ქუთაისში, ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარის დასახვედრად ემზადებიან. ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახურის მიერ მობილიზებული ტექნიკა ოპერის თეატრის მიმდებარე ტერიტორიას თოვლისგან წმენდს. დასუფთავების ღონისძიებები მიმდინარეობს ოპერის თეატრშიც. სწორედ აქ უნდა შეხვდეს დავით ბაქრაძე ქუთაისელ სტუდენტებს.
ოპერის თეატრის გარეთ ამ წუთებში სტუდენტები იკრიბებიან. ამ დროისთვის 30-მდე სტუდენტია შეკრებილი. როგორც ისინი აცხადებენ, ჯერჯერობით მათთვის უცნობია, თუ რა თემაზე შედგება დავით ბაქრაძესთან შეხვედრა.
პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ქუთაისელ სტუდენტებთან მიმდინარე წლის 8 თებერვალსაც შედგა. მაშინ ბაქრაძემ სტუდენტებს პარლამენტის ქუთაისში გადმოტანის აუცილებლობაზე ესაუბრა. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადმოტანა დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. რაც ახალგაზრდების დასაქმების კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
პარლამენტის თავმჯდომარესთან სტუდენტების დღევანდელი შეხვედრა, როგორც ისინი აცხადებენ, მერიის ახალგაზრდული სამსახურის ორგანიზებით ხდება.
ოპერის თეატრში დავით ბაქრაძეს 13:00 საათისათვის ელოდებიან. სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ, ოპერის თეატრიდან პარლამენტის თავმჯდომარე დ. კაკაბაძის გალერიაში გადაინაცვებს. სადაც გამოფენას დაათვალიერებს. შემდეგ კი ბაქრაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდება.
ქრისტინა ქარჩხაძე
No comments:
Post a Comment