ქართველი მუშახელის უკმაყოფილების პარალელურად, ქარხანა „ჰერკულესის" ადმინისტრაციის მიმართ პრეტენზიები ინდოელ მუშებსაც გაუჩნდათ, რის გამოც საწარმოს ხელმძღვანელობამ მათი ნაწილი სამშობლოში დააბრუნა. კუთვნილი ხელფასების დაგვიანება, შეჩერებული წარმოება და შრომითი კონტრაქტის დარღვევა - ეს ის პრობლემებია, რასაც მეტალურგიულ ქარხანა „ჰერკულესში" დასაქმებული მუშები უჩივიან.
მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესი" ქუთაისში, 2009 წელს, ქართულ-ინდური ინვესტიციით გაიხსნა. საწარმო შპს „ევრაზიანსთლსის" საკუთრებას წარმოადგენს. ქარხანაში დასაქმებული მუშების თქმით, (რომლებიც საუბარს ანონიმურობის გარანტიის პირობით დათანხმდნენ) ქარხნის გახსნის მომენტისთვის იქ მუშაობის მსურველთა რიცხვი საკმაოდ მაღალი იყო.
ანალოგიურად, მაღალი ხელფასები ერიცხებოდათ იქ დასაქმებულ პირებსაც. თუმცა, შემდეგ მდგომარეობა და ანაზღაურების ოდენობაც შეიცვალა, რამაც მუშების უკმაყოფილება გამოიწვია.
„ჩემი სახელი და გვარი არ თქვათ, თორემ შესაძლოა, ამ საღამოს იარაღი და ნარკოტიკიც ნახონ ჩემს სახლში. ქარხანა რომ გაიხსნა, ყველა დასაქმებული კმაყოფილი იყო. გახარებულმა ხალხმა ჟურნალისტებს ინტერივიუები მისცა. თითოეული დადებითად საუბრობდა საწარმოზე და ასეც იყო, თუმცა ქარხნის გახსნის შემდეგ ყველაფერი აირია," - ამბობს ერთ-ერთი მუშა.
მუშების თქმით, ამ ეტაპზე ქარხანაში წარმოება შეჩერებულია. საწარმო მუშაობას თვეში რამდენიმე დღით ანახლებს და კვლავ ჩერდება. ისინი აღნიშნულის მიზეზად ქარხანასა და ჯართის მიმწოდებლებს შორის უთანხმოებას ასახელებენ. მათი თქმით, ისეთი შემთხვევაც იყო, როდესაც ჯართის მომწოდებელმა ფული საერთოდ ვერ აიღო, ამიტომ სანაცვლოდ, ქარხნიდან ჯართის ღირებულების „არმატურა" წაიღო.
ქარხანაში დასაქმებული მუშებისათვის გაურკვეველია ანაზღაურების ოდენობა და მისი გაცემის ვადები. მათი თქმით, სამუშაო კონტრაქტების ნაწილში მითითებულია, რომ ხელფასები ყოველი თვის 10 რიცხვამდე უნდა გაიცეს.
„თვის განმავლობაში 5, 8 ან 9 დღეს ვმუშაობთ. ამ წუთში ჩვენი ძირითადი პრობლემაა ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებული გაურკვევლობა. თებერვლის ხელფასი ჯერ არ აგვიღია. მარტში მხოლოდ 8 დღე ვიმუშავეთ. ისიც არ ვიცით, დღეში რამდენი გვეწერება. ამას მხოლოდ ხელფასის დარიცხვის შემდეგ ვიგებთ. არ ვიცით ხელფასებს რა პრინციპით რიცხავენ, რადგან 2 მუშა ერთი და იმავე მოცულობის სამუშაოს რომ ასრულებს, მათი ანაზღაურება განსხვავებულია. ამას არავინ გვიხსნის. ქარხანაში გვეუბნებიან, ხელფასი ამ კვირაში თუ არ იქნება, იმ კვირაში მოგცემთო," - ამბობენ მუშები.
