Friday, April 6, 2012

მოვაჭრეების დაპირისპირება გრძელდება



ქუთაისში, ჭაჭავაძის გამზირზე, გარემოვაჭრეებსა და მშენებარე ობიექტს თავშეფარებულ მოვაჭრეებს შორის დაპირისპირება გრძელდება. კონფლიქტის მიზეზი დღემდე გადაუნაწილებელი სავაჭრო ობიექტებია. მოვაჭრეები, რომლებიც მშენებარე ობიექტის პირველ სართულზე არიან შეფარებულები, გარემოვაჭრეების შიგნით შეყვანას ითხოვენ.

,,მეც გარეთ ვვაჭრობდი. ჩვენ ვთხოვეთ ობიექტის დირექციას და შენობაში შეგვიფარეს. ახლა, ვართ ასე და ვერაფერს ვყიდით, რადგან მოვაჭრეების ნაწილი შენობის გარეთ ვაჭრობს. ჩვენც ცოდვები ვართ. ესენიც შემოვიდნენ შიგნით, ხალხიც შემოვა, ჩვენც ვივაჭრებთ და ესენიც. მათი გარეთ დგომა, ჩვენ ვაჭრობაში ხელს გვიშლის,“ – აღნიშნა მოვაჭრე თამარ ხურციძემ.

,,ვითხოვთ იმ ადამიანებისგან, რომ შემოვიდნენ ბაზარში და აქ ივაჭრონ.ისინი რომ გარეთ არიან, საერთოდ აღარ შემოდის ხალხი . გამვლელმა იყიდა იქ, წავიდა თავის გზაზე. ჩვენ კი ვდგავართ აქ და ვერაფერს ვეღარ ვყიდით“ – ამბობს ერთ–ერთი გამყიდველი გულნარა მამაგეიშვილი.

გარემოვაჭრეების თქმით კი, ბაზარი უკანონოა და ხალხმა მისი არსებობის შესახებ არაფერი იცის, რის გამოც, შენობის შიგნით პროდუქტის გაყიდვას ვერ ახერხებდნენ.

,,უკანონო ბაზარია. არ აწერია ბაზრობა, ხალხი არ შემოდის და იძულებულნი ვართ, გარეთ გამოვიდეთ, აქ დავდგეთ და გავყიდოთ. თვითონ ბაზარი გვავიწროვებს, ჩივის მერიაში, იქედან ხალხი მოდის და საქონელს გვართმევს“–აღნიშნავს ერთ–ერთმა გარემოვაჭრემ აზა კვერნაძე.

გარემოვაჭრეების თქმით, გუშინ, ადგილზე, მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და მათ ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვება მოთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალის გამოყენებით დაემუქრნენ. ,,პატრულის თანამშრომლებთან ერთად იყვნენ მოსულები მერიის თანამშრომლები. გვითხრეს, რომ თუკი, არ დავემორჩილებით, საქონელს ჩამოგვართმევენ და ჯარიმებს დაგვაკისრებენ. მაშინ, ახალგაზრდა კაცი ვარ, დამასაქმონ და აღარ დავდგები ამ ტალახში, ქუჩაში. გვეუბნებიან, სადაც გინდათ იქ წადით, თავად მოძებნეთ ადგილებიო. ბაზარში არ არის ადგილები. აქ კიდე ბაზარი თუ არის, ხალხმა არ იცის. წარწერები მაინც გააკეთონ, ხალხიც შევა და ჩვენც ვიმუშავებთ შიგნით“– ამბობს მალხაზ ღონღაძე.

,,ახალი გაზეთი“ მშენებარე ობიექტის დირექტორს, დიომინე ფხაკაძესაც გაესაუბრა. მისი განაცხადებით, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო, გარემოვაჭრეების იქ დგომა სახიფათოა. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ბოლომდე უსაფრთხო, არც შენობის შიგა პერიმეტრზე ვაჭრობაა.

,,აქ მიმდინარეობს მშენებლობა, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის და უსაფრთხოებისთვის საჭიროა, რომ ეს ადამიანები აქ არ იდგნენ. რამე რომ ჩამოვარდეს და დაზიანდეს, მშენებლობა უნდა გაჩერდეს, პასუხისგება კი, ჩვენ მოგვიწევს სისხლის სამართლის კოდექსით. მილიონი გაფრთხილების მიუხედავად, არ ტოვებენ ამ ტერიტორიას. შიგნით ვაჭრობაც არ არის მთლად უსაფრთხო, მაგრამ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. ეს ქალაქის ტერიტორიაა, არის გზა და უკანონო გარევაჭრობა არ შეიძლება. ჯარიმა 50 ლარია და თან ჩამორთმევას ექვემდებარება მათი საქონელი“ – აცხადებს დიომინე ფხაკაძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მერიაში კომენტარს არ აკეთებენ. მოვაჭრეები კი, გარე პერიმეტრზე ვაჭრობის ნებართვას, უკიდურეს შემთხვევაში, აღდგომამდე ითხოვენ.

ხათუნა მაისურაძე

No comments:

Post a Comment