Saturday, March 31, 2012

სამოქალაქო სოლიდარობის აქცია ქუთაისში


ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვა, თავისუფალი მედია, სამართლიანი არჩევნები, განათლების უფლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - ამ მოთხოვნებით დღეს 17:00 საათზე „სამოქალაქო სოლიდარობის“ აქცია ქუთაისშიც გაიმართა. ცენტრალურ ბაღში გამართული აქციით ქუთაისი თბილსში მიმდინარე აქციას შეუერთდა. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ქუთაისში აქციაზე მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფკავშირების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

აქცია სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. ის მიზნად ისახავდა სამოქალაქო პოზიციისა და სოლიდარობის გამოხატვას საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი 6 თემის შესახებ: ადამიანის უფლებები, განათლება, უსაფრთხო გარემო, თავისუფალი მედია, სამართლიანი არჩევნები და კულტურული მემკვიდრეობა. ქუთაისში სოლიდარობის აქციის მოწყობის ორგანიზატორი გაზეთი ახალი გაზეთი იყო.

„ადგილობრივი მედია და სამოქალაქო საზოგადოება გამოვედით ინიციატივით შევერთებოდით თბილისში მიმდინარე მოვლენებს. აქციის მიზანია სამოქალაქო სოლიდარობის მხარდაჭერა და 6 ფუნდამენტური ღირებულების დაცვა. ამ საკითხებზე საზოგადოებამ მეტი აქცენტები უნდა გააკეთოს,“ - აღნიშნა „ახალი გაზეთის“ მთავარმა რედაქტრომა ია ბობოხიძემ.

„ვფიქრობ, რომ დემოკრატიის მშენელობა ესაა პროცესი და ამ პროცესში ყველა ეტაპზე არის საბრძოლო. ნებისმიერი აქცია, რომელიც იმართება, არის აუცილებელი და მნშივნელოვანი. ესაა მოწოდება და სიმბოლო, რომ საზოგადოება ყოველთვის უნდა იყოს აქტიური,“- ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „თაობათა დიალოგის“ ხელმძღვანელი ნუგზარ კოხრეიძე.

„ყველა გამოტანილი საკითხი მნიშვნელოვანია. ადამიანის უფებების დაცვა ეს ფუნდამენტური პრინციპია,“ - ამბობს „რადიო ძველი ქალაქის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ზვიად ხუჯაძემ.

„სოლიდარობა, თანადგომა და მხარდაჭერა - ესაა ჩემი საქთმელი,“ – აღნიშნა საქართვლოს პროფკავშირების ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი იობიძემ.

თეო ხარაბაძე

Friday, March 30, 2012

სავალდებულო 50-ლარიანი გადასახადი სასაფლაოების პროექტისათვის


ქუთაისში, სასაფლაოების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, სპეციალური პროექტის შედგენა, ნებართვის გაცემა და 50 ლარის გადახდა სავალდებულო გახდა. ცვლილება ქუთაისის საკრებულოს ინიცირებულია, თუმცა დელეგირებული უფლებამოსილება მან მერიას გადასცა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ადგილობრივ თვითმმართველობაში საკითხის ოპერატიულად გადაწყვეტის აუცილებლობით ხსნიან.

,,50-ლარიანი პაკეტი გულისხმობს პროექტის შედგენას, იმისათვის რომ სასაფლაოების მოწყობა არ იყოს ქაოსური, ექვემდებარებოდეს რაღაც წესს. ამ მიმართულებით სასაფლაოს ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს. ამითა არის ეს ცვლილება განპირობებული. ყველასთვის უნდა არსებობდეს ერთი განსაზღვრული ფორმა. ეს თანხა გადასახდელია იმისთვის, რომ მხოლოდ პროექტი გაიცეს, ხოლო დარჩენილი სამუშაოების შესრულებაში შეზღუდვედი არ წესდება. ვინ განახორციელებს მოსაპირკეთებელ სამუშაოებს, ვინ ბეტონს ჩაასხამს და ასე შემდეგ, ამაზე გადაწყვეტილებას, ცხადია, ჩვენ ვერ მივიღებთ. ამით ხელს ვუშლით კერძო ბიზნესს. იმ ფირმებს, რომლებიც ამ ბიზნესში არიან, არანაირი შეზღუდვები არ ექნებათ,“ - აღნიშნა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა მერაბ მეშველიანმა.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მამუკა მღვდელაძე მიიჩნევს, რომ ცვლილება არაეთიკურია და იგი ხალხისგან ფულის გამოძალვის კიდევ ერთი მცდელობაა.