ქართველი მუშახელი ქარხანაში ინდოელი მუშების კონტინგენტის განახევრებაზეც საუბრობს. მათი თქმით, ინდოელთა ის ნაკადი, რომლებიც პირველ ეტაპზე ჩამოიყვანეს, სამშობლოში დააბრუნეს. ამის მიზეზი თვენახევრის წინ ინდოელების მიერ მოწყობილი გაფიცვა გახდა. მათ ხელფასების დაგვიანება, საკვები და სამუშაო პირობები გააპროტესტეს.
„ინდოელებმა ორჯერ მოაწყვეს გაფიცვა. ამის შემდეგ 150 ინდოელიდან 50-60 კაცი წავიდა. ქარხნის ადმინისტრაცია მათ ხელფასებსა და უკან გასამგზავრებელ ბილეთებს ერთად ურიგებდა," - ამბობენ მუშები.
ინდოელი მუშები ქუთაისში, ქარხანასთან ახლოს, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე კერძო სახლში იყვნენ დაბინავებული. ბინის ქირას მათ ქარხნის ადმინისტრაცია უხდიდა. ამ ეტაპზე აღნიშნულ სახლში მხოლოდ რამდენიმე ინდოელი იმყოფება. სახლის მეპატრონე მათთან დაკავშირებით არ საუბრობს. ამბობს, რომ ინდოელი მუშები მის სახლში ცხოვრობდნენ. მეპატრონემ ბოდიში მოიხადა და სხვა დეტალების გარკვევის მიზნით ქარხნის წარმომადგენლებისათვის მიმართვა გვირჩია. ეს უკანაკნელები კი თბილისში მდებარე ცენტრალური ოფისიდან ნებართვის გარეშე ჟურნალისტებთან აღარ კონტაქტობენ.
ინდოელი მუშების რაოდენობის შემცირებას აღნიშნავენ თაბუკაშვილის ქუჩაზე მაცხოვრებლებიც. აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიის მეპატრონის ტარიელ წივწივაძის თქმით, (სადაც ინდოელი მუშები სიგარეტის შესაძენად დადიან) მისთვის ცნობილია, რომ ინდოელ მუშებს ქარხანაში უფროსთან ჩხუბი მოუვიდათ.
„თვითონ ინდოელები ლაპარაკობდნენ ინდოელ უფროსთან ჩხუბის შესახებ. ამის შემდეგ ისინი აღარ ჩანან," - ამბობს ტარიელ წივწივაძე.
ქარხანა „ჰერკულესში" მომუშავე ქართველი მუშების თქმით, ინდოელთა გარკვეული ნაკადის გაშვების შემდეგ, საწარმოს ხელმძღვანელობამ დარჩენილი ნაწილი ქარხანაში გადმოიყვანა და მის შესასვლელში მდებარე ადმინისტრაციის შენობაში განთავსებულ ფართში დააბინავა. მუშების თქმით, ინდოელებისათვის დაქირავებულ სახლში მხოლოდ ის პირები დარჩნენ, რომლებიც ანგარიშგასაწევი პიროვნებები იყვნენ და ქარხანაში სჭირდებოდათ.
ქარხნის მუშები გასული წლის სექტემბერში მოწყობილი აქციების შემდგომ პერიოდზეც საუბრობენ. აღნიშნული აქციების დროს, ქარხანაში დასაქმებული ქართველი მუშების უმრავლესობა გაიფიცა. მუშები ამბობენ, რომ საპროტესტო გამოსვლების შემდეგ საწარმოში მოჩვენებითი ცვლილებების დრო დაიწყო. აქციების შემდეგ ქარხანაში პროკურატურა შევიდა. გარდა მისა, საწარმოს ამერიკისა და ინგლისის საელჩოების წარმომადგენლები ესტუმრნენ. მუშების თქმით, გაჩერებული ქარხანა ხელმძღვანელობამ მათი ვიზიტის დროისთვის მოჩვენებითად აამუშავა.
