წყალტუბოში, სანატორიუმ „ცისკარის" მიმდებარე ტერიტორიაზე პარლამენტის წევრთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დაახლოებით 2 თვის წინ დაიწყო. თუმცა, სამუშაოების მიმდინარეობა-შეჩერების შესახებ განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება.
ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის გადმოტანის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს წევრთა საცხოვრებელ ადგილად წყალტუბო ქალაქთან სიახლოვის კრიტერიუმით შეირჩა. კანონმდებელთა საცხოვრებლების მშენებლობა წყალტუბოში რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარეობს. ადგილზე, სადაც მშენებლობა დაიწყო, „საქართველოს ბანკის" შენობა იყო განთავსებული. ამჟამად ბანკის ყოფილ ტერიტორიას მესერი აქვს შემოვლებული. ადგილზე მობილიზებულია სამშენებლო ტექნიკა და მასალები.
სამუშაოებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებას ტერიტორიაზე მყოფი პირებისაგან შევეცადეთ. პარლამენტარების მომავალ საცხოვრებელთან ჩვენი ყოფნის მომენტისთვის ტერიტორიაზე რამდენიმე მუშა, დაცვის სამსახურის წარმომადგენელი და სამუშაოთა ზედამხედველი იმყოფებოდა. ამ დროისათვის კანონმდებელთა განთავსების ადგილას მხოლოდ ორი მცირე ზომის შენობაა, რომელიც სავარაუდოდ მშენებლობაზე დასაქმებული პირების დროებითი საცხოვრებლის ფუნქციას შეიძენს. მუშები აღნიშნულ სახლებს აწყობენ.
მათგან რაიმეს გარკვევის მცდელობა ამაო აღმოჩნდა. საუბრის სურვილს არც მუშები და არც მათი ზედამხედველი გამოთქვამენ. ეს უკანასკნელი სამუშაოების დაწყების ფაქტს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ერთ დღეს სამუშაოები ისე შეწყდა, მათთვის არავის არაფერი აუხსნია.
რამდენად შეესაბამება აღნიშნული სიმართლეს, ამის გარკვევას ტერიტორიის დაცვის თანამშრომელთან შევეცადეთ, რომელმაც განმარტა, რომ იმ ტერიტორიაზე ის „ყველაფერს წარმოადგენდა". თუმცა, მისგან მხოლოდ ის შევიტყვეთ, რომ გასულ კვირაში ტერიტორიაზე რკინის მასალა მიიტანეს. დარჩენილ დეტალებზე საუბარი დაცვის თანამშრომელს აუკრძალეს.
პარლამენტართა სახლების მშენებლობის ადგილას მყოფი ერთ-ერთი პირმა განგვიმარტა, რომ ტერიტორიაზე სახელმწიფო ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს და ამის გამო ფოტოს გადაღებაც აკრძალულია. მისი თქმით, თუ ჟურნალისტი მის განკარგულებას არ დაემორჩილებოდა, შესაბამის ზომებს მიმართავდა.
„ტერიტორიაზე არ შეხვიდე. თუ არ გაჩერდები, დავრეკავ და ისინი მოგხედავენ. ფოტოაპარატს ჩამოგართმევენ, იცოდე. მაინც ვის აინტერესებს ამის მშენებლობა?", - ამბობდა ის.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტართა განთავსების კიდევ ერთ ადგილად რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სანატორიუმი „ცისკარი" განიხილებოდა. აღნიშნულ სანატორიუმში მაცხოვრებლებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი გასული წლის ბოლოს შეხვდა და მათ განსახლების გეგმაზე ესაუბრა. დევნილების თქმით, მაჭავარიანი მათი ოაჯხის წევრებს პარლამენტართა სახლის მშენებლობაზე დასაქმებას დაპირდა, თუმცა როგორც დევნილები ამბობენ, მათგან რეალურად არავინ დასაქმებულა. თავად დევნილები კი გასული წლის დეკემბერში გადაიყვანეს სანატორიუმიდან და წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩაზე ახლადაშენებულ სახლებში გადაიყვანეს. სანატორიუმი „ცისკარი" ამ დროისათვის დაცარიელებულია. მის ჭიშკარზე ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვაა მინიშნებული.
