„პროფესიულ განათლებას ენიჭება განსაკუთრებული მიდგომა ჩვენს ქვეყანაში. ევროპული გამოცდილების გაზიარება ყურადღებას საჭიროებს საზოგადოების მხრიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ადამიანების დასაქმების კუთხით და ჩვენი ქალაქისთვისაც,“ - აღნიშნა ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ პროფესიული კოლეჯის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან შეხვედრისას.
გიორგი თევდორაძემ პროფესიულ კოლეჯ „იბერიას“ სტუდენტებსა და მასწავლებლებს მერიის თეთრ დარბაზში უმასპინძლა. აღნიშნული სასწავლებლის სტუდენტებისა და პედაგოგების 26-კაციანი შემადგენლობა მიმდინარე წლის მაისში პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაემგზავრება. ისინი 5 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით საწარმოო პრაქტიკას გაივლიან შემდეგ სპეციალობებში: სამკერვალო დარგის სპეციალისტი, ავტომობილის ზეინკალ-შემდუღებელი, ინფორმაციული ტექნოლოგი, კომპიუტერული გრაფიკოსი და სასტუმრო საქმის სპეციალისტი.
„მოხარული ვარ რომ მივემგზავრები პოზნანში, სადაც საშუალება მომეცემა ავითვისო ახალი ტექნოლოგიები და შევეცდებით სიახლეები ჩამოვიტანოთ,“ - ამბობს პროფესიული კოლეჯის სტუდენტი ეკა ხურციძე.
პოლონეთის ქალაქ პოზნანში საწარმოო პრაქტიკის გავლა პროგრამის - „პროფესია და მარკეტი“ ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული პროგრამა, რომელიც პროფესიული სასწავლებლები მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის განვითარების ზრდის ხელშეწყობას ემსახურება, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული.
ქრისტინა ქარჩხაძე
No comments:
Post a Comment