„პროკურატურა ქარხანაში 3 დღის განმავლობაში კითხავდა მუშებს. ცვლაში მომუშავე მუშებს სამუშაო ტანსაცმელი დაურიგეს და გაჩერებულ ღუმელებთან დააყენეს. იგივე მოხდა დიპლომატების ვიზიტისას. ინდოელი მუშები მანქანაზე შეყარეს და ისე მიიყვანეს საცხოვრებელში იმის სადემონსტრაციოდ, რა კარგ პირობებში იყვნენ. ამის შემდეგ ეს ხალხი ქარხანაში დააბრუნეს და ახლაც ქარხნის ადმინისტრაციულ შენობებში ცხოვრობენ", - ამბობენ მუშები.
მუშების უფლებების დაცვისა და მათი პრობლემების ადვოკატირების მიზნით გასულ კვირას, ქუთაისში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების რეგიონალური ოფისი გაიხსნა (ქუთაისი, ჭავჭავაძის გამზ. №33). მასში ის მუშები დასაქმდნენ, რომლებიც ქარხანა „ჰერკულესიდან" აქციების შემდეგ პროფკავშირული საქმიანობისთვის გაათავისუფლეს. ოფისი ნებისმიერი დარგის წარმომადგენლებთან ითანამშრომლებს და მათი უფლებების დაცვას შეეცდება. რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ირაკლი იობიძის თქმით, ქარხანაში აქციების შემდეგ დანიშნული ტრანსპორტი, რომელიც თავდაპირველად უფასო იყო, მიმდინარე წლის 1 მარტიდან ფასიანი გახდა, ხოლო სასადილო (რომელმაც 4 თვე შეძლო ფუნქციონირება) 1 თვის წინ დაიხურა.
„4500 ლარი აქვთ მუშებს სასადილოში „ნისია". როდესაც ქარხანაში მაღალი ხელფასები გაიცემოდა, ხალხმა ბანკში კრედიტები გააკეთა. ახლა მას ვეღარ ისტუმრებენ და დავალიანება კიდევ ეზრდებათ. 900 და 1000 ლარს რომ იღებდა ხალხი, ხელფასები 400 ლარზე ჩამოვიდა. ამან გამოიწვია უკმაყოფილება. ისიც მოხდა, რომ ვისზეც მაღალი ხელფასები გაიცა, მათ თანხა უკან მიატანინეს. თქვეს, რომ ბუღალტერს შეცდომა მოუვიდა და ხალხს ზედმეტად დარიცხულ თანხას ხელფასიდან აჭრიდნენ. მათი სტრატეგია ხალხის სტატისტიკურ დასაქმებაში მდგომარეობს. 200 კაცს გაუშვებენ, 100 ადამიანს მიიღებენ და 300 კაცი უკვე დასაქმებულია," - ამბობს ირაკლი იობიძე.
გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანა „ჰერკულესის" გარდა, მუშათა მღელვარებამ ქართულ-ეგვიპტური საწარმო „ფრეშ ჯორჯიაც" მოიცვა. აღნიშნული ქარხნიდან, რომელიც ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ფარგლებში 2009 წელს შეიქმნა, 200 მუშა გაათავისუფლეს. მეტალურგთა პროფკავშირის ხელმძღვანელის თამაზ დოლაბერიძის თქმით, მუშები მათთან კონტაქტს ერიდებიან. ამ მიზეზით მათ უარი თქვეს საკუთარი უფლებების დაცვასა და ქარხანასთან სასამართლო დავაზე.
ქარხნის ხელმძღვანელობის მხრიდან პროფკავშირებთან ურთიერთობის აკრძალვის შესახებ „ჰერკულესელი" მუშებიც საუბრობენ. აქციების შემდეგ მათ ქარხანაში ხელწერილი დაადებინეს, სადაც მუშები აღიარებდნენ დაშვებულ შეცდომას და პირობას დებდნენ, რომ პროფკავშირებთან ყოველგვარ კავშირს გაწყვეტდნენ.
ქრისტინა ქარჩხაძე
No comments:
Post a Comment