,,ამ ხელისუფლებას ნებისმიერი დაგეგმარება ისე აქვს, რომ ხალხისგან რაც შეიძლება მეტი თანხა ამოიღოს. მხოლოდ ამაზე არინ ორიენტირებულნი. თუმცა, ეს სასპეკულაციო თემა ნამდვილად არ არის. გათვლები სწორი გაკეთებულია, რადგან, ეს ისეთი თემაა, რომელიც ყველა ოჯახს ეხება. არ შეიძლება, ყველაფერი ფულის ამოღებაზე იყოს ორიენტირებული. ეს გადაწყვეტილება, ვფიქრობ, არაეთიკურია,“ - ამბობს მამუკა მღვდელაძე.

ადგილობრივი მოსახლეობა მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და ფიქრობს, რომ ხელისუფლება მათ აზრს არ ითვალისწინებს: ,,ქვეყანაში მოსახლეობას არავიან ეკითხება, რა უნდა. ეს გადაწყვეტილება მოქალაქეების დაუკითხავად მიიღეს, რაც ძალიან ცუდი ფაქტია. ვფიქრობ, ძალიან სულელური გადაწყვეტილებაა. ჯერ სასაფლაოებს მიხედონ, გაწმინდონ, მოუარონ და შემდეგ გადაწყვიტონ დანარჩენი საკითხები. 50 ლარი ცოტა თანხა ნამდვილად არ არის. უბრალო, მიუსაფარ ადამიანებს ამის საშუალება ნამდვილად არ აქვს. ეს საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ყელში ხელის წაჭერაა,“ - ამბობს ქუთაისში მცხოვრები ლილი ქათამაძე.

,,ყველაფერი ძვირდება ამ ქვეყანაში. გამიგია პროდუქტის გაძვირება, ბევრი რამე შეიძლება გაძვირდეს, მაგრამ, მკვდრის დასაფლავების გაძვირება რაღა უბედურებაა?. ჯერ, ცალკე მიწა რამდენი ჯდება, მერე დამატებული კიდე 50 ლარი, გაჭირვებულმა ადამიანმა როგორ უნდა გადაიხადოს?“- აღნიშნა ქუთაისში მცხოვრებმა ანა თოთაძემ.

ხათუნა მაისურაძე

ქუთაისში ახალი, ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი გაიხსნება


ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ, მერიის თეთრ დარბაზში წყალბურთელების ნაკრებს უმასპინძლა. შეხვედრაზე მერმა ახალი ინციატივა გააჟღერა და ნაკრებს შეჯიბრებებზე ქუთაისის დროშით ასპარეზობა შესთავაზა. ნაკრებმა მიიღო დაპირება, რომ მოწესრიგდება სპორტული ინფრასტრუქტურა და მე-15 სკოლის ბაზაზე მათთვის ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი მოეწყობა: ,,ქუთაისში საჯილდაო ქვად იყო ქცეული სპორტული საცურაო აუზის არარსებობის თემა. ჩვენ დავპირდით მათ, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით, ეს იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ქუთაისის თვითმმართველობისთვის. სულ ცოტა ხანში, ჩვენ გვექნება ახალი ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი ქუთაისში,- განაცხადა ქალაქის მერმა გიორგი თევდორაძემ.

ქუთაისის წყალბურთელთა უმცროსი ასაკის ნაკრებმა, რამდენიმე დღის წინ, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. გუნდმა, საქართველოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ,,თბილისის გუნდებს შევხვდით ფინალურ ტურში. მოვიგეთ სერიოზულ გუნდებთან და მესამე ადგილი დავიკავეთ. ძალიან დიდი წარმატებაა იმ ფონზე, რომ ეს გუნდი დაახლოებით 8 თვეა რაც შეიქმნა. ქუთაისში, 20 წელია საცურაო აუზები არ ფუნქციონირებდა და ,,ლაგუნასგახსნის შემდეგ, იქ დავიწყეთ ვარჯიში. საკუთარი აუზი არ გვაქვს, თუმცა მერი დაგვპირდა პრობლემის გადაწყვეტას, - აღნიშნა წყალბურთში საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა გიორგი ქუთათელაძემ.

