დევნილთა განსახლების
დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილეს დღეს ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრში. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის ორგანიზებით ანიშნულ
თემაზე საჯარო დებატები გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დევნილთა მიმართ სახელმწიფო
სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ასევე,
მისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეების განხილვა.
„ყველაზე მნიშვნელოვან
პრობლემად გამოიკვეთა ის, რომ დევნილთა განსახლების პროცესში, რეგისტრაციის ადგილზე
არ ხდება მათი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება. იმერეთის რეგიონიდან დევნილების
განსახლება და სახლების რეაბილიტაცია მოხდა ფოთსა და ბათუმში. სასურველი იყო, მათი
ინტეგრირება იმავე რეგიონებში მომხდარიყო, სადაც მანამდე ცხოვროვდნენ. რეალურად, მათთვის
საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება არ მომხდარა,“ - აღნიშნა „ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორმა ნოდარ ჯიქიამ.
დებატებში არასამთავრობო
ორგანიზაციები, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და თავად იძულებით გადაადგილებული
პირები მონაწილებდნენ. შეხვედრაზე განსახლების
პროცესში გამოვლენილ პრობლემებსა და დარღვევებზე
ისაუბრეს.
,,სტრატეგიის დოკუმენტი
ნორმალურადაა შედგენილი, მაგრამ სხვა საქმეა, რამდენად განხორციელდა სტრატეგიის მიხედვით
განსახლების პროცესი. მიმაჩნია, რომ იმერეთის რეგიონში ძალიან ბევრ ფაქტს ჰქონდა ადგილი,
როცა დაირღვა დევნილთა უფლებები და უშუალოდ არ განხორციელდა სტრატეგიის მიხედვით განსახლების
პროცესი,“ - ამბობს დევნილი ლალი გრიგოლავა.
შეხვედრა საია-ს
პროექტის – ,,საქართველოში მაცხოვრებელი დევნილების პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტა“
ფარგლებში გაიმართა.
ხათუნა მაისურაძე
No comments:
Post a Comment