Monday, March 26, 2012

საქართველოში ყველაზე დიდი სარაგბო კომპლექსი ქუთაისში შენდება




ქუთაისში რაგბის კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების მწარმოებლები აცხადებენ, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისის სარაგბო კომპლექსი საქართველოში ყველაზე მასშტაბური იქნება.

4 თანამედროვე ტიპის მოედანი, ხელოვნური და ბუნებრივი საფარით, ღია და დახურული ტრიბუნებით, 4 სართულიანი (52 ადგილიანი სასტუმრო - საცურაო აუზით, რაგბის აკადემიის შენობა, თავისი საკონფერენციო დარბაზით, კვების ობიექტებით და ქვიშის მოედნით - ასეთ სახეს მიიღეს ქუთაისში აშენებული სარაგბო კომპლექსი.

ქუთაისში, ე. წ. ,,პასილოკის“ ტერიტორიაზე რაგბის კომპლექსის მშენებლობა 2011 წლის ივლისში დაიწყო. პირველი ეტაპის სამუშაოებზე 8 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ასოციაცია ,,ატუსი“ (,,ქართუ ჯგუფი“) ახორციელებს, საქართველოს რაგბის კავშირის მოწვევით.

,,პირველ ეტაპზე ორ მოედანს ვაშენებთ თავისი ტრიბუნებით. აქვე მოეწყობა გასახდელები, საშხაპეები და სხვა ადმინისტრაციულ-საყოფაცხოვრებო სათავსოები,“ - ამბობს სამუშაოთა მწარმოებელი გოჩა კოღუაშვილი. მისი თქმით, „ქართუ ჯგუფის“ მიერ მშენებლობისთვის გაღებული თანხები ქველმოქმედებაა.

„ქართ ჯგუფს“ მსგავსი პროექტები უკვე განხორციელებული აქვს სხვა ქალაქებშიც, მათ შორის თბილიშიც. მაგრამ ასეთი მასშტაბური სარაგბო კომპლექსი არსად არის,“ - ამბობს გოჩა კოღუაშვილი.

ადგილი, სადაც ქუთაისში რაგბის კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ყოფილი ტერიტორიაა. კომპლექსის მშენებლობის გამო, ამჟამად ტერიტორიის მეაღნაგე საქართველოს რაგბის კავშირია. (მეაღნაგე, პირი, რომელიც თითქმის იგივე უფლებებით სარგებლობს, როგორც ტერიტორიისა თუ ნებისმიერი საკუთრების მფლობელი).

ამ ეტაპზე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დახურული ტრიბუნის მოსაწყობად ხორცელდება. აღნიშნული ტრიბუნა 3000 მაყურებელზეა გათვლილი. ეს იქნება ტრიბუნა ცენტრალური, ბუნებრივსაფარიანი მოედნისათვის. რომლის მოსაწყობად სამუშაოები უკვე დაწყებულია. კომპლექსის ტერიტორიაზე უკვე აშენებულია საქვაბე და დამხმარე შენობა. ასევე, დაგეგმილია მანქანების სადგომი მოედნების მოწყობა.

პირველი ეტაპის ფარგლებში მოხდება კიდევ ერთი ბუნებრივსაფარიანი მოედნის აშენება, თავისი ღია ტრიბუნით.

აღნიშნული მოედნების გარდა, სარაგბო კომპლექსში კიდევ ერთი ბუნებრივსაფარიანი და ერთი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოუწყობა. მათივე ღია ტრიბუნებით (2 ტრიბუნა). ღია ტრიბუნები ჯამში 3500 (2000, 1000 და 500) ადამიანზე იქნება გათვლილი.

თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი რაგბის კომპლექსის პირველი ეტაპის მშენებლობა 2013 წელს უნდა დასრულდეს, რომლის შემდეგ კომპლექსის საბოლოო სახის მისაღებად, მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყება.

ანა ჯანაშია

No comments:

Post a Comment