ქუთაისის „ნიღბების თეატრი“ სამი წელია შენობის გარეშეა დარჩენილი. საფიჩხიაზე, „ხარაზოვის ბაღში“ განთავსებულ შენობას, რომელსაც თეატრი იკავებდა, ჭერი ჩამოენგრა და მთლიანად მწყობრიდან გამოვიდა. დანგრეულ თეატრში სპექტაკლები აღარ იმართება. თუმცა გარკვეულ „თეატრალურ“ ფუნქციას ის მაინც ინარჩუნებს - დეკორაციებისა და რეკვიზიტების სათავსს წარმოადგენს.
შენობის გარეთ დარჩენილი თეატრი მოძრავ რეჟიმზეა გადასული და გასტროლებისა და მიწვევების გრაფიკით ცდილობს თავის გადარჩენას. „ზოგჯერ პირდაპირ მანქანაში ვდგამთ სპექტაკლებს“, - ამბობს „ნიღბების თეატრის“ დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი დავით ჯიშკარიანი.
თუმცა, თეატრი ცდილობს ფორმა არ დაკარგოს. „სხვადასხვა ფესტივალებზე გვიწვევენ. შარშან, მაგალითად, კონკურსში, რომელშიც ორმოცამდე თეატრი იღებდა მონაწილეობას, სახელმწიფო თეატრების ხუთეულში გავედით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო თეატრი არა ვართ. წელს კი თურქეთის ერთ-ერთი ქალაქის მერი გვეწვია და თურქეთში თეატრალურ ფესტივალზე მიგვიწვია“, - ამბობს დავით ჯიშკარიანი.
მანამდე, თეატრი ქუთაისის სკოლებისა და ბაღების სააქტო დარბაზებში მართავს წარმოდგენებს. ასევე, ბავშთა გასართობ ცენტრებში. ამით პუბლიკასთან კონტაქტს ინარჩუნებს. 12 სპექტაკლის გარდა, რაც მათ რეპერტუარშია, თეატრი აგრძელებს ახალ დადგმებზე მუშაობას. „ახლახან დავდგით ახალი სპექტაკლი „მეფე ლომის წვეულება“, იმედი გვაქვს მას მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე ვითამაშებთ მაისში“, - ამბობს „ნიღბების თეატრის“ ხელმძღვანელი.
სპექტაკლებთან ერთად დავით ჯიშკარიანი იმ პროექტებზეც მსჯელობს, რაც მაგალითად, სახელმწიფომ შეუძლია თეატრებისთვის გააკეთოს. „თუკი თეატრს აქვს პრეტენზია, რომ იგი თეატრია, სურვილი მექნებოდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილიყო კომისია, რომელიც შეამოწმებდა თეატრს, რამდენად აკმაყოფილებს კრიტერიუმებს: როგორი რეპერტუარი აქვს, ყავს თუ არა მსახიობები, უყვარს თუ არა მაყურებელს და ა.შ. თუკი ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა – დაფინანსებულიყო, თუნდაც ერთი წლით, რომ მას ეფუნქციონირა. თუ ვერ ივარგებდა, სხვა გავიდოდა და ასეთი კონკურსის სახე მისცემოდა. ამასთან ერთად, თუკი სახელმწიფო კეთილ ნებას გამოიჩენდა, ყველა რაიონს თხოვდა, რომ თითო სპექტაკლი შეესყიდა, ამით ბავშვებსაც გავახარებდით და თეატრსაც წაადგებოდა რაღაც“, - მიაჩნია დავით ჯიშკარიანს.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ამ „სავარაუდო კომისიის“ წინაშე წარმატების მიღწევაში დარწმუნებულია. „ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა თეატრშიც, მერე სკოლებსა ან ბაღებში, რომ იქ ჩვენ სპექტაკლს წარმატება არ ჰქონოდეს და ბევრი „ბრავო“ არ დაგვემსახურებინოს“, - ამბობს „ნიღბების თეატრის“ ხელმძღვანელი.
წარმატების მიზეზს დავით ჯიშკარიანი თეატრის სპეციფიკურობასა და უნიკალურობაში ხედავს. „ნიღბების თეატრი სხვა ქვეყნებშიც ფუნქციონირებს, მაგრამ ჩვენსას ისიც გამოარჩევს მათგან, რომ ჩვენს თეატრში ყველაფერი ხელით კეთდება, ხელით იქსოვება, იქარგება, იხატება, როგორც მხატვარს ტილოსთან ისეთი დამოკიდებულება გვაქვს ნიღბების მიმართ და ეს განსაკუთრებულობას ანიჭებს თოთოეულ ნიღაბს “, - ამბობს დავით ჯიშკარიანი.
„ნიღბების თეატრი“ სახელმწიფოდან დამოუკიდებლად 21 წელია ფუნქციონირებდა. ამ ეტაპზე ვითარება შეიცვლა - დამოუკიდებელი თეატრი თავის გადარჩენის პრობლემის წინაშე დგას. სადღეისოდ სახელმწიფოს მხრიდან არასახელმწიფო თეატრისადმი დახმარება ღონისძიებებში ჩართვით გამოიხატება. „ნიღბების თეატრი“ დღესასწაულებთან დაკავშირებულ ყველა კულტურულ ღონისძიებაშია ჩართული, რაც ქალაქის მასშტაბით ტარდება. ამასთან ერთად აპარატურითაც ვეხმარებით“, - ამბობს ქალაქის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი თემურ ცამციშვილი.
ეკა კუხალაშვილი
No comments:
Post a Comment