,,რამდენიმე თვეა, რაც წყალბურთის ნაკრებში ვარჯიშობ და შეჯიბრებებში ვმონაწილეობ. მართალია, ვარჯიშისთვის საკმარისი დრო და პირობები ჯერ არ გვაქვს, თუმცა, საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებებს მაინც მივაღწიეთ,- ამბობს ქუთაისის წყალბურთელთა გუნდის კაპიტანი გიორგი ცხაკაია.

ქუთაისში წყალბურთელთა ნაკრები წელიწადნახევარია, რაც არსებობს და მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს. უმცროსი ასაკის ნაკრებში 1998-2000 წლიანი ბავშვები ირიცხებიან, უფროსი ასაკის ნაკრებში კი, 1996-1997 წლიანი ახალგაზრდები.

ქალაქის მერი, დღესვე, სტრონგმენ კოტე ჯანაშიასაც შეხვდა და საჩუქრად მობილური ტელეფონი გადასცა. სტრონგმენმა, 20 ქვეყანას შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, მეხუთე ადგილი დაიკავა, მსოფლიო რეიტინგით კი ის პირველ ადგილზეა.

ხათუნა მაისურაძე

დევნილები კობა სუბელიანს ტყუილში ადანაშაულებენ




წყალტუბოში მცხოვრები დევნილები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს ტყუილში ადანაშაულებენ და ავარიული შენობებიდან სასწრაფოდ გაყვანას ითხოვენ. საუბარი ეხება მინისტრ კობა სუბელიანის მიერ პარლამენტში გაკეებულ განცხადებას, როდესაც მან პარლამენტარებს დევნილების განსახლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა: ,,დევნილების ავარიული შენობებიდან გამოყვანის პროცესი შეგვიძლია დასრულებულად მივიჩნიოთ“. წყალტუბოელი დევნილების თქმით კი, იძულებით გადაადგილებული პირებით დაკომპლექტებული კოლექტიური ცენტრები თითქმის, ყველა ამორტიზებულია და იქ ცხოვრება გაუსაძლისია: ,,ირღვევა შენობა. რას ჰგავს აქაურობა ხომ ხედავთ? ოთახები სადაცაა დაინგრევა. საწოლიც კი გადავაადგილე იმის გამო, რომ მეშინოდა თავში არაფერი დამცემოდა. აქ სუბელიანიც იყო და აფციაურიც ორი წლის წინ. ნახეს სანატორიუმი და თქვეს, რომ აქ ცხოვრება საშიშია, მაგრამ ჯერ კიდევ არსად გავუყვანივართ. გვეუბნებოდნენ, თქვენ პირველ რიგში გაგასახლებთო, რადგან ავარიულია შენობაო. დღემდე ველოდებით განსახლებას,- აღნიშნა სანატორიუმ ,,მეგობრობაში მცხოვრებმა დევნილმა თინა კოპალიანმა.

,,სანატორიუმი წყობიდან გამოსული და დანგრეულია. წყალი ჩვენ არ გვაქვს და დენი სულ გვეთიშება. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, ბავშვები გარეთ ვერ გაგვიშვია დანგრეული დერეფნების გამო. ჩამოწერილია ეს სანატორიუმი. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, მაგრამ პატრონი არავინ გვყავს,- გვითხრა დევნილმა გულნარა გოდერიძემ.

დევნილი ფატიმა მეგრელი ფიქრობს, რომ მინისტრმა მთელი საქართველო შეცდომაში შეიყვანა და თავს თავადაც მოტყუებულად გრძნობს. ,,მოტყუებული ვართ ჩვენი მინისტრისგან დევნილები. პარლამენტში გამოსვლისას არასწორი განცხადება გააკეთა. როგორ დასრულდა ავარიული შენობებიდან დევნილთა გაყვანის პროცესი, როცა ჩვენ საშინელ პირობებში ვცხოვრობთ. აქ ცხოვრება საშიშია. ყალი ჩამოდის, ელექტროგაყვანილობას ცეცხლი ეკიდება, ამორტიზებულ შენობაში ვცხოვრობთ,- ამბობენ დევილები.

,,ახალი გაზეთისშეკითხვას, თუ როდის დასრულდება წყალტუბოში, ავარიული შენობებიდან დევნილების განსახლების პროცესი, სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსმა ლიკა ბასლანძემ არ უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ წყალტუბოში სანატორიუმები არა ავარიული შენობების პრინციპით, არამედ ობიექტების სტრატეგიული მნიშვნელობით დაიცალა. 16 ამორტიზებული კოლექტიური ცენტრი კი ამ დრომდე გამოავისუფლებას ელოდება.

ხათუნა მაისურაძე