ქუთაისში, პარლამენტის მშენებლობაზე, პრობაციონერთა შრომით დისკრიმინაციას უარყოფს და აღნიშნულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს, იმერეთის პრობაციის ბიუროს უფროსი ზაზა კვერნაძე. ,,პირველად მესმის ეს ინფორმაცია. არ ვიცი რა უნდა გითხრათ. წარმოუდგენელია მსგავსი პრეცენდენტი. ჩვენ, პრობაციონერებს დასუფთავების სამსახურში, ხელშეკრულებით ვასაქმებთ და სასჯელს ამით იხდიან. საიდან მოიტანეთ მსგავსი ინფორმაცია, არ ვიცი. ახლა, ქუთაისში, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა სულ ხუთ ადამიანს აქვს მისჯილი,“ – აღნიშნა იმერეთის პრობაციის ბიუროს უფროსმა ზაზა კვერნაძემ.
,,ახალი გაზეთი“ შეეცადა, ქუთაისში დასაქმებულ პრობაციონერებსაც გასაუბრებოდა, თუმცა, ისინი კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებენ. რადგან შიშობენ, რომ ხმის ამოღების შემთხვევაში, სასჯელი კიდევ უფრო დაუმძიმდებათ.
შეგახსენებთ, რომ პრობაციონერთა უფასო მუშახელად გამოყენების ფაქტი, გუშინ, პარტია ,, თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ლიდერმა გოგი წულაიამ გააჟღერა. მისი განცხადებით, თბილისიდან, სპეციალურად, გამოგზავნილი პრობაციის სამსახურის წარმომადგენლები, პირობით მსჯავრდებულებს აიძულებენ, პარლამენტის მშენებლობაზე უფასოდ, ოფიციალური ხელშეკრულების გარეშე იმუშაონ. უფასო მუშახელის დამატების საჭიროებას კი, წულაია დროის სიმცირესა და მშენებლობისთვის გაწერილი თანხის გადახარჯვას უკავშირებს.
ხათუნა მაისურაძე
No comments:
Post a Comment