლის გაზრდის მიზნით, მათი ინფორმირებულობის ამაღლება მნიშვნელოვანი საკითხია.
ქრისტინა ქარჩხაძე
No comments:
Post a Comment