Saturday, April 7, 2012

ქუთაისში H3N2 ვირუსის 130 შემთხვევა დაფიქსირდა


2012 წელს გრიპის ვირუსი - H3N2 გავრცელდა. სეზონური ვირუსის გამოვლენის შემთხვევები ზამთრის პერიოდიდან დაიწყო. თუმცა, როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წელს მოსახლეობაში გრიპით დავირუსების ნაკლები რაოდენობა დაფიქსირდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით H3N2 ვირუსით გამოვლენის რაოდენობამ განსაკუთრებით 2012 წლის იანვრში იმატა. სეზონური ვირუსის გავრცელების სამი თვის (იანვარი, თებერვალი, მარტი) მონაცემების მიხედვით H3N2 გრიპის შემთხვევა 130 ადამიანში გამოვლინდა. ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი ხათუნა ნადარეიშვილი ამბობს: ,, გასულ წელს H1N1 ის გამოვლენა დეკემბრიდან დაიწყო და აღნიშნული ვირუსის 788 ჰოსპიტილიზირებული შემთხვევა დაფიქსირდა. წელს გრიპის ჰოსპიტალური შემთხვევები გაცილებით ნაკლებია.“

როგორც ირკვევა, ქუთაისში მიმდინარე წელს, გრიპით დაავადებული ადამიანები, რომლებმაც მედიკოსებს ჩივილებით მიმართეს, ძირითადად ამბოლატორიულ მკურნალობას დაექვემდებარნენ. შედარებით რთული ჩვენებით დაავადებული პაციენტები ჰოსპიტალიზირებული იქნენ. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევები კი მარტში დაფიქსირდა, რომელთაგან 2 ლეტალური შემთხვევით დასრულდა.

H3N2 ვირუსის სიმპტომები მაღალი ტემპერატირით, ხველით, თავის ტკივილითა და უმადობით ხასიათდება. გართულებული მდგომარეობა კი – ბრონქოპლევმონიით, ფილტვების შეშუპებითა და სუნთქვის უკმარისობით. როგორც ეპიდემიოლოგი განმარტავს, მძიმე ჩვენებები უფრო მეტად ჩვილ და ხანდაზმულ ასაკში აღინიშნა. ,,ხანდაზმულ ასაკში, მოხუცებს, რომელთაც ჰქონდათ დიაბეტი ან სხვა დაავადება და გრიპის ვირუსი დაერთო, ასეთი თანდართვის შემთვევაში უფრო მეტად გართულდა მდგომარეობა“ – ამბობს მაია ნადარეიშვილი.

ჩვეულებრივი გრიპის ვირუსისგან H3N2– ლაბორატორიული კვლევებით განსახვავებენ. ეპიდემიოლოგ ნადარეიშვილის თქმით: ,,ცხვირხახის ნაცხის ანალიზის საფუძველზე ხდება H3N2 დადგენა. ეს ანალიზი ძირითადად იმათზე კეთდება, ვინც მოთავსებულია რეანიმაციაში“ .

ეპიდემიოლოგების რჩევით, გრიპის სიმპტომატიკის გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა თავი უნდა აარიდოს თვითნებურ მკურნალობასა და ანტიბიოტიკური პრეპარატების გამოყენებას. ,,თვითმკურნალობით, ხშირ შემთხვევაში, უფრო რთულდება მდგომარეობა. გარდა ამისა, ანტიბიოტიკის ინდივიდუალური შერჩევაა საჭირო სხვადასხვა ასაკისა თუ ჩვენების ადამიანებში,“ – აღნიშნავს მაია დანარეიშვილი.

როგორც ირკვევა, H3N2 ვირუსი გადამდებია. გრიპი ჰაერწვეთოვანი გზითა და ახლო მანძილზე კონტაქტით ვრცელდება. ეპიდემიოლოგების თქმით, ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში ინფიცირებულთან უშუალო კონტაქტსთავი უნდა აარიდონ. ასევე აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა. ,,ჩვენ გავავრცელეთ ფლაერები, სადაც მოსახლეობას ვეუბნებოდით ხშირად დაებანათ ხელები ვირუსების თავიდან აცილების მიზნით. გარდა ამისა, პირბადე უნდა ეკეთოს დაავადებულს და არა ჯანმრთელ ადამიანს,“ ამბობს მაია ნადარეიშვილი.

ანა ჯანაშია

No comments:

Post a Comment