როგორც ირკვევა, პარლამენტარებისათვის სახლების აშენებას კომპანია „მაგისტილი" უზრუნველყოფს. იგივე კომპანია ახორციელებს ქუთაისში პარლამენტის მშენებლობას.
პარლამენტართა დაბინავებისათვის გათვალისწინებული თანხების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. უწყებაში გვიპასუხეს, რომ კითხვაზე პასუხს ვერ გაგვცემდნენ. ჩვენთვის სასურველ კითხვაზე პასუხი არც იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში აღმოაჩნდათ, სადაც აცხადებენ, რომ საკითხი ცენტრალურ დონეზე წყდება.
როგორც ირკვევა, პარლამენტართა სახლებისათვის მშენებლების შერჩევა ისე მოხდა, რომ პროცესმა წყალტუბოში დამატებითი სამუშაო ადგილები ვერ შექმნა. დაუსაქმებელი დარჩა სამუშაოს მაძიებელი ადგილობრივი მკვიდრი. აღნიშნული პიროვნება სამუშაოს ზედამხედველთან დასაქმების თხოვნით ჩვენი იქ ყოფნის დროს მივიდა. თუმცა, დამსაქმებლისაგან უარი მიიღო იმ მიზეზით, რომ მას სამუშაოზე თავისი ხალხი უკვე ჰყავდა აყვანილი.
აღსანიშნავია, რომ სამუშაოებთან დაკავშირებით მუშებისაგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა საღარეიშვილი. მისი თქმით, პარლამენტართა სახლების მშენებლობა დაიწყო და მიმდინარეობს კიდეც.
„სამუშაოები შეჩერებული იყო უამინდობის გამო. ფუნდამენტი უკვე ამოღებულია. სხვა, რაც იყო გასაკეთებელი, ორმო ამოსათხრელი და ბეტონი დასასხმელი, ცუდი ამინდის გამო ვერ აკეთებდნენ," - ამბობს საღარეიშვილი.
მისი თქმით, მშენებლობაზე ადგილობრივი მუშები არიან დასაქმებული. საღარეიშვილის ინფორმაციით, პარლამენტარებისათვის სამი 5-სართულიანი კორპუსი აშენდება. თუმცა, კორპუსების ჩაბარების ვადა ამ დროისათვის განუსაზღვრელია.
„მშენებლობის პროექტი არ მინახავს. იმ დროისათვის, როდესაც პარლამენტი გაიხსნება, მშენებლობა დასრულებული არ იქნება," - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.
სამუშაოებთან დაკავშირებით განსხვავებული ვერსიის არსებობის ფონზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამუშაოების შეჩერების ოფიციალური მიზეზი ტერიტორიაზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული დავაა. თუმცა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე აღნიშნულს უარყოფს და აცხადებს, რომ ტერიტორია აქამდე კერძო საკუთრებას წარმოადგენდა, მისი მფლობელი შპს „ნიკე" იყო. ამ ეტაპზე აღნიშნული ნაკვეთი უკვე გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში.
წყალტუბოში მაცხოვრებელთა თქმით, მხოლოდ პარლამენტართა სახლები ქალაქს ვერ გადაარჩენს, თუ სასიკეთო ცვლილებები მოსახლეობასაც არ შეეხო.
„თვითონ პარლამენტარებისათვის სახლების მშენებლობა არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ ინფრასტრუქტურა შეიცვლება. წყალტუბოსთვის უპირველეს ყოვლისა, ისევე როგორც მთელი საქართველოსთვის, პრობლემები არის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა," - ამბობს წყალტუბოს მკვიდრი ლონდა კვარაცხელია.
როგორც ირკვევა, პარლამენტართა სახლების გარდა, 26 მაისისთვის შესაძლოა, ვერც პარლამენტის აშენება დასრულდეს, რადგან მომავალი 2 თვის ვადაში მუშებმა შენობის დასრულება, მისი გადახურვაც, გარემონტებაც, ტერიტორიაზე ფილაქნების დაგებაც, განათების სისტემის დამონტაჟებაც, წყლების ამოშრობა და ტერიტორიის გამწვანებაც უნდა უზრუნველყონ.
ქრისტინა ქარჩხაძე
No comments:
Post a Comment