ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ექსპედიციების შედეგები შეაჯამეს. 2011-2012 წლებში განხორციელებული სამეცნიერო კვლევითი ექსპედიციების პრეზენტაცია უნივერსიტეტში დღეს გაიმართა. პრეზენტაცია იმ კანიონებისა და გამოქვაბულების შესწავლის საკითხებს შეეხო, სადაც უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ირაკლი ჯულაყიძის ხელმძღვანელობით საერთაშორისო ექსპედიციები მოეწყო. გასული წლის აგვისტოში 2 დღიანი ექსპედიციით დაილაშქრა სატრედიის რაიონში ოკაცეს კანიონი. ხოლო, მიმდინარე წლის იანვარში ერთდღიანი ექსპედიაცია შედგა თერჯოლის რაიონ სოფელ გოდოგანში არსებულ ნაპრალში.
ოკაცეს კანიონიში განხორციელებული ექსპედიცია მოიცავდა სამტრედიის რაიონ სოფელ გორდიდან ცხენისწყლის შესართავამდე ექვსკილომეტრიან მარშრუტს. ექსპედიციის მომდევნო მარშრუტი თერჯოლის რაიონ სოფელ გოდოგანში მცოვრები შიო ჭირაქაძის კარ-მიდამოში არსებული ნაპრალი იყო, რომელიც გელათისა და მოწამეთის ტაძრების გამოქვაბულთა სისტემას უერთდება. ნაპრალში არის 50 მეტრის სიმაღლის დარბაზი, 25-მეტრიანი ვერტიკალური და 250-მეტრიანი ჰორიზონტალური კედლით. იქ ცოცხალი ორგანიზმები ბინადრობენ.
განხორციელებულ ექსპედიციას ირაკლი ჯულაყიძემ `დაზვერვა” უწოდა, რადგან მონაწილეებმა ნაპრალში არსებულ ტბაში შესვლა ვერ შეძლეს, საჭირო აპარატურის (ე.წ. დრაივერის) არქონის გამო.
ირაკლი ჯულაყიძის თქმით, მსგავსი ექსპედიციების ჩატარება ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია. `ჩვენი ექსპედიცია მიეკუთვნება ექსტერემალური ტურიზმის სახეობას, რაც ტურისტებს ძალიან მოსწონთ და სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - ამბობს ირაკლი ჯულაყიძე, რომლის ხელმძღვანელობით ექსპედიციების ჩატარებას 14 წლიანი ისტორია აქვს. ამ დროისათვის მოწყობილი ექსპედიციების რიცხვი 35-ს აღწევს.
ექსპედიციაში მონაწილეთა რაოდენობა და ხანგრძლივობა სამარშრუტო გეგმაზეა დამოკიდებული. მონაწილეთა რაოდენობა საშუალოდ 6-დან 15-მდე მერყეობს. ექსპედიციის ხანგრძლივობა 3 დღიდან ერთ თვემდე გრძელდება.
მიმდინარე წელს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი 5 ექსპედიციის ჩატარებას აპირებს, რომელთაგან ყველაზე ხანგრძლივი ხვამლის მთის დალაშქვრა იქნება. ხვამლზე ექსპედიცია ივლისის ბოლოსთვის მოეწყობა და ის ორი კვირა გაგრძელდება. რაც შეეხება სხვა ექსპედიციებს, უკვე ცნობილია რომ ექსპედიცია მოეწყობა ცუცხვათის გამოქვაბულში, მეფისწყაროს მთაზე, რაჭაში - დოლომისის მწვერვალზე და ხერთვისის გამოქვაბულში.
ნინო გულუა
No comments:
Post a Comment